Facebook Twitter

№330210117001671615

საქმე №ას-471-439-2017 19 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ--- წ--ი (მოპასუხე)

საჩივრის ავტორი - სს „--ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტისა და 05 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 06 იანვარს სარჩელით მომართა სს ,,თ --მა” (შემდეგში: მოსარჩელე ან განმცხადებელი) მოპასუხე დ- წ--ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1) მოპასუხეს აეკრძალოს 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში სს ,,ს- ში” (შემდეგში: ბანკი) დასაქმება და აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა; 2) მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული 63 809 ბონუს აქციის უკან დაბრუნება. მოგვიანებით, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მოპასუხისათვის 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ბანკში დასაქმებისა და აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვა, რაზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არც მოსარჩელის მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით.

2. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის ფარგლებში იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და 2017 წლის 15 მარტის განჩინებით საჩივარი და შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აუკრძალა 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ბანკში დასაქმება და აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა. იმავდროულად, დაავალა განმცხადებელს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანა. განჩინება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. განჩინების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 191-ე და 198-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც ამგვარი ღონისძიების გამოუყენებლობით მხარეს (მოსარჩელეს) შეიძლება მიადგეს. ამიტომაც, რიგ შემთხვევებში, სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც დროებითი ღონისძიება, სასარჩელო მოთხოვნის იდენტურია. ეს ის შემთხვევებია, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა იზრდება, ან ზიანის შემდგომ წარმოშობის საფრთხე არსებობს. ასეთ ვითარებაში, სასამართლო აფასებს არა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების რისკებს, არამედ მისი გამოუყენებლობის სამართლებრივ შედეგებს.

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიიჩნია შემდეგი: მოპასუხე წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებული იყო მოსარჩელე ბანკში. აღნიშნული ბანკი წარმოადგენდა საბანკო სექტორის ერთ-ერთ მსხვილ საკრედიტო დაწესებულებას, ხოლო ბანკი, სადაც 2017 წლიდან იყო დასაქმებული მოპასუხე, ასევე წარმოადგენდა საქართველოს საბანკო სექტორის ერთ-ერთ მსხვილ დაწესებულებას. ამდენად, მოპასუხის, როგორც ყოფილი ასევე ამჟამინდელი დამსაქმებელი ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე სუბიექტებსა და მაშასადამე, კონკურენტ კორპორაციებს წარმოადგენენ.

5. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტიც, რომ 2017 წლის იანვრიდან კონკურენტ კორპორაციაში მოპასუხე დასაქმებულ იქნა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კორპორატიული საინვესტიციო ბანკინგის ხაზით. შესაბამისად, კონკურენტ დაწესებულებაში დასაქმების გარდა, სახეზე იყო ასეთ დაწესებულებაში იმავე საქმიანობის შესრულების პერსპექტივა, რასაც მოპასუხე მხარე მოსარჩელე ორგანიზაციაში გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული ბიზნესის დირექტორის თანამდებობაზე ახორციელებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ მოპასუხისთვის კონკურენტ საბანკო დაწესებულებაში დასაქმების და მასთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვის გამოუყენებლობით შესაძლოა შეუძლებელი გამხდარიყო დარღვეული უფლების განხორციელება და ასევე მოსარჩელე მხარისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულის დასკვნის საფუძველს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ კორპორაციული ბიზნესის დირექტორის ფუნქციების შესრულებისას მიღებული ცოდნის და კვალიფიკაციის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოყენების თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ასეთ დაწესებულებაში გათავისუფლებიდან ექვსი თვის გასვლამდე დასაქმება. აღნიშნული კი თავის მხრივ იმაზე მიუთითებდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საბანკო სფეროში მოღვაწე სუბიექტისთვის კონკურეტი ბანკისთვის მასთან დასაქმებული პირის მხრიდან მუშაობის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, აგრეთვე იშუამდგომლა უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული [განჩინება: 29 მარტი, 2017 წელი; სსსკ-ის 1971 მუხლი]

7. იმავდროულად, ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბანკმა. მისი, როგორც დაინტერესებული მხარის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში [განჩინება: 03 აპრილი, 2017 წელი; სსსკ-ის 1971, 285-ე, 368-ე მუხლები].

8. მოპასუხის მოსაზრებით, დაუშვებელია კონკრეტული სახელშეკრულებო პირობების შესრულების დავალდებულება მხარისთვის სარჩელის უზრუნველყოფის სახით. სასამართლო შინაარსობრივად გასცდა უზრუნველყოფის, როგორც დროებითი მექანიზმის ფარგლებს და სარჩელის უზრუნველყოფით სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა შეუქცევადად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ იყო უკიდურესი აუცილებლობა. იმავდროულად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, თუ რა პერიოდი უნდა ჩათვლილიყო დასაქმების შეზღუდვის ვადის ათვლის თარიღად - 2016 წლის იანვარი, 2016 წლის 16 ნოემბერი, თუ სხვა თარიღი. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად შეესაბამებოდა დასაქმების მოთხოვნის აკრძალვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 419-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს როგორც ფინანსური პასუხისმგებლობის დაყენება, ასევე ვალდებულების შესრულება. მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევას მოპასუხისათვის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის უფლების შეზღუდვა 2 თვის დაგვიანებით, მაშინ როდესაც მოსარჩელე წერილებზე პასუხის გაცემის გონივრულ ვადად განსაზღვრავდა 3 დღეს. მოპასუხე თითქმის 3 თვეა დასაქმებულია ბანკში და აქამდე, არათუ რაიმე მნიშვნელოვანი/გამოუსწორებელი ზიანი არ მისდგომია მოსარჩელეს, არამედ რაიმე მითითებაც კი არ არის კონკრეტული ზიანის ფაქტზე. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ზიანზე დაუსაბუთებულია. მოპასუხის მოსაზრებით არაეფექტურია მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინება, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტს.

9. ბანკის მითითებით, მასსა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ხელშემშლელი ნებისმიერი პირობა, რომელიც დაავალდებულებს მოპასუხეს ცალმხრივად, დაუყოვნებლივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებისა და მისი შემცვლელი პირისთვის კეთილსინდისერად გონივრულ ვადაში გადაბარების გარეშე, დაუყოვნებლივ მიატოვოს დაკავებული თანამდებობა და შეწყვიტოს დაკისრებული ვალდებულების შესრულება, მნიშვნელოვან მატერიალურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ბანკს. ზიანის თავიდან არიდებას შეუძლებელს გახდის ის გარემოებაც, რომ ბანკის დირექტორის წევრის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი კადრი დააკმაყოფილებს ,,კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის N50/04 ბრძანებით განსაზღვრულ სტანდარტებს. ასეთი კადრის მოძიება, შერჩევა და თანხმობის მიღება მყისიერად ვერ მოხდება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხის ბანკში საქმიანობისას მის მიერ მოსარჩელის ბანკში საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას. საჩივრის ავტორის მითითებით იმ პირობებში, როდესაც 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხეს 2017 წლის 01 იანვრიდან აეკრძალა ბანკში დასაქმება, ამ დროისთვის კი ბანკსა და მოპასუხეს შორის უკვე არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და იგი რეგისტრირებულია რეესტრში, რომლის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბანკში დასაქმებისა და მასთან ყოველგვარი პირდაპირი თუ არაპირდაპირი თანამშრომლობის აკრძალვა ეჭქვეშ დააყენებს 2017 წლის 01 მარტიდან 15 მარტამდე, პერიოდში დ----- წ---–-----ის, როგორც ბანკის წარმომადგენლის სახელით დადებულ გარიგებებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

10. თბილისის სააპლაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 აპრილის განჩინებით ბანკის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი განჩინება. მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 01 ივლისამდე ბანკში დასაქმება და აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა. ამ ნაწილში, განჩინება სააპელაციო პალატამ შემდეგი საფუძვლებით დაასაბუთა: მოპასუხე 09 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში მონაწილეობდა ბანკის სახელით კონტრაჰენტებთან ურთიერთობაში, რის გამოც საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ პერიოდზე აკრძალვის გავრცელებამ შესაძლოა შექმნას ბანკისთვის ზიანის საფრთხე, რის გამოც დროის მონაკვეთში: 2017 წლის 01 იანვრიდან ამავე წლის 15 მარტამდე პერიოდზე მოპასუხის ბანკში დასაქმების და თანამშრომლობის აკრძალვის გაუქმების ნაწილში ბანკის საჩივარი საფუძვლიანი იყო [განჩინების პ: 7].

11. დანარჩენ ნაწილში მოპასუხისა და ბანკის საჩივრები [განჩინების პ:6,7] თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გამოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინება დასაბუთებელია სსსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით. სააპელაციო პალატა გამარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნის თავისებურების გათვალისწინებით სრულიად დასაშვებია სარჩელის და უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნების თანხვედრა, რაც არ ნიშნავს, მათ ერთიდაიგივეობას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სხავდასხვა სამართლებრივი წინაპირობები გააჩნიათ, ვინაიდან ერთი ემსხურება მეორის განხორციელებას. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიება ყველა შემთხვევაში დროებითი ღონისძიებაა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორცილებას ისახავს მიზნად. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მხარეთა ზეპირი მოსმენისას შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე 2013 წლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე დასაქმებული იყო მოსარჩელე ბანკში კორპორატიული ბიზნესის დირექტორის თანამდებობაზე, ამასთან, იგი იკავებდა გენ. დირექტორის მოადგილის პოზიციასაც. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოპასუხემ პირადი განცხადებით ითხოვა 2017 წლის 01 იანვრიდან თანამდებობიდან მისი გათავისუფლება. მოსარჩელე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ (2016 წლის 27 დეკემბერს) დაკმაყოფილდა მოპასუხის გაცხადება 2017 წლის 01 იანვრიდან მასთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეიცავდა კონკურენციის არგაწევის შეთანხმებას, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. უდავოა, რომ მოპასუხემ 2016 წლის 20 დეკემბერს გააფორმა შეთანხმება ბანკთან დასაქმებაზე გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კორპორატიული საინვესტიციო ბანკინგის ხაზით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 09 იანვრიდან. სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა განმცხადებელმა შემდეგი საფუძვლებით დაასაბუთა: კონკურენტ საბანკო დაწესებულებაში დასაქმების პირობებში არსებობს მაღალი ხარისხის რისკი, რომ მოპასუხე უკვე იყენებს და მომავლშიც გამოიყენებს იმ ინფორმაციას და ცოდნას, რასაც იგი მოსარჩელე ბანკში საქმიანობის შედეგად, კერძოდ, კორპორატიული ბიზნესის მართვის მიმართულებით დაეუფლა და, რომელიც წლების განმავლობაში მოპოვებულია კონკრეტული კომპანიის მიერ მისი თანამშრომლების ამ კომპანიაში საქმინობის შედეგად და რომლის კომპენსირება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეუძლებელია. შესაბამისად, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა [სსსკ-ის 191-ე მუხლი].

12. რაც შეეხება მხარეთა უფლებების პროპორციულად დაცვის პრინციპებს პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხევევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სტადიაზე მოსარჩელე მხარის ე.წ. „ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესის’’ დაცვას უპირისპრდებოდა მოპასუხის თავისუფალი შრომის უფლების შეზღუდვა, რომლის კომპენსირებაც, სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლებელი იყო შეზღუდვის ექვსთვიან პერიოდზე უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებით, რაც დადგენილ იქნა მოცემულ საქმეზე მოსარჩელისთვის 90 000 აშშ დოლარის ოდენობით უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენით.

13. ბანკის საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც წესი, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დასაბუთებული განცხადების პირობებში გამოიყენება. თუმცა, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ (2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება №ას-1461-1379-2012). განმცხადებელმა მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ კონკურენტ საბანკო დაწესებულებაში დასაქმების პირობებში არსებობს მაღალი ხარისხის რისკი, რომ მოპასუხე უკვე იყენებს და მომავლშიც გამოიყენებს იმ ინფორმაციას და ცოდნას, რასაც იგი მოსარჩელე ბანკში საქმიანობის შედეგად, კერძოდ, კორპორატიული ბიზნესის მართვის მიმართულებით დაეუფლა, რომლის კომპენსირებაც მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეუძლებელია. პალატამ აღნიშნა, რომ აკადემიურ ლიტერატურაში არსებობს ე.წ. ,,გარდაუვალი გამჟღავნების დოქტრინა’’, რომლის შესაბამისად, შეუძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ სამსახურის შეცვლისას პირი არ გამოიყენებს წინა დამსაქმებელთან მუშაობისას მიღებულ ცოდნას, რაც სასარგებლო იქნება ახალი დამსაქმებლისთვის, მაგრამ ქმნის წინა დამსაქმებლის დაზარალების საფრთხეს (Harris, Y.O. The doctrine of inevitable Disclosure, Washington University law Reviw 78(1). პალატამ განჩინების გაუქმების საფუძვლად არ გაიზიარა ბანკის არგუმენტი „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებით განსაზღვრული სტანდარტის საფუძველზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოპასუხის ჩანაცვლების შეუძლებლობის შესახებ.

14. მოპასუხის პოზიციაზე, რომელიც მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების საკითხის კვლევას შეეხებოდა სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული არსებითი დავის საგანას შეეხებოდა, რაზედაც უზრუნველყოფის ეტაპზე ვერ იმსჯელებდა.

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა სსსკ-ის 194-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და აღნიშნა, რომ საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერებასთან მიმართებით დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც მათ არ წარმოუდგენიათ.

16. განჩინების გასაჩივრების წესის განმარტებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 1971 მუხლის მეორე ნაწილზე და საქმე საჩივართან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა ზემდგომ სასამართლოში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხისა და ბანკის საჩივრები დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

18. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება) განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

20. მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ და არ დააკმაყოფილა იგი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება). ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არც მოსარჩელის მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის განჩინება).

21. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და ბანკი, როგორც დაინტერესებული პირი (განჩინების პპ: 6, 7) და წარადგინა მასზე საჩივარი.

22. სააპელაციო სასამართლომ ბანკის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე ბანკისა და მოპასუხის საჩივარი დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში (განჩინების პპ: 2,6,7,10,11) .

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება შეიძლებოდა თუნდაც მოწინააღმდეგე მხარისათვის, რადგანაც ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელო ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 1971 მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

24. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანცია აღარ შეამოწმებს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია სსსკ-ის 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც პროცესუალური შედეგის განმსაზღვრელად მიიჩნევს სსსკ-ის 419-ე მუხლს, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საჩივრის განხილვის დასრულებაზე (სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

25. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის/განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში, შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს მესამე ინსტანცია - საკასაციო სასამართლო.

26. საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით პალატა კვლავ დაუბრუნდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971.3 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ Nას-976-940-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; სუსგ №ას-625-597-2016, 29 ივლისი, 2016 წელი). ამავე საპროცესო სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მომჩივანის იმ მოთხოვნაზე (შუამდგომლობა), რომელიც 2017 წლის 12 აპრილის წერილობითი სახით იქნა წარმოდგენილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში და შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შეჩერებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ- წ-ისა და სს „--ის“ საჩივრები მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტისა და 05 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე