საქმე №ას-1185-1146-2016 10 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. შ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ. ბ-ნ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბ. ბ. ბ-ნმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებლის უფლებამონაცვლე) მიმართ და მოითხოვა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, კ.წ-ის ქუჩაზე მე-3 სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე #... ბინის (ს/კ #...) მესაკუთრედ მოპასუხის აღრიცხვა, მისთვის 2013 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ მ. შ-ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 400 ევროს, პირგასამტეხლოს _ 7 991 ევროს, ასევე, 2013 წლის 30 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 8 400 ევროს 0,167%-ის დაკისრება, ასევე, თანხის ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის (ზემოხსენებული ს/კ #... უძრავი ქონების) აუქციონზე რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იურიდიულად ის მემკვიდრედ ჯერ არ არის ცნობილი, რის გამოც, წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი) საკუთრებით აღირიცხა მოვალის უფლებამონაცვლის სახელზე, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 400 ევროსა და პირგასამტეხლოს _ 8 400 ევროს 0,03%-ის გადახდა 2013 წლის 30 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა მოვალის საკუთრებად რეგისტრირებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ასაკი და ის მდგომარეობა, რომ მხარე არის პენსიონერი, ამასთანავე, სააპელაციო საჩივარში მოვალე აღნიშნავდა, რომ არ წარმოადგენდა სრულყოფილ მესაკუთრეს, არ ფლობდა იპოთეკის საგანს, რადგანაც ქონება კვლავ კერძო საჩივრის ავტორის გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა, აპელანტი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი და არ აქვს შესაბამისი ფინანსური სახსრები, რაიმე მტკიცებულება, რაც მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა საქმეში არ მოიპოვება;
1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს 10-დღიანი ვადის დაცვით დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 36,79 ლარისა და 336 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი მტიცებულების, ასევე, დასაბუთებული სააპელაციო სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარმდგენა. განჩინებით განემარტა აპელანტს ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.2.3. 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და განმეორებითი გზავნილი, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 9 ნოემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, სიძე ა.მერკვილიშვილს;
1.2.4. ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტს სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით სააპელაციო საჩივარი პალატამ დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მისი ასაკისა და მატერიალური მდგომარეობის (არის პენსიონერი) გათვალისწინებით არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ მიხედვით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომაროებას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესებს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ: პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ, ასევე, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკასაც (კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით). პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა უგულებელყონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, #17, 2006, ECHR). მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაც შეეხება სახელმწიფო პენსიის საკითხს, მართალია, არც ის გარემოებაა დადასტურებული საქმის მასალებით, რომ მხარე სახელმწიფო გასაცემელის მიღებაზე უფლებამოპოვებული პირია (პენსიონერი), თუმცა, ამ ფაქტობრივი გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობა, რამდენადაც პენსიის მიღება წარმოადგენს მხარის უფლებას, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში არა თუ ხარვეზი არ გამოასწორა, არამედ შუამდგომლობითაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. რაც შეეხება მოვალის არგუმენტს, დავის მატერიალურ-სამართლებრივი პრობლემის თაობაზე, იგი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება კერძო საჩივრის ფორმატში. პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური