Facebook Twitter

საქმე №ას-10-10-2017 17 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი, კრედიტორი ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 8 237,62 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისის მთავრობის მიერ 2011 წლის 9 დეკემბერს მიღებულ იქნა #... დადგენილება ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. ქ.თბილისის მთავრობის დადგენილებით უძრავი ქონების განკარგვის ფორმად განისაზღვრა იჯარით გაცემა, ელექტრონული აუქციონის ფორმით. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2012 წლის 11 იანვარს გამართულ აუქციონზე ქ.თბილისში სასტუმრო კოლხეთის წინ არსებულ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ს-ა“, რომელთანაც გაფორმდა #... გადაწყვეტილება თანდართული სარგებლობის პირობებით. სარგებლობის (იჯარის) ვადა განისაზღვრა 5 წლით, ხოლო ქონების სარგებლობის საფასური -19 750 ლარით. მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველ 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. შპს „ს-ამ“ 2012 წლის 29 მაისს #... ელექტრონული განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის მიერ განკარგული ქონების მესამე პირზე გასხვისების თანხმობის გაცემა. სააგენტოს 2012 წლის 19 ივნისის #... გადაწყვეტილებით განმცხადებელს მიეცა თანხმობა, აუქციონში გამარჯვებულის უფლებები და ვალდებულებები გადაეცა მოპასუხისათვის. მოიჯარე საიჯარო ქირას იხდიდა დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც, 2013 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილება და პირგასამტეხლოს გადასახდელად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე, რაც მას არ შეუსრულებია. 2014 წლის 22 იანვარს მოპასუხემ #... ელექტრონული განცხადებით მომართა მეიჯარეს და ითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დავალიანებას დაფარავდა 2014 წლის 30 აპრილამდე. ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესისს მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შეთანხმება. აღნიშნული პირობა ასევე გათვალისწინებულია საიჯარო პირობების 1.1. მუხლით. 2014 წლის 29 იანვარს მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2012 წლის 11 იანვრის #... გადაწყვეტილება და იჯარის ხელშეკრულება. მოიჯარემ დავალიანება გადაიხადა 2014 წლის 6 ნოემბერს, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გახადა. ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის 11.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს საიჯარო ქირის 0,1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ეს პირობა გათვალისწინებულია სარგებლობის პირობების 10.1. მუხლითაც.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო 2013 წლის 9 მარტამდე. სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 6 ნოემბრამდე სამართლებრივად დაუსაბუთებელია. 2014 წლის 29 იანვარს შეწყდა იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, იურიდიული ძალა დაკარგა მისმა ყველა, მათ შორის, 10.1 პუნქტმა, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისათვის. რაც შეეხება 2014 წლის 9 მარტიდან 2014 წლის 29 იანვრამდე პერიოდს, როგორც სარჩელშია მითითებული, მოპასუხეს მესამე გადახდა უნდა განეხორციელებინა 2013 წლის 4 ივლისს, ხოლო მან თანხა გადაიხადა 2014 წლის 5 ივლისს, რის გამოც, მოიჯარეს უნდა დაეკისროს 19,75 ლარი. მეოთხე გადახდა მას უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 4 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 29 იანვარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლომ, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, იგი უნდა შეამციროს გონივრულ ოდენობამდე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოიჯარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 3 665.37 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების/დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მეიჯარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომაზე მოიჯარის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის ნაწილში გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეიჯარის შუამდგომლობა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად. სააპელაციო საჩივრების განხილვის მიზნით, 2016 წლის 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ;

1.2.2. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოიჯარე, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მეიჯარემ გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საკუთარი საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა;

1.2.3. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, კერძოდ, პალატამ ჩათვალა, რომ მეიჯარის სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილების მოთხოვნის ნაწილში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა: მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მის მოთხოვნას: აპელანტის მიერ მითითებული და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს სახით 3 665,37 ლარის ნაცვლად 8 237,62 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება, პალატის დასკვნით, უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 8 237.62 ლარი, გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იყო არა გადაუხდელი თანხის, არამედ შეთანხმებული საიჯარო ქირიდან, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 3 665.37 ლარამდე. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას (რაც მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით ავტომატურად დამტკიცებულად იქნებოდა მიჩნეული), რომელიც იურიდიულად გაამართლებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გაზრდის თაობაზე აპელანტის მოთხოვნას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოიჯარის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ამავე კოდექსის 416-ე მუხლიდან გამომდინარე, მეიჯარეს შეუძლია, გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება _ პირგასამტეხლო, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ ვალდებულების შესრულების გარანტს. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე თანდართული ხელშეკრულების 10.1. მუხლით გათვალისწინებული ოდენობით;

1.4.2. მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 418-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა მიერ განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო, შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, განესაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა;

1.4.3. სასამართლომ გადაწყვეტილებაში სააგენტოს მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, შეამცირა იგი, თუმცა არ დაუსაბუთებია მისი ოდენობის შემცირების მართებულობა, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა;

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ გასაჩივრებული განჩინების ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პრეტენზიის წინააღმდეგ პალატა მოიხმობს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტაცია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის ფარგლებში დადგენილად მიიჩნეოდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დავალიანების ოდენობა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო თუ არა, სამართლის საკითხს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია (იხ. სუსგ №ას-1125-1072-2014, 29 მაისი, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, როგორც საპროცესო (სსკ-ის 387.3 და 230.2 მუხლები), ისე მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმა (სკ-ის 420-ე მუხლი) და მიღებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო პალატის მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.12.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.12.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური