Facebook Twitter

საქმე №ას-1049-1010-2016 13 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. თ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის დავალ.ნების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. თ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებელი) მიმართ სესხის დავალაინების _ 6 743 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის _ 5 723 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ამასთან, განმარტა, რომ მას ეს თანხა მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს, მხარეები სარგებელზე არ შეთანხმებულან, მან მოსარჩელის ნდობით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა 6 743 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა (საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენდა 5 723 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელს _ 1 020 აშშ დოლარი).

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით (საოქმო), სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე მხარე ინფორმირებული იყო, თუმცა, გამოუცხადებლობა განაპირობა სამსახურში დაგეგმილი ღონისძიების გადადების შეუძლებლობამ, რის თაობაზეც აპელანტმა სასამართლოს წინასწარ იმ მოტივით არ შეატყობინა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ამ ვალდებულების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა ისე მიიჩნია არასაპატიოდ, რომ არ გამოუკვლევია მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი. თავად ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარი აღძრული იყო გამოუცხადებელი მხარის მიერ დავის მიმართ მისი ინტერესის არსებობაზე მიანიშნებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა უწყებით, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, 2016 წლის 5 ივლისს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, რძალს _ ლ. ლ-ს;

1.2.2. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის;

1.2.3. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (წარმომადგენელი) სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მხარემ ვერ შეძლო სამსახურში დაგეგმილი ღონისძიების გადადება, რის თაობაზეც არ შეატყობინა სასამართლოს, რადგანაც არ იცოდა ამგვარი საჭიროების არსებობის შესახებ.

1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე - სამსახურში დაგეგმილი ღონისძიების გადადების შეუძლებლობაზე.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

1.6.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე და განმარტავს, რომ მსესხებლის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო პალატამ თავდაპირველად 2016 წლის 29 ივნისს დანიშნა. აპელანტმა სასამართლო სხდომამდე წერილობითი შუამდგომლობა წარადგინა სასამართლოში, სადაც მსგავსად კერძო საჩივრისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მოტივით იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. 2016 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით სასამართლომ გაიზიარა მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი, თუმცა აპელანტი არც მომდევნო სხდომაზე გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ის გარემოება, რომ მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, თავისთავად არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას, ამასთანავე, რომ არაფერი ითქვას სამართალში დამკვიდრებულ კანონის ცოდნის პრეზუმფციაზე, უდავოა, რომ საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარი ინფორმირების აუცილებლობა მხარისათვის კარგადაა ცნობილი (მან ამ წესის დაცვით ერთხელ უკვე წარადგინა შუამდგომლობა), მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ როგორც პირველად დანიშნული სხდომისას, ისე განმეორებით _ მხარეს ჩაბარდა სასამართლო უწყება, რომელიც ერთმნიშვნელოვან მითითებას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დისპოზიციაზე.

1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩვარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

2. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სააპელაციო საჩვარის განუხილველად დატოვების გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. გ. კ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.03.2016წ. #1 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე