3გ-ად-18-კს-03 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 22.03.02წ. გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდის მიმართ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ს ჩაეთვალა შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის შრომით სტაჟად უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი 1967 წლიდან 1972 წლამდე; სოც. უზრუნველყოფის ფონდს დაეკისრა 1998წ. 12 სექტემბრიდან მოსარჩელის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, ასევე საპენსიო დანამატის 21 ლარის დანიშვნა და მიუღებელი დანამატის 252 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შს მთავარ სამმართველოს დაევალა ჯ. მ-ის სასარგებლოდ 10 თვის ერთდროული დახმარების სახით 1070 ლარის გადახდა.
06.06.02წ. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ჯ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.12.92წ. განჩინებით სოც. უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს დარღვეული აქვს სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ფონდის წარმომადგენლის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფონდს ჩაბარდა სკ-ს დებულებათა დარღვევით, სახელდობრ ჩაბარებისას ხელს აწერს თ.ქ-ა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში არაუფლებამოსილ პირს წარმოდგენდა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე თვლის, რომ რაიონული გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარება მოხდა სსკ-ს 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ გადაწყვეტილების ასლს ხელს უნდა აწერდეს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უნდა ერტყას კანცელარიის ბეჭედი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-მა ფონდში წარადგინა მისთვის გადაცემული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი. ამასთან, საქმეში არ არის ჯ. მ-ის ხელწერილი იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა ფონდისთვის გადასაცემად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მისი წარმოებაში მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 29.01.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 369-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ერთ თვეს შეადგენს, ვადის დინება იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 16.04.02წ., აღნიშნულს ადასტურებს საქმეში დაცული რაიონული სასამართლოს 22.03.02წ. გადაწყვეტილების ასლზე არსებული შტამპი, წარწერით “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი”, ¹5065, თარიღი 16.04.02წ. და ხელმოწერა “მივიღე თ. ქ-ა”. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ქ-ას არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება წარმოედგინა ფონდი განსახილველ საქმეში და მიეღო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არსებობს სოც.უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ი. კ-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც თ. ქ-ას ენიჭება უფლებამოსილება გაუწიოს ფონდს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოსახლეობის მხრიდან საპენსიო საკითხებზე აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით. მინდობილობა, სხვა საპროცესო მოქმედებებთან ერთად, ანიჭებს წარმომადგენელს უფლებამოსილებას გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ფონდს 16.04.02წ. სსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იქნა 06.06.02წ., რასაც ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე დასმული სასამართლოს შტამპი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელს გაცდენილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 1 თვიანი ვადა, აღნიშნული ვადა არის აღმკვეთი ხასიათის და მისი აღდგენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაცულია სასკ-ს მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, ანუ გადაწყვეტილება შეიცავს გასაჩივრების შესაძლებლობის განმარტებას, მითითებას იმ ორგანოზე, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მის ადგილსამყოფელზე, გასაჩივრების ვადაზე და წესზე. ამდენად, ვერ იქნება გამოყენებული სასკ-ს მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები.
პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ფონდის წარმომადგენელმა, იურიდიული სამსახურის უფროსმა გამოიყენა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილება, ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.12.02 წ. განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.