საქმე №ა-1375-შ-36-2017 10 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. კ.-ი
წარმომადგენელი – ბ. გ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ.-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. კ.-სა და ნ. ტ.-ოს შორის ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სამოქალაქო აქტების განყოფილების მიერ 2008 წლის 9 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი (...) შეწყდა.
ლ. კ.-ის წარმომადგენელმა ბ. გ.-ამ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ. კ.-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორი იყო.
2017 წლის 4 აპრილს ლ. კ.-ის წარმომადგენელმა ბ. გ.-ამ შუამდგომლობით კვლავ მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. კ.-ის შუამდგომლობას უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და ნორმის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. კ.-მა ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ნ. ტ.-ოს მისამართი, გარდა იმისა, რომელიც უკვე მითითებული ჰქონდა იმ შუამდგომლობაში, რომელიც საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველად მოწინააღმდეგე მხარის არასწორი მისამართის მითითების გამო. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, თუ რა ღონისძიებებს მიმართა შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარის მისამართის დასადგენად, რაც მისი შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ.-ის შუამდგომლობას უკრაინის ქ.ხარკოვის რაიონის, ზოლოჩევსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი