Facebook Twitter

საქმე №ას-254-242-2017 2 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. ნ.-ი, ე. ნ.-ი, მ. ნ.-ი, ზ. ნ.-ი(მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ი. ნ.-ის, ე. ნ.-ის, მ. ნ.-ისა და ზ. ნ.-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება ხელვაჩუარი, სოფ. სარფში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი ... და ... იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხიდან 1/5 მიეკუთვნა ე. ნ.-ს ქონების რეალიზაციის დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ნ.-მა, ე. ნ.-მა, მ. ნ.-მა, ზ. ნ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ი, ე. ნ.-ი, მ. ნ.-ისა და ზ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ნ.-ის, ე. ნ.-ის, ი. ნ.-ისა და მ. ნ.-ისათვის ე. ნ.-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების თანხის – 500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ნ.-ს, ე. ნ.-ს, ი. ნ.-სა და მ. ნ.-ის ე. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 120 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ნ.-მა, ე. ნ.-მა, მ. ნ.-მა, ზ. ნ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ.-ის, ე. ნ.-ის, მ. ნ.-ისა და ზ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ როგორც კასატორები ე. ნ.-ი და ზ. ნ.-ი, ასევე მათი წარმომადგენლები რ. ბ.-ე და თ. ჭ.-ე (იხ. ს.ფ.164166). ასეთ შემთხვევაში კასატორები ან მათი წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2017 წლის 5 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორების წარმომადგენელმა თ. ჭ.-ემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2017 წლის 11 იანვარს.

2014 წლის 30 დეკემბერს დიდი პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2017 წლის 6 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორების წარმომადგენლებმა რ. ბ.-ემ და თ. ჭ.-ემ ფოსტას ჩააბარეს 2017 წლის 27 იანვარს (იხ. ს.ფ.179-190) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ნ.-ის, ე. ნ.-ის, მ. ნ.-ისა და ზ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი