№330210016001275286
საქმე №ას-358-334-2017 13 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო-- ი–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ- კ-ს (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 09 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, დაბა კ--ი, რ--ე-ავის ქუჩის I შესახვევი N6 (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) რეგისტრირებულია გ- კ--–-სის (შემდეგში; მოსარჩელე ან მესაკუთრე) საკუთრების უფლება.
2. სადავო უძრავ ქონებას ფლობს ო-- ი-–ი (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი).
3. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 170-ე და 172-ე მუხლები].
4. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოპასუხეს არ გააჩნია სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
5. მოპასუხემ მარტვივი შედავებით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება.
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
8. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა მოსარჩელე [სსკ-ის 170-ე, 312-ე მუხლები] და მისი ფლობის მართლზომიერი საფუძველი არ გააჩნია მოპასუხეს [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლები].
9. აპელანტმა მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სადავო უძრავო ქონების ფლობის არგუმენტად მოდავე მხარეებს შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებაზე მიუთითა, რომლითაც სადავო ქონებაზე გაგრძელებულ იქნა გამოსყიდვის უფლების მოქმედების ვადა. თუმცა, აპელანტის პოზიცია არ იქნა გაზიარებული მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო {სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები].
10. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება (მაგ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), რომლითაც დადასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ მონაცემთა უსწორობა. თუკი მხარე სადავოდ ხდიდა რეესტრის ჩანაწერის ხარვეზიანობას (მისი კანონთან შეუსაბამობის საფუძვლით) აღინიშნული საჭიროებდა შესაბამის დადასტურებას, რაც აპელანტმა ვერ უზრუნველყო.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე,სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრის პრეტენზიის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ საფუძველზე აპელანტი სარწმუნოდ არ უთითებდა და აღნიშნულს ვერც ადასტურებდა [სსკ-ის 168-ე მუხლი].
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
13. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391.1. „გ“ პუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით (სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).
14. კასატორი სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებაზე, რომლითაც გაგრძელებულ იქნა გამოსყიდვის უფლების მოქმედების ვადა ალტერნატიული ფართის შეთავაზების გამო, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა 80 კვ.მ ი.მ.ა „აკურის" 158 კვ.მ საკუთრებიდან, ვინაიდან აწარმოებდა დავას ამ ამხანაგობასთან და ეს ქონება ყადაღადადებული იყო სწორედ იმ დავის ფარგლებში, შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რის შემდეგ, მოსარჩელემ ადგილზეც ნახა ქონება და ზეპირად განაცხადა თანხმობა გამოსყიდვის ვადის გაგრძელებასა და საბოლოოდ ვალის სანაცვლოდ საოფისე ფართის საკუთრებაში მიღებაზე. სასამართლოს ეს ფაქტი სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უნდა შეეფასებინა როგორც მხარეებს შორის დადებული ნამდვილი გარიგება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 4.1, 102-ე და 103-ე მუხლები, სსკ-ის 312-ე, 170-172-ე, 168-ე მუხლები და არ გამოიყენა სსკ-ის 69.1. მუხლის პირველი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია სააპელაციო საჩივრის ინდენტური საფუძვლები. სახელდობრ, კასატორის უთითებს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდა უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადა (იხ., საკასაციო საჩივარი. ტ.2. ს.ფ. 54, 55), რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების საფუძველზე, რომელიც არაერთხელ განიმარტა გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ: 4.2. და 4.3 -ში, მოპასუხე იყო ვალდებული წარმოედგინა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხორციელების დროებით თუ მუდმივად შემაფერხებელი შესაგებელი (კვალიფიციური შედავება) და დაედასტურებინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება. თუმცა მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სახეზე იყო სსკ-ის 170-ე 172-ე მუხლის განხორცილების ყველა წანამძღვარი: სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, უძრავ ქონებაზე მფლობელობას ახორციელებდა მოპასუხე, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერი საფუძველი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, აღნიშნული კი, სხვისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მისი მესაკუთრისათვის ჩაბარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
19. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო-- ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ო-- ი–ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 03 აპრილს საგადახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე