№020211416700026806
№ ას-224-213-2017 28 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. ქ-ის მუნიციპალიტეტი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ- მ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „კ- ა--ს“ (შემდეგში: კერძო კომპანიას) გ- მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სასარგებლოდ დაეკისრა 15,051.5 ლარის გადახდა.
2. იმერეთის რეგიონალური სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 28 თებერვლის აქტით (იძულებითი აუქციონის ჩატარების გზით) აღნიშნული თანხის (15 051 ლარის) სანაცვლოდ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქ--, წ-ის ქ. №1---167-ში მდებარე 472 კვ.მ უძრავი ქონების, ქიმიკატების საწყობის შენობის 4/5 ნაწილი (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება), რაზეც გაიცა საკუთრების მოწმობა და აღნიშნული უძრავი ქონება 2008 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრების უფლებით.
3. 2008 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და სურვილი გამოთქვა სადავო უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაეცა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის.
4. 2008 წლის 10 სექტემბერს მესაკუთრესა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წარმომადგენელს (კონკრეტულ საქმეში საკრებულოს წევრი) შორის დაიდო უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრემ მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება გადასცა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს, ხოლო თვითმმართველმა ქალაქმა ქუთაისმა წარმომადგენლის მეშვეობით მიიღო იგი საკუთრებაში (შემდეგში: უსასყიდლო გარიგება). შესაბამისად, ქონების მესაკუთრე გახდა თვითმმართველი ქალაქი - ქუთაისი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 524-ე მუხლი].
5. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის (შემდეგში: მოპასუხე ან ადგილობრივი თვითმმართველობა) მიმართ და მოითხოვა უსასყიდლო გარიგების ბათილად ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება.
6. სარჩელის ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, იმერეთის რეგიონალური სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 28 თებერვლის აქტით (იძულებით აუქციონის ჩატარების გზით) 15 051 ლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება, გზის საერთო სარგებლობის უფლებით, მაგრამ საკუთრებად ვერ დაირეგისტრირა, რადგან მიწა არ ჰქონდა შესყიდული. ამის შემდეგ, მოსარჩელეს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს მიერ გადაეცა მიწა საკუთრებაში, რაზეც გაიცა 2008 წლის 28 აპრილის №153 საკუთრების მოწმობა და მთლიანი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დარეგისტრირდა. მოსარჩელის განცხადებით, ამ ფაქტიდან სამი თვის შემდეგ, იგი დაიბარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში და პროკურორი დ. ჩაფიძე დაემუქრა, რომ თუ სახელმწიფოს, კერძოდ, ქ. ქუთაისის თვითმმართველობას, საკუთრებაში არ გადასცემდა მის კუთვნილ ქონებას, დააკავებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ. მოსარჩელის განმარტებით, რისთვის იჭერდნენ არ იცოდა, თუმცა მუქარა იყო რეალური, რადგან მისი აზრით, იგი ამ პერიოდისათვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რომელსაც აიძულეს კუთვნილი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. ამჟამად აღნიშნული ქონება არის დაშლილი და განადგურებული. შესაბამისად, სახეზეა დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოვლენა, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია [სსკ-ის 529-ე მუხლი].
7. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე, განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მესაკუთრესა და თვითმმართველ ქალაქ ქ-------ს შორის 2008 წლის 10 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით მესაკუთრეს საკუთრებაში დაუბრუნდა ქალაქ ქ-, ა. წ-–ის ქუჩის №1---167-ში მდებარე უძრავი ნივთის 4/5 ნაწილი.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. ,სადავო ქონება” მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა კერძო კომპანიისთვის დაკისრებული 15 051.5 ლარის გადახდევინების სანაცვლოდ, ნატურით და იგი, სრული სახით (მიწის ნაკვეთთან ერთად), დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2008 წლის 30 აპრილს.
13. მოსარჩელემ 2008 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ქ-------ის საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც აღნიშნა, რომ სურვილი ჰქონდა - ,,სადავო ქონება” უსასყიდლოდ გადაეცა თვითმმართველი ქალაქ ქ-------ისათვის, რისთვისაც ითხოვა წარმომადგენლის გამოყოფა. იმავე დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, მომზადდა მინდობილობა საკრებულოს წევრ მ. მეშველიანზე და დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ, უსასყიდლოდ, ,,სადავო ქონება” საკუთრებაში გადასცა თვითმმართველ ქალაქ ქ-------ს; დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2008 წლის 11 სექტემბერს.
14. უდავოა, რომ მოსარჩელეს არც მოპასუხის და არც საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ჩუქების დადებისას, რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა;
15. 2014 წლის 7 თებერვლისათვის, ,,სადავო ქონების” საბაზრო ღირებულება იყო 16 000 ლარი. მოსარჩელე, საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, მიუთითებდა, რომ ,,სადავო ქონება” გაპარტახებულია და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული, რაც მოპასუხეს, წარდგენილი შესაგებლით, არ უარუყვია.
16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე, მე-8.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ ყოველთვის, როცა გარიგების ერთ-ერთი მონაწილე არის სახელმწიფო, რომელიც, მისი სტატუსიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიიჩნევა გარიგებაში ე.წ. ,,ძლიერ მხარედ”, ამ გარიგების დადებისას მხარეთა შორის ურთიერთობაში ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი ძალიან მაღალი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშკარაა, რომ უმეტესწილად სწორედ სახელმწიფო იღებს სარგებელს გარიგებიდან, ,,სუსტი მხარის” (კერძო პირის) ხარჯზე. ამიტომ, ამგვარი ,,სუსტი მხარისაგან” გარიგების ბათილობაზე მითითებისას, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი - დაადასტუროს, რომ გარიგება შეესაბამება კანონით დადგენილ წესს (ანუ - დაცულია მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპი და უზრუნველყოფილია სსკ-ის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განმტკიცებული, ხელშეკრულების დადების და მისი პირობების თავისუფლად განსაზღვრის უფლება), არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (ანუ - საზოგადოებრივი მართლწესრიგის შემადგენელ ფუნდამენტურ, სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის და სტაბილურობის განმაპირობებელ სიკეთეებს) და ზნეობის ნორმებს (ანუ - საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და გონიერი, სამართლიანი, ობიექტური ადამიანისათვის დამახასიათებელ ქცევის წესებს).
17. მოცემულ შემთხვევაში, ,,სადაო ქონებით” დასაჩუქრებულს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, რომელიც 2008 წლის 10 სექტემბრისათვის არსებული თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის სამართალმემკვიდრეა; იგი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირია და შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ფუნქციათა შესასრულებლად. შესაბამისად, ყველა ის კეთილგონიერებისა და მართლწესრიგის ფუნქციის უზრუნველსაყოფად არსებული ზემოთმოხმობილი სტანდარტი ვრცელდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე, როგორც სახელმწიფოზე.
18. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ იგი, სადავო ჩუქების დადებისას, მოქმედებდა კეთილსინდისიერად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად და რომ გ---- მ-------ეს ნამდვილად სურდა ,,სადავო ქონების” მისთვის უსასყიდლოდ გადაცემა, კერძოდ:
19. მოსარჩელისაგან განცხადების მიღების დღესვე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, მომზადდა მინდობილობა საკრებულოს წევრზე, რომლის მეშვეობითაც იმავე დღეს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება და უკვე მომდევნო დღეს ,,სადავო ქონება” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქალაქ ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. ამგვარი დაჩქარებული პროცედურა თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ დასაჩუქრებულს არ ჰქონდა ჯანსაღი ინტერესი გარიგებისადმი, რადგან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ იმავე დღეს არ იხილება და საჯარო რეესტრიც დაჩქარებულ რეგისტრაციებს ახორციელებდა მხოლოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული, გაზრდილი საფასურის გადახდის პირობებში.
20. მოპასუხემ ვერც ის ახსნა, თუ რატომ გაუჩნდა სურვილი მოსარჩელეს - უსასყიდლოდ დაეთმო ქონება, რომელზეც საკუთრების უფლება მოიპოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად და რომელიც, საბოლოო სახით, მხოლოდ 2008 წელს დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში; ამასთან, ეს სურვილი მას გაუჩნდა საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან სულ რაღაც ოთხი თვის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ე.წ. გონიერი ადამიანის ქცევის წესს და, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ ფაქტობრივად არსებული გარიგების შინაარსი არ შეესაბამება პირის ნამდვილ ნებას, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ ეს პირი, გარკვეულ გარემოებათა გამო, იძულებული გახდა - დაედო ამგვარი გარიგება.
21. მითითებული ფაქტები მოწმობს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენს მესაკუთრის ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგს; ამდენად, იგი ეწინააღმდეგება სსკ-ის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ, ხელშეკრულების თავისუფლად დადების და მის პირობებზე თავისუფლად შეთანხმების კანონით დადგენილ წესს. ამასთან, ეს გარიგება დაიდო მოპასუხე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედების პირობებში. ამიტომ, ეს გარიგება, იმავე კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება, უცილოდ ბათილია, რის გამოც, ,სადავო ქონება” უნდა დაუბრუნდეს ნამდვილ მესაკუთრეს.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარე შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
23. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების დადებაში მოსარჩელის ნამდვილი ნების არარსებობის თაობაზე. არ დასტურდება მოსარჩელზე რაიმე სახის იძულება, ზემოქმედება, რასაც შეეძლო რეალურად დაეთრგუნა მისი თავისუფალი ნება. მოწმე რ.არჩაიას ჩვენებით, რომელიც მოსარჩელის მეუღლეა, დადგენილია რომ საკრებულოსა ან მერიაში დაბარებულები არ ყოფილან, არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ, არც დამუქრებიან. მისი განმარტებით, პროკურორის ოთახში დამთავრდა ყველაფერი.
24. კასატორის მოსაზრებით, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება, რომ საკრებულოს მხრიდან მესაკუთრის მიმართ უმადურობა ყოფილიყო გამოვლენილი.
25. გარდა ამისა, სარჩელში არ არის მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რაც სასასამართლომ არ გაითვალისწინა.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.
28. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლების მოსარჩელის მიერ მიუთითებლობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. ამდენად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სწორედ სასამართლოს კომპეტენციაა, რაც იმის მიუხედავად, მითითებულია თუ არა სარჩელში, ხორციელდება. იმავდროულად, სასამართლო სარჩელის მოთხოვნას ამოწმებს არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებთან, არამედ, ნორმის იმ აბსტრაქტულ წინაპირობებთან, რომლებიც სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოთხოვნის შესამოწმებლად რელევანტურად მიაჩნია. ამავე საფუძვლით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმათან დაკავშირებით, რომ ჩუქების ბათლობას მოსარჩელე ითხოვდა მის მიმართ გამოვლენილი უმადურობის გამო [სსკ-ის 529-ე მუხლი], თუმცა, გარიგების მართლზომიერება შემოწმდა სსკ-ის მე- 8.3 და 54-ე მუხლებთან მიმართბით.
29. რაც შეეხება ფაქტობრივი გარემოებების მითითებასა და მათ დამტკიცებას, აღნიშნული მხარეთა საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს [სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები]. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნის, რასაც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა [განჩინების პ:4], დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მესაკუთრის ნამდვილი ნების არარსებობა იხ., განჩინების პპ: 12-14. შესაბამისად, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 54-ე მუხლით მისი ბათილად ცნობის მიზნებისათვის.
30. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელზე რაიმე სახის იძულებას, ზემოქმედებას, რასაც შეეძლო რეალურად დაეთრგუნა მისი თავისუფალი ნება. მოწმე რ.არჩაიას ჩვენებით, რომელიც მოსარჩელის მეუღლეა, დადგენილია რომ საკრებულოსა ან მერიაში დაბარებულები არ ყოფილან, არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ, არც დამუქრებიან. მისი განმარტებით, პროკურორის ოთახში დამთავრდა ყველაფერი. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც კასატორმა, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მის მიერ არც დასაბუთებული საკასაციო შედავებაა წარმოდგენილი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევასთან მიმართებით [სსსკ-ის 393.3 მუხლი}. ამდენად, საკასაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს [სსკ-ის 407.2} და მიაჩნია, რომ მათი სამართლებრივი შეფასება სწორად განხორციელდა სსკ-ის 54-ე მუხლის წანამძღვრებთან.
31. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით მოსარჩელზე იძულების განხორციელების თაობაზე და განმარტავს, რომ სადავო გარიგების ბათილობის მიზნებისათვის სახეზეა, როგორც იძულება {სსკ-ის 85-ე და 86-ე მუხლი] ისე, ამორალურობა [54-ე მუხლი] და მიაჩნია, რომ ბათილად ცნობის შედეგად, სადავო უძრავი ქონების უკან დაბრუნების სამართლებრივ ნაწილში, მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების დაცვითი ფუნქციის ფარგლებში [სსკ-ის 978-ე მუხლი]. იხ., სუსგ Nას-688-654-2015, 21 ივლისი, 2015 წელი.
32. ერთ-ერთ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. შესაბამისად, შეცილების განხორციელების მომენტიდან, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმებას, რაც ამ გარიგებას მოჰყვა. სარჩელის დამაყოფილების მიზნებისათვის რელევანტურია სსკ-ის 978 მუხლი [„პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“]“. იხ., №ას-225-215-2016, 25 მაისი, 2016 წელი.
33. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო უძრავი ქონება დღეს დასაჩუქრებულის ხელშია, სწორადაა დაკმაყოფილებული მოთხოვნა მისი ნატურით დაბრუნების თაობაზე.
34. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას ხანდაზმულობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 54-ე, 976-ე და 978-ე მუხლები, მოთხოვნის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა, რაც უარყოფს შდავებას ხანდაზმულობის ნაწილში.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ვინაიდან სსკ-ის 54-ე მუხლის, 976-ე და 978-ე მუხლების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
37. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე