№330210013233511
საქმე №ას-209-198-2017 28 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ--- მ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – კ-- ჯ---ა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2010 წლის 17 აპრილის ხელწერილით თ--- მ–მა (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) იკისრა ვალდებულება კ- ჯ---ასთვის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) გადაეხადა 17 500 აშშ დოლარი (შემდეგში: სადავო თანხა) 2010 წლის 01 ივნისამდე.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ 17 500 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 341-ე მუხლი].
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 17500 აშშ დოლარი.
4. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილი სადავო თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას, პირველ რიგში, მხარეთა შორის გაანაწილა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი და თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობის მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს, ხოლო დადასტურებული/წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საპირისპირო მტკიცების ტვირთი მოპასუხეს [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლი].
5. მოსარჩელემ დაადასტურა სადავო თანხის გადახდის შესახებ ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, რომლის შესრულებით შეწყვეტის ფაქტის დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო.
6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირება საქალაქო სასამართლომ მოახდინა სსკ-ის 341-ე მუხლით.
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1, 4, 5.
9. სააპელაციო პალატამ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 მაისის დასკვნის შეფასებით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის აღრიცხვის ჟურნალში 42-ე გვერდზე, 28-ე გრაფაში ჩანაწერზე „ჯ---ა კ-–---- ნ-------თან მთლიანი თანხა“ ხელმოწერა არ ადასტურებდა კ-–---- ჯ---ას მიმართ შესრულების ფაქტს [სსსკ-ის 162-ე, 102-ე, 105-ე მუხლები].
10. რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ხელწერილის ასლს, აღნიშნულს მტკიცებულების ძალა არ მიენიჭა და სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ შეფასდა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელწერილი არ წარმოადგენდა მთლიან დოკუმენტს და მას მოსარჩელის მიერ მოხეული ჰქონდა ფურცლის ნაწილი, რომელზეც დატანილი იყო მოსარჩელის ხელწერილი მოპასუხისაგან სადავო თანხის მიღების შესახებ. მისივე განმარტებით, სწორედ მთლიანი დოკუმენტის ასლი იქნა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში, ხოლო რაც შეეხება მოხეული ხელწერილის დედანს, ის მას არ გააჩნდა, რადგან იმყოფებოდა მოსარჩელესთან.
12. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე დაინიშნა საბუთის ტექნიკური ექსპერტიზა იმის გასარკვევად, წარმოადგენდა თუ არა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ერთი საბუთიდან გადაღებულ ასლს, თუ ორი სხვადასხვა დოკუმენტის გაერთიანებით მიღებულ კოპიას.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 სექტემბრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამოსაკვლევი საბუთი (რომელზედაც განთავსებული იყო ორი ხელწერილის ასლი) წარმოადგენდა ორ სხვადასხვა ფურცელზე დატანილ ორი სხვადასხვა ხელწერილის გაერთიანებით მიღებულ ასლს.
14. იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა აპელანტის მიერ წარმოდგენილი საბუთის ასლის ნამდვილობას, ხოლო აპელანტი ვერ ამტკიცებდა დედანი საბუთის წარდგენის შეუძლებლობას საპატიო მიზეზზე მითითებით, სააპელაციო პალატამ, აპელანტის მიერ წარმოდგენილ საბუთის ასლს მტკიცებულებით მნიშვნელობა არ მიანიჭა. მითუმეტეს, რომ მისი წარმოდგენა მოხდა საქმის სააპელაციო განხილვის სტადიაზე [სსსკ-ის 105-ე, 135-ე და 380-ე მუხლი].
15. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამას გარდა სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 430-ე მუხლზე, რომლის დანაწესით, შესრულების თაობაზე დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, შესაბამისად იგი უფლებამოსილია კრედიტორისგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად, შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს კრედიტორის მიერ დადასტურებული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების შესახებ.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რის გამოც, სარჩელი საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
17. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ/აპელანტმა.
18. კასატორი მიუთითებს მის მიერ 2010 წლის 11 ივნისს მოსარჩელისათვის თანხის გადახდის ფაქტზე.
19. იმავდროულად, კასატორი შუამდგომლობს განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერის დასადასტურებლად და არა ტექსტის (ნ-------თან მთლიანი თანხა) დასადგენად, რომელიც მის მიერ არის შესრულებული. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ უნდა დადგინდეს მის მიერ წარდგენილ ქსეროასლზე კ-–---- ჯ---ას მიერ შესრულებული ხელმოწერა.
სამოტივაციო ნაწილი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთადერთ არგუმენტს 2010 წლის 11 ივნისს მოსარჩელისათვის თანხის გადახდა წარმოადგენს, რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ (განჩინების პპ: 9-15) და რომლის სარწმუნოდ დადასტურება მოპასუხემ/აპელანტმა ვერ შეძლო (განჩინების პ:16).
23. იმავდროულად, კასატორი შუამდგომლობს განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერის დასადასტურებლად და არა ტექსტის (ნ-------თან მთლიანი თანხა) დასადგენად, რომელიც მის მიერ არის შესრულებული. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ უნდა დადგინდეს მის მიერ წარდგენილ ქსეროასლზე კ-–---- ჯ---ას მიერ შესრულებული ხელმოწერა.
24. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404 და 407-ე მუხლებზე, რომლებიც შეიცავენ საკასაციო საჩივრის განხილვის პროცედურულ წესებს და აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს საკასაციო საჩივრის განხილვის თვალსაზრისით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის პროცედურული წესები არ მოიცავს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და არც მათ დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნას {სსკ-ის 162-ე მუხლი]. სხვა საკითხია, საქმეზე საპროცესო ნორმების დარღვევა (სსსკ-ის 393.2 მუხლი), რომელთან დაკავშირებითაც კასატორის მხრიდან დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია) არაა წარმოდგენილი. აღნიშნული არც საქმის მასალებით დასტურდება. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობას (საქმის გარემოებათა დადგენასთან მიმართებით) უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და გაზიარებულ უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები [სსკ-ის 407.2}.
25. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო თანხის გადახდის შესახებ მოპასუხის ვალდებულება წარმოშობილად, რომელი ვალდებულების შესრულების (მთლიანად ან ნაწილობრივ) ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხემ სარწმუნოდ ვერც მიუთითა და ვერც დაადასტურა {სსსკ-ის 102-ე მუხლი; სსკ-ის 429, 430-ე მუხლები].
26. რაც შეეხება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტება მოცემულია არაერთ გადაწყვეტილებაში. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).
27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ვალის არსებობის აღიარების {სსკ-ის 341-ე მუხლი] ფორმასა და შინაარსის სამართლებრივი რეგულირება მოცემულია საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე მსჯელობაშიც.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 875 აშშ დოლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა ცნობილი კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან მხოლოდ 30%-ის გადახდა [სსსკ-ის 401.4 მუხლი].
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--- მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. თ--- მ–ის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორ თ--- მ–ს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან (875 აშშ დოლარი) 262.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე