საქმე №ას-300-284-2017 24 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ს.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ.-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ბ.-ს“ რ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა:
ა)2014 წლის მარტიდან (ანუ ხელფასის მიუღებლობის დღიდან) 2015 წლის აპრილის ჩათვლით (სარჩელის აღძვრამდე) ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა;
ბ) 2015 წლის მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვური სარჩო 60 ლარის ოდენობით;
გ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის სრულ გამოჯანმრთელებამდე 60 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო რ. ს.-ემ შემოიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუმქება სარჩელის დაკმყოფილების უარის თქმის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ შ. ჯ.-ეს შპს „ბ.-ის“ საკასაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2017 წლის 21 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 22 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 31 მარტს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი რ. ს.-ის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 11 აპრილს, ე.ი. შეგებებული საკასაციო საჩივრის 10-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ს.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი