საქმე №ას-1218-1177-2016 17 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ. ბ-შ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა. ბ-უ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ პირგასამტეხლოს დაკისრება, წილის სამართავად გადაცემა, შეგებებულ სარჩელში _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ბ. ა. ბ-უმ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ. ბ-შის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 2015 წლის 13 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრებისა და შპს „T-ში“ მისი კუთვნილი 45%-იანი წილის სამართავად გადაცემის მოთხოვნით;
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 13 მაისის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მისი მხრიდან შესრულებულია, რაც შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის 45%-იანი წილი შპს „T-ში“ სამართავად გადაეცა მოსარჩელეს, მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს _ 100 000 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს მხარემ შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რომელიც სასამართლოს უნდა შეეფასებინა და თუ არ დააკმაყოფილებდა, უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების ვადა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარემ დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა: წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ნაბეჭდი და ელ.ვერსია, ასევე, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის დიდი ნაწილი. აპელანტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა საპროცესო უფლების განხორციელების საშუალებაა, რაც საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ამგვარი მიდგომით მხარეს შეეზღუდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის დადასტურების მიზნითაც მხარემ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ. ბ-შის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული აპელანტის პოზიცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუმების საფუძვლებზე, ასევე, არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც რაიმე შუამდგომლობა ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე;
1.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში დაავალა:
ა) დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარის წარდგენა, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში;
ბ) სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსიის წარდგენა;
გ) სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და მის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა;
დ) განჩინებით განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.2.3. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ იმყოფებოდა ქ.ბათუმში, იშუამდგომლა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე;
1.2.4. 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით, ამასთან, კვლავ განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე;
1.2.5. აპელანტის წარმომადგენელმა საპროცესო ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სააპელაციო საჩივრის ნაბეჭდი და ელ.ვერსიები, ასევე, სახელმწიფო ბაჟის სახით 3 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა მისი დარჩენილი ნაწილის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების თაობაზე იმ საფძვლით, რომ მხარეს აქვს სასამართლო დავები და ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდას;
1.2.6. სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული განჩინებით, მითითებული გარემოება არ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად იმ მოტივით, რომ მხარეს დადგენილი ხარვეზი სრულად არ ჰქონდა გამოსწორებული.
1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის თოაბაზე შემდეგი დასაბუთებით:
1.3.1. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო საკითხს აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობის სწორად შეფასება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ მიხედვით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესებს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ: პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ, აგრეთვე, სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამგვარი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ის შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ სასამართლოში მის მიმართ მიმდინარეობს სხვადასხვა დავა, თუმცა, ამ გარემოების დადასტურების მიზნითაც კი არ წარუდგენია მტკიცებულებები. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკასაც (კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით). პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, #17, 2006, ECHR). საქმის მასალებით ამგვარი ლეგიტიმური მიზნის არსებობა არ დგინდება. პალატა აქვე განუმარტავს კასატორს, რომ სასამართლოსათვის, ბუნებრივია არ არის უცნობი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები და ის დაშვებები, რომლებიც კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობას უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, შეზღუდვის ლეგიტიმურობის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, შუამდგომლობის ავტორს ევალება ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა არ წარადგინა რა მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დაამაყოფილა მისი შუამდგომლობა.
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის მეორე არგუმენტსაც, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა, თუკი შუამდგომლობას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა. პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოებისას საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას საკანონმდებლო მოთხოვნებთან ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი და მისი მე-7 ნაწილი შეიცავს იმპერატიულ დანაწესს: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მიერ ამგვარი შუამდგომლობის დაყენების ფაქტი და არც კერძო საჩივარი შეიცავს ამ კუთხით მითითებას, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების დასაბუთებული პრეტენზია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ. ბ-შის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური