Facebook Twitter

№330210015735193

საქმე №ას-135-127-2017 07 აპრილი, 2017 წელი

№ას-135-127-2017ენერგოპრო ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე---ია“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ- დ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 19 ნოემბერს ხ-ის რაიონის სოფელ ლ-ში ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა ბ-- დ-ის (შემდეგში: დაზარალებული ან მოსარჩელე) საცხოვრებელი სახლი.

2. ხ-–ის რაიონის სოფელ ლ--ს ელექტროენერგიას აწვდის სს „ე--ია“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) და დაზარალებული წარმოადგენს მოპასუხის აბონენტს.

3. დაზარალებულმა სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ ხანძრის შედეგად სახლის, ავეჯის, ნივთებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის განადგურებით მიყენებული ზიანის - 78,600 ლარის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის განადგურებით მიყენებული ზიანის - 6700 ლარისა და მორალური ზიანის - 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე, 1009-ე, 408-ე, 412-ე და 413-ე მუხლები].

4. მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი ისე, მოთხოვნის შემწყვეტი შედავება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 80 600 ლარის კომპანიისათვის დაკისრების ნაწილში.

6. საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზის შესასწავლად შეაფასა საქმეზე ჩატარებული რადიაციული და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 105-ე მუხლი], რომლის მიხედვით, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში ხანძრის წარმოქმნის ტექნიკურ მიზეზად დასახელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურში შემავალი მაღალი ძაბვის (10 კვ) საჰაერო ელექტრო გადამცემ ხაზზე, სადენების ერთმანეთთან კუსტარულად მექანიკური გადაგრეხვის წესით მიერთების ადგილას, სუსტი კონტაქტის გამო აღძრული ინდუქციური დენების ხარჯზე ელ. გამანაწილებელ ქსელში ცვალებადი (არასტანდარტული) ძაბვის წარმოქმნის შედეგად ტელევიზორის აალება და შემდგომ ხანძარი. დასკვნის მიხედვით, პულტზე ლოდინის რეჟიმში მყოფ ტელევიზორის ელექტრო ქსელში ცვალებადი (არასტანდარტული) ძაბვის მიწოდების შემთხვევაში, მწყობრიდან გამოდის დიოდ - ტრანზისტული სისტემები, რაც იწვევს კონდესატორის ანომალიურ მუშაობის პირობებს, მის მწყობრიდან გამოყვანას და ძალოვანი ტრანსფორმატორის გადახურებას, კოჭას ხვეულში მოკლე ჩართვას და შემდგომ აალებას. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლების) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა, ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში დაფიქსირდა შენობის პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში, საძინებელ ოთახში, ტელევიზორის განთავსების ზონაში. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით ხანძრის გაჩენის კერის ზონის დასადგენად, ანუ იმ ზონისა, სადაც მიმდინარეობდა თავდაპირველი წვის პროცესი, ჩატარებული იქნა შენობის დარჩენილ კონსტრუქციებზე თერმული ზემოქმედების ნიშნების ანალიზი, რის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად ერთნაირი წვადი დატვირთვისა, ყველაზე მეტი ინტენსივობით მაღალტემპერატურული ზემოქმედების ნიშნები დაფიქსირდა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში, საძინებელი ოთახის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, კერძოდ ტელევიზორის განთავსების ზონაში (აღნიშნულ ზონაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ტელევიზორის ზონარი, ლითონის კონსტრუქციები და დეტალები).

7. საქალაქო სასამართლოს შეფასებით 2014 წლის 22 მარტის ექსპერტიზის დასკვნაშიც იგივე გარემოებებია დადგენილი, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში ხანძრის კერა მდებარეობს სახლის პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში. ხანძრის გამომწვევი მიზეზია „ლოდინის რეჟიმში“ ჩართული ტელევიზორის აალება, რაც გამოწვეულია ელექტროტექნიკური მიზეზებით.

8. კომპანიამ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობა და სისრულე, რაც უარყოფილი იქნა ექსპერტების განმარტების საფუძველზე, სახელდობრ, ექსპერტ ჯ---აიას განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იგი ავიდა 2013 წლის 19 ნოემბერს. დათვალიერების შედეგად დაადგინა ხანძრის კერა, ხოლო იმის გამო, რომ სახლი მთლიანად იყო განადგურებული დაზარალებულისგან მიიღო ინფორმაცია, რომ კერის ადგილას მას ჰქონდა ტელევიზორი. ექსპერტმა განმარტა, რომ ინფორმაციის მიღების დროს დაზარალებულისათვის არ განუმარტავს თუ რისთვის ესაჭიროებოდა ეს ინფორმაცია. მითითებულ ადგილზე მართლაც აღმოჩნდა ტელევიზორის ნარჩენები, მაგრამ ისინი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუძლებელი იყო. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მან აქცენტი გააკეთა ბუხრის ადგილზე, მაგრამ იქ არ იკვეთებოდა კერის ზონა. მის მიერ შემოწმდა ასევე ტრანსფორმატორიც, ინფორმაცია მიიღო კომპანიის წარმომადგენლისგანაც. მრიცხველთან დაკავშირებით ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მასში შესაძლებელია გაიაროს არასამომხმარებლო (მაღალი ძაბვის) დენმა, მაგრამ ის შეიძლება არ დაზიანდეს, თუცა მრიცხველის გამოკვლევას აზრი მაინც აქვს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო ლოდინის რეჟიმში ჩართული ტელევიზორის აალება.

9. ექსპერტ გ–ის განმარტებით, ექსპერტიზა ჩატარდა მოპასუხის წარმომადგენელთან ერთად, არც საქმის მასალებით და არც რომელიმე მხარის მითითებით შემთხვევის ადგილზე არ ფიქსირდებოდა ღუმელი, ამასთან გამოკვლევის შედეგად ბუხრიდან ხანძრის გაჩენის მიზეზი გამოირიცხა. აღმოჩენილი იქნა ხანძრის კერა, ეს იყო პულტზე ლოდინის რეჟიმში მყოფი ტელევიზორი, რაც ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და ხშირია ასეთი ხანძრის კერის არსებობა. სადენების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ტელევიზორი იყო დატვირთულ რეჟიმში. ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოირიცხა ხანძრის განზრახ წაკიდების ფაქტი, ასევე ელ.გამათბობელი მოწყობილობების და სხვადასხვა მასალებისა და ნივთიერებების აალება, რაც ასევე დაფიქსირებულია ექსპერტიზის დასკვნაშიც.

10. საქალაქო სასამართლომ კომპანიის ბრალეულობის გამომრიცხველად არ მიიჩნია კომპანიის წარმომადგენელთა მიერ შედგენილი გამოკვლვის აქტი, რომელშიც აღნიშნული, იყო, რომ ხანძრის კერა ვერ იქნა დადგენილი იმის გამო, რომ საცხოვრებელი სახლი სრულად იქნა განადგურებული და არსებობს ვარაუდი, რომ ხანძრის წარმოშობა გამოიწვია სახლის შიგნით არსებულმა გაუმართაობებმა და ადგილი არ ჰქონია დაბალი ძაბვის ქსელებში რაიმე სახის დაზიანებას. სასამართლოს განმარტებით აქტი შეადგინეს კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიდან აარიდონ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, აქტზე ხელმომწერი პირების სათანადო კომპეტენცია ექსპერტულ დონეზე დაადგინონ ხანძრის გამომწვევი მიზეზები იყო უცნობი, ხოლო უშუალოდ აქტის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მასში დაფიქსირებული ინფორმაციის წყარო იყო შემდგენელთა ვარაუდი {სსსკ-ის 105-ე მუხლი].

11. ზიანის ოდენობის დადგენისას, საქალაქო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი კერძო კომპანიის დასკვნა, რომლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დაზარალებულის სახლის ხანძრის შედეგად განადგურებით მიყენებული ზიანი შეადგენს 78 600 ლარს. აღნიშნულში მოიაზრება, როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე მასში არსებული ნივთების განადგურებით მიყენებული ზიანის ოდენობა. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ორ სართულიან ნაგებობას, რომლის ღირებულება განისაზღვრა 39 600 ლარით, ხოლო მასში განთავსებული ნივთებისა 39 000 ლარის ოდენობით. დასკვნა შედგენილ იქნა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციასა და აგრეთვე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებულ ჩვენებებზე დაყრდნობით. დასკვნის შეფასებისას საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საცხოვრებელი სახლი ხანძრისგან სრულად განადგურდა, იმ ფაქტების მტკიცება თუ რა იყო მასში განთავსებული მეტად რთულია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ უნდა მოეთხოვოს წარმოადგინოს საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთების შეძენის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები და ეს გარემოებები შესაძლებელია დადგინდეს მოწმეთა ჩვენებებით [სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლები].

12. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც წარმოადგენდნენ დაზარალებულის თანასოფლელებს და მეზობლებს სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნდა კარგი მატერიალური მდგომარეობა, საცხოვრებელი სახლი კეთილმოწყობილი ჰქონდათ, გააჩნდათ როგორც საოჯახო ტექნიკა, ისე მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო ყველა ნივთი, ძვირადღირებული ავეჯი. ცხადია, მეზობლებს განადგურებულ საცხოვრებელ სახლში არსებულ ყველა ნივთზე ვერ ექნებოდათ ინფორმაცია, მაგრამ მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ ოჯახი იმდენად მოწესრიგებულად ცხოვრობდა, რომ თანასოფლელები მათგან თხოულობდნენ სხვადასხვა ტექნიკას, ოჯახს ასევე გააჩნდა გრძელი კარავი, ე.წ. „სეფა“, რომელსაც სოფელში აქირავებდნენ ქორწინების თუ სხვა სარიტუალო ღონისძიებების დროს. ამდენად, სასამართლოს სარწმუნოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლში იყო 39 000 ლარის ღირებულების ნივთები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სახლი იყო ორსართულიანი, ავეჯით გაწყობილი, საოჯახო ტექნიკით აღჭურვილი და ა.შ.

13. სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია საცხოვრებელი სახლის ღირებულების განსაზღვრა 39 600 ლარით. ამ თვალსაზრისით, არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულება - კერძო კომპანიის დასკვნა, რომლითაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 13000 ლარით.

14. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ - გ. ფცქიალაძის, ი. შარიქაძის, მ. შარიქაძის, რ. მაღრაძის ჩვენებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა, მათ გააჩნდათ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ოჯახს ჰქონოდა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა შპს „Audit Consulting Group”-ის შეფასება საცხოვრებელი სახლის ღირებულების თაობაზე.

15. ხანძრის შედეგად ასევე განადგურებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარაგის ნაწილში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულის ოჯახი ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მათ მოჰყავდათ ყველა ის პროდუქტი, რისი მოყვანაც სოფელში შეიძლებოდა, ჰქონდათ კარტოფილის, ნიგვზის და ყველის მარაგი. იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა მაღალმთიან სოფელში და როგორც წესი, მოსახლეობა პროდუქტს იმარაგებს ზამთრისათვის, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, როგორც მოსარჩელის მითითება, ისე მოწმეთა ჩვენებები პროდუქტების მარაგის არსებობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მოითხოვდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულების ანაზღაურებას 6700 ლარით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტების რაოდენობა მითითებული იყო დაახლოებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განადგურებული პროდუქტის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო გონივრულ ფარგლებში - 2000 ლარით.

16. კომპანიამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პპ: 1-2, 6-17 და დავის მოსაწერიგებლად გამოიყენა სსკ-ის 992-ე, 1009-ე, 408-ე, 412-ე და 413-ე მუხლები.

18. დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრით, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა სპეციალურ ნორმატიული აქტზე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის N20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის N20 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის უარყოფის მოთხოვნით კომპანიამ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:

20. კასატორის პოზიცია დაზარალებულის შერეულ ბრალის დაუდგენლობას ეფუძნება [სსკ-ის 415-ე მუხლი]. კასატორის მოსაზრებით, ხანძარი, რომელიც ექსპერტთა დასკვნების მიხედვით გამოწვეული იყო ენერგოკომპანიის კუთვნილ ელექტროგადამცემ ქსელში არასტანდარტული ძაბვის მიწოდებით, ვერანაირად ვერ განვითარდებოდა, თუ მოწინააღმდეგე მხარეს ჩართული არ ექნებოდა დატოვებული ტელევიზორი, რომლის კონდესატორის გასკდომა არასტანდარტული ძაბვის ზემოქმედების შედეგად ექსპერტთა დასკვნებშია მითითებული, როგორც ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მხარის წარმომადგენლები საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათთვის ცნობილი იყო ხ---------–ის რაიონის სოფელ ლ------ში ელექტროგადამცემ ქსელში არსებული პერიოდული პრობლემების შესახებ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ არ უზრუნიათ იმაზე, რომ ელექტრომოწყობილობებისათვის, რომელთაც ტოვებდნენ ქსელში ჩართულ მდგომარეობაში მოლოდინის რეჟიმში, შეეძინათ ავტონომიური დაცვის საშუალებები - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომოწყობილობის დაცვას (ელექტროენერგიის მიწოდების მომენტალურად შეწყვეტას) ცვალებადი ძაბვის პირობებში. ამგვარად, მოწინააღმდეგე მხარემ თავადვე, თავისი ბრალეული გაუფრთხილებელი ქმედებებით შეუწყო ხელი საბოლოო შედეგის დადგომას. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს აშკარა ბრალეული ქმედება დაზარალებულის მხრიდან, რომელმაც არ უზრუნველყო სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა (ექსპერტმა გ--–-–---–მაც ზუსტად იგივე განაცხადა სასამართლო სხდომაზე - დაუშვებელია ტელევიზორის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება), ელექტრომოწყობილობა (ტელევიზორი) შეგნებულად დატოვა შეერთებული დენის წყაროში, ავტონომიური დაცვის საშუალების გარეშე მაშინ, როდესაც თავად სახლიდან გადიოდა და უმეთვალყურეოდ ტოვებდა მას და ამ გზით თავადვე შეუწყო ხელი იმ შედეგს, რომელიც საბოლოოდ დადგა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ს 408, 409 და 412-ე მუხლებზე, როგორც ზიანის ანაზღაურების საფუძვლებზე, მაგრამ არ განიხილავს დაზარალებულის ბრალის არსებობის საკითხს დამდგარ შედეგთან მიმართებით.

21. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობასაც. ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პრეტენზია ეფუძნება სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს, სახელდობრ, სადავოა სახლის შეფასება, კერძო კომპანიის დასკვნის სანდოობა, მოწმეთა ჩვენებებისა და ზოგადად აბსტრაქულ მსჯელობებზე დაყრდნობით ზიანის ოდენობის დადგენის მიზანშეწონილობა (იხ., საკასაციო საჩივარი ტ.2, ს.ფ. 78, 79).

22.

სამოტივაციო ნაწილი:

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 08 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ნაწილში ეფუძნება ზიანის დადგომაში დაზარალებულის შერეული ბრალის დაუდგენლობას [სსკ-ის 415-ე მუხლი], ხოლო ზიანის ოდენობის შეფასების ნაწილში, მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას [სსსკ-ის 105-ე მუხლი].

26. კასატორის პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც ფაქტის, ისე სამართლის ნაწილში, კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია) არ წარმოუდგენია. მაშასადამე, ამ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტილ საქმეზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგომისათვის დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

27. რაც შეეხება კასატორის ძირითად პრეტენზიას შერეული ბრალის დაუდგენლობასთან მიმართებით, რაც მისი მხრიდან სადავო იყო ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოებშიც, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარის პრეტენზია იმას ემყარება, რომ „ხანძარი, რომელიც ექსპერტთა დასკვნების მიხედვით გამოწვეული იყო ენერგოკომპანიის კუთვნილ ელექტროგადამცემ ქსელში არასტანდარტული ძაბვის მიწოდებით, ვერანაირად ვერ განვითარდებოდა, თუ მოწინააღმდეგე მხარეს ჩართული არ ექნებოდა დატოვებული ტელევიზორი, რომლის კონდესატორის გასკდომა არასტანდარტული ძაბვის ზემოქმედების შედეგად ექსპერტთა დასკვნებშია მითითებული, როგორც ხანძრის გამომწვევი მიზეზი“ (განჩინების პ: 20). საკასაციო პალატა მოიხმობს სსკ-ის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს რომლის თანახმად, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს არ აგებს იმ ნაკლისათვის, რომლის აღმოჩენა შეუძლებელი იყო მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მწარმოებელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის კომპეტენციაზე, ვალდებულია იზრუნოს პროდუქტის სანდოობაზე, რადგანაც, როდესაც მწარმოებელი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებაზე - სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მისი მოქმედების კეთილსაიმედოობის სტანდარტი იზრდება. მოცემულ საქმეზე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში ხანძრის წარმოქმნის ტექნიკურ მიზეზად დასახელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურში შემავალი მაღალი ძაბვის (10 კვ) საჰაერო ელექტრო გადამცემ ხაზზე, სადენების ერთმანეთთან კუსტარულად მექანიკური გადაგრეხვის წესით მიერთების ადგილას, სუსტი კონტაქტის გამო აღძრული ინდუქციური დენების ხარჯზე ელ. გამანაწილებელ ქსელში ცვალებადი (არასტანდარტული) ძაბვის წარმოქმნის შედეგად ტელევიზორის აალება და შემდგომ ხანძარი (იხ., განჩინების პპ:6-9). დაზარლებულის ბრალის ანდა შერეული არსებობის დამადასტურებელ გარემოებად, ვერ იქნება მიჩნეული კასატორის ის პოზიცია, რომ არსებული ხარვეზების მიუხედავად მოსახლეობას არ უზრუნიათ იმაზე, რომ ელექტრომოწყობილობებისათვის, რომელთაც ტოვებდნენ ქსელში ჩართულ მდგომარეობაში მოლოდინის რეჟიმში, შეეძინათ ავტონომიური დაცვის საშუალებები - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომოწყობილობის დაცვას (ელექტროენერგიის მიწოდების მომენტალურად შეწყვეტას) ცვალებადი ძაბვის პირობებში (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ტ.2. ს.ფ. 77). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის საიმედოობის უზრუნველყოფა კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა და ამ ვალდებულების მოსახლეობისათვის გადანაწილება ვერც მოპასუხის ბრალის გამომრიცხველ და ვერც მოსახლეობის თანაბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. მით უფრო, კასატორის მიერ მითითებული უსაფრთხოების დამატებითი, ალტერნატული საშუალებების გამოყენება შესაძლოა მხოლოდ წუნდებული პროდუქტის მიმწოდებლის ვალდებულებად იქნეს აღქმული.

28. რაც შეეხება ზიანის ოდენობის შეფასებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული საპროცესო ნორმების დარღვევაზე კასატორი არგუმენტირებულად ვერ მიუთითებს. თუკი მივიჩნევთ, რომ კასატორის მოსაზრებით, დარღვევა გამოიხატება მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაში [სსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლები], ვერც ამ საფუძვლით გახდება საკასაციო საჩივარი დასაშვები. საგულისხმოა, რომ ზიანის შეფასების ინდიკატორად დაზარალებული მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძო კომპანიის შეფასებაზე, რომლებსაც თავის მხრივ, მოპასუხე სადავოდ ხდის. მოპასუხის მოსაზრებით, ზიანის მიყენებისა და მისი ოდენობის განსაზღვრა, მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დაუშვებელია. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ობიქტური მოცემულობა შეუძლებელს ხდის იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენას, როგორიცაა კონკრეტულად სახლის, ავეჟის, ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოკვლევა შეფასება (მათი განადგურების გამო). იმავდროულად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების რაიმე სპეციალური სტანდარტი არ მოითხოვება [სსსკ-ის 102.3 მუხლი], სადავო ფაქტოვრივი გარემოების დადგენის ნაწილში, საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ აქვს [სსსკ-ის 105-ე მუხლი] (იხ., სუსგ №ას-43-39-2017, 16 მარტი, 2017 წელი).

29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან დილიქტური პასუხიმგებლობის წარმოშობის სამართლებრივ საკითხზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე---იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ე----იას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 13 იანვარს საგადახადო დავალება N15860007 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (4030 ლარი) – 2821 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე