Facebook Twitter

საქმე №ას-334-313-2017 23 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „პ.-ი+,“ ჟ. ხ.-ი, ო. ფ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ს.-ი,“ ნოტარიუსი ხ. კ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „პ.-ი+მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ს.-ის“ მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ.-ი+-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნოტარიუს ხ. კ.-ის 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №...). გაუქმდა მერვე პუნქტში – „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა.“ სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი. დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს „პ.-ი+-თან“ და სს „ს.-თან“ ერთად გაასაჩივრეს მესამე პირებმა – ც. კ.-ემ, ტ. დ.-ემ, ჟ. ხ.-მა, ო. ფ.-მა, მ. ც.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „პ.-ი+-ის,“ ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, ჟ. ხ.-ის, ო. ფ.-ის, მ. ც.-ის წარმომადგენელმა რ. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „პ.-ი+-ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ცინცქილაძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მითითებულ პირთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ცინცქილაძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „პ.-ი+-ის,“ ჟ. ხ.-ისა ო. ფ.-ის წარმომადგენელმა რ. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პს „პ.-ი+-ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის წარმომადგენელ რ. ფ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „პ.-ი+-ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღებისთანავე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

სამის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების მესამე პირებად საქმეში ჩაბმის საკითხი საკასაციო სასამართლომ უკვე განიხილა, შესაბამისად, ზემომითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 264-ე, 272-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ.-ი+-ის,“ ჟ. ხ.-ისა და ო. ფ.-ის წარმომადგენელ რ. ფ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი