Facebook Twitter

№330210014608779

საქმე №ას-156-146-2017 21 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ- ა-ი, ნ--ა ბ–ი, შპს „ნ-- “ (მოსარჩელე, აპელანტი)

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ-- ა–ს (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ნ--ა ბს (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) საკუთრების უფლებით გააჩნდა გ-ის რაიონი, სოფ. ნ--იანში მდებარე ხაზობრივი ნაგებობა - გაზსადენი (შემდეგში: პირველი გაზსადენი).

2. შპს „ნ----“-ს (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) საკუთრების უფლებით გააჩნდა გ-ის რაიონში, სოფ. კ--ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობა - გაზსადენი (შემდეგში: მეორე გაზსადენი).

3. 2010 წლის 16 აპრილს ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კ--ს სამხარეო სამმართველოსა და მეორე მხრივ, პირველსა და მეორე მოსარჩელეს შორის შედგა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს გადაეცა პირველი გაზსადენი (პირველი ჩუქების ხელშეკრულება).

4. 2010 წლის 3 მაისს ერთი მხრივ, მესამე მოსარჩელესა და მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კ------ს სამხარეო სამმართველოს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა მეორე გაზსადენი (შემდეგში: მეორე ჩუქების ხელშეკრულება).

5. საქართველოს პრეზიდენტის 30 აგვისტოს N849 განკარგულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ი------ საქართველო“-ს (შემდეგში: კერძო კომპანია) შორის 2010 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი და მეორე გაზსადენი წარმოადგენს კერძო კომპანიის საკუთრებას. ამჟამად, მათი მესაკუთრეა შპს ს--ია გ---ი“ (შემდეგში: მესამე კომპანია).

6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განაჩენით ა-- ბ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მის მიმართ სისხლის-სამართლებრივი საქმის წარმოებისას მოსარჩელეები კ---ს საოლქო პროკურატურის დადგენილებით ცნობილი იქნენ დაზარალებულად.

7. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე) და საქართველოს ფინ--სთა სამინისტროს (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ. პირველმა და მეორე მოსარჩელემ მოითხოვეს: პირველი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის 302 090 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ხოლო მეორე მოსარჩელემ - მეორე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და 902 918 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

8. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კ---ს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ზ- ლ-- (შემდეგში: სამმართველოს უფროსი) და მისმა მოადგილემ ა-- ბ-–მა (შემდეგში: სამმართველოს უფროსის მოადგილე) 2009 წელს, უფლებამოსილების გადამეტების გზით, ზეწოლა განახორციელეს მესაკუთრეებზე/მოსარჩელეებზე. ზეწოლის შედეგად კი, პირველი და მეორე გაზსადენი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. აღნიშნული ქონება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასხვისა კერძო კომპანიაზე, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით წარმოადგენს მესამე კომპანიის საკუთრებას. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განაჩენით სამმართველოს უფროსის მოადგილე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მოსარჩელეები 2013 წლის დადგენილებით ცნობილი იქნენ დაზარალებულად.

9. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შედავება, სახელდობრ, სადავო გახადა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე და 1008-ე მუხლების წანამძღვრების არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნორმის შემადგენლლობის ნიშანზე - ბრალეულობა და აღნიშნა, რომ არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებაში.

10. თავდაპირველმა მოპასუხემა წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება და იმავდროულად, სადავო გახადა მისი მოპასუხის სახით საქმეში მონაწილეობა. [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 85-ე მუხლი].

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პირველი ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა 179638 ლარის ანაზღაურება პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ. მათი მოთხოვნა 122452 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

12. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მეორე ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ 860786.82 ლარის ანაზღაურება. მესამე მოსარჩელის მოთხოვნა 42131,18 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

13. თავდაპირველი მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

14. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-6-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. იმავდროულად სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლიდან პირველ, მეორე და მესამე მოსარჩელეებზე პერმანენტულად მიმდინარეობდა ზეწოლა სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის მხრიდან მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული პირველი და მეორე გაზსადენის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

16. პირველი და მეორე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა სასამართლომ შეაფასა 179638 ლარით, ხოლო მესამე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 860 786.82 ლარით [სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები].

17. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის 2014 წლის 28 თებერვლის დასკვნით პირველი გაზსადების (ხაზობრივი ნაგებობა) ღირებულება განისაზღვრა 302090 ლარით, ხოლო მეორისა - 902918 ლარით. ვინაიდან მოპასუხემ სადავოდ გახდა აუდიტის შეფასება, სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა [სსსკ-ის 162.1 მუხლი].

18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნით პირველი გაზსადენი მილის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა - 179638 ლარით, ხოლო მეორისა - 860786.82 ლარის ოდენობით. იმ არგუმენტით, რომ ექსპერტიზის დასკვნა სრულებულდა სპეციალისტების მიერ, რომლებიც სათანადო წესით იყვნენ გაფრთხილებულნი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე, მასში მითითებული იყო კვლევისა და შეფასების მეთოდები. ამასთან დასკვნა შედგენილი იყო შესაბამისი ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც თანდართული ჰქონდა დანართის სახით. სასამართლომ გაიზიარა იგი [სსსკ-ის 105-ე მუხლი].

19. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგებისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განჩინების პპ: 6,15-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პირველი და მეორე ჩუქების ხელშეკრულებებით დაირღვა როგორც კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, ასევე საჯარო წესრიგი, ვინაიდან გარიგება დაიდო არა თავისუფალი ნების პირობებში, არამედ საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად, რადგან მოსარჩელეების პირველი და მეორე ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას არ მოქმედებდნენ თავისუფალი ნების ფარგლებში, რაც აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

20. თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების კვლევისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის 1ა” პუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩუქების საგანი (უძრავი ქონებები) დღეის მდგომარეობით აღარ ირიცხებოდა რა სახელმწიფოს საკუთრებაში და იგი კერძო პირის საკუთრება იყო, ვერ მოხდებოდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სსკ-ის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება.

21. უარყოფილი იქნა მოპასუხის შედავება ხანდაზმულობასთან მიმართებით, იმ არგუმენტით, რომ გარიგების ბათილად ცნობას და არც უსაფუძლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სსკ-ის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ, ვრელდება ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, რაც მოსარჩელეებს ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე, დაცული ჰქონდათ [სსკ-ის 128-ე, 130-ე მუხლები].

22. გადაწყვტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ნოემბრის განჩინებით არც-ერთი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

23. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პპ: 1-6; 15-18.

24. რაც შეეხება სამართლებრივი შეფასების ნაწილს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა არა სსკ-ის 976-ე და 979-ე მუხლები, არამედ, სსკ-ის 54-ე მუხლი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი და მეორე ჩუქების ხელშეკრულებები ბათილი იყო მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის სამართლებრივი საფუძვლით. ამგვარი სამართლებრივი დასკვნა სააპელაციო სასამართლომ დააყრდნო განჩინების პპ: 1-6; 15 -ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

25. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარდგინა მოპასუხემ. ~

26. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო სამართლებრივ საფუძვლად კასატორს მითითებული აქვს სსსკ-ის 393–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტები.

27. კასატორი ციტირებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი გარემოებებით: „პალატა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ სადაო გარიგება ბათილია არა იძულების არამედ მართლწინააღმდეგობის და ამორალურობის საფუძვლით. მტკიცების თვალსაზრისით სადავო გარიგების მართლწინააღმდეგობა და ამორალურად მიჩნევის მიზნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახსნა–განმარტებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. მტკიცებულებებად კი, მითითებულია თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განაჩენი, რომლითაც სამმართველოს უფროსის მოადგილე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. განაჩენის შესაბამისად, 2009 წელს საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კ------ს რეგიონალური სამმართველოს უფროსის ზ- ლ-–ის დავალებით ა-- ბ-–მა ზეწოლა განახორციელა გ--ის რაიონის ცალკეულ სოფლებზე არსებული გაზსადენების მფლობელ მოქალაქეებზე, რის შედეგადაც მესაკუთრეებმა გ-ის რაიონის სოფლებში არსებული გაზსადენები უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“.

28. იმავდროულად, კასატორი ციტირებს სასამართლოს შემდეგი მსჯელობიდან : „მოსარჩელეზე პერმანენტულად მიმდინარეობდა ზეწოლა სახელმწიფოს სასარგებლოდ გარიგების დადების მიზნით“.

29. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად იძულება მიაჩნია, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 54-ე მუხლის მითითება იურიდულად დაუსაბუთებელია.

30. ხანდაზმულობის საკითხი კი, კასატორის მოსაზრებით, უნდა მოწესრიგდეს არა სსკ-ის 54-ე და 128.3 მუხლებით, არამედ სსკ-ის 85–89-ე მუხლებით, რომლებიც აწესრიგებს ისეთ გარიგების ბათილობის საკითხს, რომელიც დადებულია ერთ–ერთი მხარის არათავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. იძულებით დადებული გარიგება წარმოადგენს საცილო გარიგებას, რომელიც შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი შეცილების შემთხვევაში, ხოლო შეცილებისათვის დადგენილია ვადა, რაც შეადგენს იძულების დამთავრებიდან 1 წელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ შეცილების 1 წლიანი ვადა არ არის დაცული, ვინაიდან სადავო გარიგებები დაიდო 2010 წლის 16 აპრილსა და 2010 წლის 23 მაისს, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2014 წელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება სამართლის საკითხს, სახელდობრ, სადავოა სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენების რელევანტურობა და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავების უარყოფა სსკ-ის 54-ე და 128.3 მუხლების სამართებრივი საფუძვლით.

34. საკასაციო საჩივრის პირველ პრეტენზიას, რომელიც სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენების დაუშვებლობას შეეხება, საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს, რომ დავა შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამიტომაც დავის მომწესრიგებელ ნორმად რელევანტურია სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესით ხელმძღვანელობა.

35. მაშასადამე, პირველი და მეორე ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სსკ-ის 54-ე მუხლის მოწესრიგების საფუძველზე უმართებულოა. თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს განჩინების პპ: 1-6, 15-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის უარსაყოფად კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედვება არ წარმოუდგენია [სსსკ-ის 407.2 მუხლი] და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ძიებაში სასამართლოს ვალდებულების შესახებ (იხ., სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი, 2017 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილადაა ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები სარჩელის მოთხოვნას ამყარებენ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც სამმართველოს უფროსის მოადგილე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მის მიმართ სისხლის-სამართლებრივი საქმის წარმოებისას მოსარჩელეები კ------ს საოლქო პროკურატურის დადგენილებით ცნობილი იქნენ დაზარალებულად (განჩინების პ: 6).

37. დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების ამგვარ მოცემულობაში საკასაციო პალატას სავსებით მიზანშეწონილად მიაჩნია მოცემული დავის გადაწყვეტა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმის გამოყენებით, რამეთუ ფაქტი ზიანის მიყენების შესახებ დადგენილადაა ცნობილი კანონიერ ძალაში განაჩენით, ხოლო მოსარჩელეები ცნობილი არიან დაზარალებულად. მაშასადამე, მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება უნდა განხორციელდეს დელიქტურის სამართლის მომწესრიგებელი სსკ-ის 992-ე მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმ სპეციალური მოწესრიგებით, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვას - სსსკ-ის XXXIV3 თავი.

38. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცდურული მნიშვნელობა და აღნიშნა: „ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მეორე ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის, 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ., №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

39. საგულისხმოა, რომ დელიქტური ვალდებულების არსებობისას ზიანის ანაზღაურების წესისა და საფუძვლების თაობაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის №ას-510-857-07 განჩინებაში ამომწურავადაა განმარტებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას.

40. ნიშანდობლივია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისისა №ას-978-919-2012 და №ას-1167-1112-2014, 2015 წლის 29 იანვარის განჩინებებიც, რომლითაც საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო პალატის განმარტება, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა, კანონის თანახმად, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით – კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ან თუ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება დადგინდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი).

41. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნით პირველი გაზსადენი მილის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა - 179638 ლარით, ხოლო მეორისა - 860786.82 ლარის ოდენობით {სსსკ-ის 102.2, 162-ე და 105-ე მუხლები}. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების პ:18-ში შეაფასა ექსპერეტიზის დასკვნის სარწმუნოობის საკითხი. ამასთან, მის საწინააღმდეგოდ დასაშვები საკასაციო პერეტენზია არ არის წარმოდგენილი (სსსკ-ის 407.2). მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარი იურიდიული შედეგი სწორია.

42. რაც შეეხება კასატორის შედავებას ხანდაზმულობასთან მიმართებით, ვინაიდან დავის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლად საკასაციო პალატამ სსკ-ის 992-ე მუხლი რელევანტურად მიიჩნია, მისი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით 3 წელი შეადგენს რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს დაცული აქვთ, რამეთუ სარჩელები აღძრულია 2014 წლის 02 აპრილს, ხოლო განაჩენი დამდგარია 2013 წლის 18 თებერვალს.

43. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც ასახულია განჩინებაში.

45. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე