Facebook Twitter

საქმე №ას-262-250-2017 5 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. მ.-ე

მესამე პირები – მ. ბ.-ი, შ. ბ.-ი, ქ. ბ.-ი, ნ. ბ.-ი, ა. ბ.-ი, მ. ბ.-ი, ნ. ჩ.-ა, ო.კ.-ა, ბ. ბ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. მ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ. ბ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ. ბ.-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდა წ.-ის სოფელ ქ.-ში ზ. მ.-ის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან (ს/კ ...). გამოთავისუფლდა წ.-ის სოფელ ქ.-ში მდებარე უძრავი ქონება მოპასუხის და მესამე პირების კუთვნილი მოძრავი ქონებიდან. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ.-მადა მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. მ.-ის სარჩელი წ.-ის სოფელი ქ.-ში, ზ. მ.-ის უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) შ. ბ.-თან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლებისა და მესამე პირების კუთვნილი მოძრავი ნივთებისაგან ამ ქონების გამოთავისუფლების თაობაზე. ზ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა, წ.-ის სოფელ

ქ.-ში, მისი კუთვილი უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) შ. ბ.-თან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლებისა და მესამე პირების კუთვნილი მოძრავი ნივთებისაგან, ზ. მ.-ის უძრავი ქონების გამოთავისუფლების თაობაზე, დარჩა განუხილველად. გადაწყვეტილება, წ.-ის სოფელი ქ.-ში, ზ. მ.-ის უძრავი ქონებიდან ს/კ ... შ. ბ.-ის გამოსახლებისა და მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებისაგან ამ ქონების გათავისუფლების ნაწილში დარჩა უცვლელად. შ. ბ.-ის სააპელაციო მოთხოვნა, მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის, ადვოკატ ბონდო ბრეგაძის აცილებაზე უარის თქმისა და მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო 2016 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებების, ასევე საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის და სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2017 წლის 14 მარტს შ. ბ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით შ. ბ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

2017 წლის 14 მარტს შ. ბ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით შ. ბ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შ. ბ.-ის შვილს – შ. ბ.-ს ჩაბარდა 2017 წლის 22 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის ოჯახის წევრს (შვილი) – შ. ბ.-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 22 მარტს, საქმეში შ. ბ.-ის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.325). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 23 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 27 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს და ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი