№080210014633718
საქმე №ას-450-422-2017 11 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „----“
მოწინააღმდეგე მხარე – მ-- მ–-ე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საპროცესო უზრუნველყოფა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „----ს“ (შემდეგში: მოვალე ან მომჩივანი) მ-- მ–-ის (შემდეგში: კრედიტორი ან განმცხადებელი) სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის, 4148,86 ლარის, 460,92 ლარის, 500 ლარისა და 31 ლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად კი, მოვალეს დამატებით, დაეკისრა 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 840 ლარისა და 8 თეთრის გადახდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით კრედიტორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ჯამში, 12500 აშშ დოლარისა და 5980,66 ლარის ოდენობით ყადაღა დაედო მოვალის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 271-ე; 191-ე და 198-ე მუხლები].
3. 2017 წლის 27 თებერვლას საპელაციო სასამართლოს მიმართა კრედიტორმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნით 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
4. განმცხადებელმა მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოვალის მიერ გადაწყვეტილების ზემდგომ (საკასაციო ინსტანცია) გასაჩივრების უფლების გამოყენებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა და შესაბამისად, აღსრულების დაწყება გადაიდება, ამ დროის მანძილზე კი, მოვალემ შესაძლოა ხელი შეუშალოს გადაწყევტილებით დამდგარი იურდიული შედეგის აღსრულებას, იმგვარად, რომ საბანკო ანგარიშიდან გაიტანოს თანხა, მოახდინოს საწარმოს ლიკვიდაცია და ა.შ.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოვალეს შეეძლო საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები გაეხარჯა. ამ შემთხვევაში, მას ქონება აღარ დარჩებოდა და არარსებულ ქონებაზე აღსრულების მიქცევაც შეუძლებელი იქნებოდა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოვალეს რაიმე სახის ლიკვიდური ქონება გააჩნდა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მოვალემ, რომელიც შემდეგნაირად დაასაბუთა:
7. მოვალე მოღვაწეობს ბიზნეს სექტორში და წარმატებით ოპერირებს რეგისტრაციის მომენტიდან და ამ დროიდან კომპანიის საქმიანი რეპუტაცია არასდროს დაყენებულა ეჭვქვეშ. მომჩივანისათვის გაუგებარია თუ რამ ჩამოუყალიბა სასამართლოს იმგვარი რწმენა, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად დაკანონდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კომპანიაში მუშაობს 8 ადამიანი და ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს და გასაღებას საქართველოში, კერძოდ - ქუთაისში და თბილისში იჯარით აღებული მაღაზიისა და საწყობის მეშვეობით. ყოველთვიურად დასაქმებულთა სახელფასო ფონდი მოიცავს 4608 ლარს, ხოლო იჯარის საფასური კი 2102 ლარი. მიმდინარე მარტის თვეში კომპანიას გააჩნია სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულებები, არა მარტო, შემოსავლების სამსახურის, არამედ კერძო იურიდიული პირების წინაშე. ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონტეინერი დაიტვირთა, თუმცა გადასახდელი თანხა შეადგენს 10838,35 ევროს და 9451,73 ევროს და თუკი 2 კვირის განმავლობაში არ მოხდება აღნიშნული თანხის გადახდა, კომპანიას დამატებით, დაეკისრება 5000 ევრო. შემდგომში, საქართველოში საქონლის ტრანსპორტირებას მოსდევს განბაჟება, რაც დამატებითი ხარჯია. მოვალის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით ვერ მოხერხდება ხელფასების და საიჯარო ქირების გასტუმრება და შეკვეთილი იმპორტირებული დაყოვნდება და დაეკისრება დამატებითი ფულადი ჯარიმები.
8. იმავდროულად, მომჩივანი აღინიშნავს, რომ კანონი იცავს არამარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ინტერესებსაც. ამიტომ, პირს შეიძლება დაეკისროს იმ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც შეიძლება მიადგეს მოპასუხეს [სსსკ-ის 199-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]. ასეთი სახის უზრუნველყოფის საშუალებაა ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა [სსსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]. შესაბამისად, განმცხადებელს უნდა დაევალოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა დაყადაღებული თანხის ფარგლებში.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით მოვალის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მას უარი ეთქვა მოსალოდენელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც.
10. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად და საჩივრის განსახილველად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე მუხლით და განმარტა, რომ იგი უფლებამოსილი იყო მოეხდინა იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ ყოფილა.
11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მომჩივანის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეშლის რისკი არ არსებობდა და აღნიშნა, რომ არც საჩივარს თანდართული მასალებითა და არც შემდგომში წარმოდგენილი საბუთებით დასტურდებოდა, რომ მოვალეს გააჩნდა ლიკვიდური ქონება, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. არც ის გარემოება ირკვეოდა, რომ მოვალეს რაიმე უძრავი ნივთი გააჩნდა საკუთრების ან სარგებლობის (იჯარა) უფლებით.
12. მომჩივანის განმარტებით, იგი ახდენდა „იმპორტირებული საქონლის” რეალიზაციას, თუმცა რა სახისა და ღირებულების ნივთებს ფლობდა იგი ამჟამად, წარმოადგენდა თუ არა მათ მესაკუთრეს და შესაძლებელი იყო თუ არა მათზე უზრუნველყოფის მიქცევა, მომჩივანს არც მიუთითებია და არც დაუმტკიცებია. პალატის განმარტებით, საჩივარზე თანდართულ ინვოისებში ჩამოთვლილი ქონება, რომელიც მომჩივანს ჯერ არ მიუღია, მას არ ეკუთვნის, ამიტომ, გადაწყვეტილების აღსასრულებლად არც ისინი გამოდგება.
13. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, მოვალის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა არის ერთადერთი აქტივი, საიდანაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მისი აღსრულება იქნება შესაძლებელი. მით უფრო, საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა და მისი გახარჯვა მომჩივანს დაუბრკოლებლად და ნებისმიერ დროს შეუძლია.
14. მომჩივანის მოთხოვნა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თობაზე არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ მომჩივანი აღნიშნავდა, რომ 12500 აშშ დოლარსა და 5980,66 ლარზე ყადაღის დადებით საქმიანობას, პრაქტიკულად, შეწყვეტდა, თან უთითებდა, რომ წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საწარმოს და გააჩნია „ოქროს რეიტინგი”. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, „ოქროს რეიტინგის” მქონე კომპანიის საქმიანობას დაახლოებით 15000 აშშ დოლარზე ყადაღის დადება არსებითად ვერ შეაფერხებდა. გარდა ამისა, საჩივარს თანდართული ინვოისებიდან ირკვეოდა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდეგ, მოვალემ ესპანეთში 20000 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია შეუკვეთა, რომლის ფასიც მას, როგორც ჩანს, არ გადაუხდია. მომჩივანის მიერ წარმოდგენილ ცნობაში კი მითითებული იყო, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში მისმა ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 40739,59 ლარი. აქედან დგინდებოდა, რომ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ მოვალეს დარჩება საკმარისი თანხა, როგორც ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე სამეწარმეო საქმიანობის გასაგრძელებლადაც.
15. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი ანდა არაქონებრივი დანაკლისი, რომელსაც უფლებამოსილი პირი მოვალის არამართლზომიერი ქმედებით განიცდის. მომჩივანის მიერ გადასახდელი ხელფასი და იჯარის ქირა არის მისი არსებული ვალდებულებები მესამე პირების მიმართ და მომჩივანმა ისინი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. ამიტომ, ეს ვალდებულება შეუძლებელია ზიანად ჩაითვალოს, ხოლო მიმწოდებლის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მომჩივანს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო პალატა საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინების კანონიერებაზე, რომლთაც განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ჯამში, 12500 აშშ დოლარისა და 5980,66 ლარის ოდენობით ყადაღა დაედო მომჩივანის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში.
18. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. მაშასადამე, სსსკ-ის 271-ე მუხლის ბლანკეტური დათქმის პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
20. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი და მისი განხორციელების საპროცესო წინაპირობები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასაართლოს არაერთ განჩინებაში. ერთ-ერთ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს“. იხ., № ას-859-825-2016, 28 ნოემბერი, 2016 წელი.
21. სსსკ-ის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილი იქნას გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედ გვევლინება“ (იხ. სუსგ № ას -69-63-2015, 19.03.2015).
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის, 4148,86 ლარის, 460,92 ლარის, 500 ლარისა და 31 ლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად კი, მოვალეს დამატებით, დაეკისრა 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 840 ლარისა და 8 თეთრის გადახდა (განჩინების პ: 1). გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მისი აღსრულების დაბრკოლების ანდა შეუძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება [სსსკ-ის 271-ე, 191-ე 198-ე მუხლები] (განჩინების პ: 2).
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის საჭირო იყო მოვალის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ხოლო მომჩივანის პრეტენზია, რომ არ არსებობდა ვარაუდის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, მოვალის მხრიდან განხორციელდებოდა რაიმე ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშესაშლელად, საფუძვლად ვერ დაედება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მოვალის ამგვარი პოზიცია მართალია პატივსაცემია, თუმცა, განმცხადებლის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს უფლებაა და იმავდროულად, ვალდებულებაც ლეგიტიმურ საფუძველზე და გონივრულ ფარგლებში განახორციელოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება [სსსკ-ის 271-ე, 191-ე 198-ე მუხლები].
24. ამასთან, მომჩივანის არგუმენტი, რომ ლეგიტიმურ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს იმგვარი მსჯელობა, რომ კანონიერ ძალაში შევა კრედიტორის მატერიალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, ვერ იქნება გაზიარებული მომჩივანის მიერვე მითითებულ კონტექსტში (განჩინების პ: 7). საკასაციო პალატა იზარებს მომჩივანის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითადი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველყოფაცაა გასაჩივრებული ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული და მოვალეს გააჩნია კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ზემდგომ ინსტანციაში შეამოწმოს მისი კანონიერება, თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულების ნორმატიული საფუძვლის [სსკ-ის 271-ე მუხლი] გამოყენება დასაშვებია ნებისმიერ ეტაპზე მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული ამავე განჩინების პ:22-ში მოცემული განმარტების შესაბამისად. ლოგიკურია, კანონმდებელი არ უგულვებელყოფს კრედიტორის მოწინააღმდეგე მხარის უფლებას გასაჩივრებაზე, თუმცა, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებსა და გამოყენებას აღნიშნული ვერ დააბრკოლებს.
25. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მომჩივანს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზუნველყოფის ღონისძიება არის პროპორციული და ადეკვატური, ხოლო მისმა გამოუყენებლობამ შესაძლოა გააძნელოს გადაწყვეტილების აღსრულება ან გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ღონისძიებების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
26. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას მის მიმართ მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიის შექმნის მიზნით, მოსალოდნელი ზარალის, არანაკლებ დაყადაღებული საბანკო ანგარიშების ფარგლებში, სასამართლო დეპოზიტზე განთავსების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით მოპასუხისათვის განსაზღვრულია უფლებამოსილება, განცხადებით მოითხოვოს მისი უზრუნველყოფის გარანტია სასამართლოსაგან. თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა მოპასუხის (მოვალის) მტკიცების ტვირთია [სსსკ-ის 102-ე მუხლი], ვინაიდან ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს და ასევე სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ზიანის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში ზიანი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ხდება და მან უნდა ამტკიცოს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლებები დაუშვებლად ილახება და ზიანი ადგება, ან გარდაუვალია მისთვის ზიანის მიყენება [სსსკ-ის 199-ე, მე-4 და 102-ე მუხლი}, რაც მომჩივანმა ვერ განახორციელა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „----ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე