Facebook Twitter

საქმე №ა-581-შ-15-2017 22 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. კ.-ი (ნ.-)

წარმომადგენელი – თ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ს. კ.-სა (ნ.-) და თ. კ.-სს შორის 2010 წლის 7 ოქტომბერს საქართველოში, ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი ნომერი ...) შეწყდა.

ს. კ.-ის (ნ.-) წარმომადგენელმა შ. მ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით ს. კ.-ის (ნ.-) წარმომადგენელ თ. მ.-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით, დაადასტუროს, რომ გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ს. კ.-ისა (ნ.-) და თ. კ.-ის ქორწინების თარიღი და საქმეში წარმოდგენილ ქორწინების მოწმობაში მითითებულ თარიღი ერთი და იგივეა.

აღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ თ. მ.-ს, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2017 წლის 1 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს. კ.-ის (ნ.-) წარმომადგენელ თ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ თ. მ.-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2017 წლის 1 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2017 წლის 16 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. კ.-ის (ნ.-) წარმომადგენელ თ. მ.-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. კ.-ის (ნ.-) წარმომადგენელ თ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბიდენკოპფის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი