Facebook Twitter

საქმე №ას-1023-984-2016 13 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ა-ის უფლებამონაცვლე ნ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ბ. და ნ. ა-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. ნ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის (უფლებამონაცვლე ნ. ა-ი), ბ. ა-ისა და ნ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოვალეები, ნ. ა-ი შემდგომში ასევე _ აპელანტი ან კასატორი) მიმართ მოპასუხეებისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომელსაც მოპასუხეები არაჯეროვნად ასრულებდნენ. ვინაიდან გამსესხებელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მოპასუხეები ვალის დაბრუნებას არ აპირებდნენ, მისი მოთხოვნით 2015 წლის 18 ივნისს ს. ა-მა აზერბაიჯანულ ენაზე დაწერა ხელწერილი და აღიარა, რომ მის ოჯახს აქვს მოსარჩელის ვალი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნული ხელწერილისა, მოპასუხეებს ნასესხები თანხა არ დაუბრუნებიათ. სესხის თანხა ჯამში 25 000 აშშ დოლარია, 4%-იანი სარგებლით, აქედან მოსარჩელეს 2015 წლის მარტამდე დაბრუნებული აქვს ძირი თანხიდან 5 000 აშშ დოლარი და სარგებელი _ 2 700 აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამორიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელისაგან სესხი არ აუღიათ. რაც შეეხება ს. ა-ის მიერ ხელწერილის დაწერას, იგი მოსარჩელემ შეიყვანა შეცდომაში და მოტყუებით დააწერინა ხელწერილი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ის უფლებამონაცვლე ნ. ა-მა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 18 ივნისის ხელწერილით ს. ა. ოღლი ა-მა, დების: რ. და ხ. ა-ების თანდასწრებით, აღიარა, რომ მის ოჯახს აქვს ა. ნ-ის ოჯახის ვალი 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ის გადაიხდის. აღნიშნული დადასტურებულია ს. ა. ოღლი ა-ის ხელმოწერით;

1.2.2. მოპასუხე შესაგებლით ამტკიცებდა, რომ ხელწერილის დაწერა განპირობებული იყო მოტყუებით (ა. ნ-ის მიერ შეცდომაში შეყვანით), თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია;

1.2.3. სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვალის აღიარება მოხდა 2015 წლის 18 ივნისს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2015 წლის 9 სექტემბერს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად მოსარჩელისაგან 20 000 აშშ დოლარის სესხების ფაქტი, როდესაც თავად მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხისათვის თანხა არ გადაუცია. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ თითქოსდა თანხა გადასცა ს. ა-ის შვილს ბ. ა-ს. გარდა ამისა, ხელწერილის შინაარსიდან საერთოდ არ იკვეთება გამსესხებელი და მსესხებელი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ხელწერილი წარმოშობს დამოუკიდებელ მოთხოვნას, იგი არ გამომდინარეობს საქმის არსთან, ვინაიდან ასეთი მიდგომა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ს. ა-ი და ა. ნ-ი იქნებოდნენ სესხის ურთიერთობის უშუალო მხარეები. ამასთანავე, ვალის არსებობის აღიარების ნამდვილობისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ყველა პირობას: ჩამოყალიბებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, კონკრეტული ვალდებულება, რომელიც მოვალეს გააჩნია კრედიტორის წინაშე, ასევე, ამ ვალდებულების მომავალში შესრულების განზრახვა;

1.4.2. საგულისხმოა, რომ სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ თანხა ს. ა-ის შვილებს ასესხა. ეს ფაქტი არ გაიზიარა სასამართლომ, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულით იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას;

1.4.3. საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 624-ე და 625-ე მუხლები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო მტკიცებულება სწორად მიიჩნია ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად და მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია მოთხოვნის იძულებით განხორციელების სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების პირობებში, რომელიც ერთპიროვნულადაა ხელმოწერილი პირის მიერ, სხვა თანამოპასუხეთა მიმართ ეს ხელშეკრულება ვალდებულების წარმომშობად არ შეიძლება იქნას მიჩნეული, ამასთანავე, ვინაიდან სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე იყო აღძრული და მოსარჩელემ წარადგინა ერთ-ერთი თანამოპასუხის მიერ ამ ვალდებულების არსებობის აღიარების ხელშეკრულება, სააპელაციო პალატამ ამ პირის მიმართ მოთხოვნის ნამდვილობა სწორად მიიჩნია დადასტურებულად. საკასაციო სასამართლო ვალის არსებობის აღიარების აბსტრაქტული ხელშეკრულების თაობაზე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე. მ-ის მიერ 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 488,90 ლარის 70% _ 1 742,23 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ა-ის უფლებამონაცვლე ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ა-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე. მ-ის მიერ 21.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 488,90 ლარის 70% _ 1 742,23 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე