№ას-364-348-2016 14 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ. მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. ნ-ე (შემდგომში - დასაქმებული, მოსარჩელე) 2015 წლის 30 ივლისამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ”ჯ. მ-ის” (შემდგომში - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა ტრანსპორტის რკინიგზელად. (საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - სშკ) მე-6 მუხლი).
2. 2015 წლის 09 ივლისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შუქრუთის მაღაროდან სამი მემანქანე უნდა გადაეყვანათ სხვა მაღაროში. აღნიშნული ფაქტი მან ზე გააპროტესტა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, მაღაროში 15-20 წუთის განმავლობაში დარჩა.
3. 2015 წლის 31 ივლისს, სამსხურში გამოცხადებულ მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2015 წლის 30 ივლისიდან დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა. (შკ-ს 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტი) მან მოსარჩელეს გადაუხადა კანონით დადგენილი 2 თვის კომპენსაცია, ასევე 55 დღით დაგვიანებისათვის კომპენსაციაზე დარიცხული საურავი, სულ ჯამში 1135.77 ლარი. (შკ-ს 38-ე მუხლის მეორე ნაწილი).
4. 2015 წლის 26 აგვისტოს, დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოსთხოვა გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. მას პასუხად ჩაბარდა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმების უფროსის 2015 წლის 1 სექტემბრის წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო 2015 წლის 9 ივლისს მომხდარი ფაქტი. (შკ-ს 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები).
5. 2015 წლის 5 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოში დასაქმებულმა სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 2015 წლის 29 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, მოპასუხე ორგანიზაციისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და 2015 წლის 30 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე და იძულებით გაცდენილი დროის გამო ასანაზღაურებელი თანხის 0.07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების მოთხოვნით. (შკ-ს 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი).
5.1. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო სშკ-ს 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ო” ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ”სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას”. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 9 ივლისს მან გაიგო, რომ სამი მემანქანე უნდა გადაეყვანათ სხვა მაღაროში. აღნიშნულ ფაქტზე, სამუშაო ცვლის დასრულების შემდგომ, მან გამოხატა პროტესტი მდუმარე პოზიციით, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, 15-20 წუთის განმავლობაში. აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
6. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში განმარტა, რომ 2015 წლის 9 ივლისს მოსარჩელის მიერ გამოხატული პროტესტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ”სკანდალი”. მოსარჩელის მიერ დასახელებულმა მემანქანეებმა გადაყვანაზე თანხმობა გამოთქვეს, შესაბამისად, გაურკვეველია, მოსარჩელე რატომ გამოხატავდა პროტესტს, როდესაც არც მისი და არც სხვა დასაქმებულთა უფლებების შელახვას ადგილი არ ჰქონია.
7. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა რკინიგზელის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება, 2015 წლის 30 ივლისიდან, სამსახურში აღდგენამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 553.59 (ხუთაორმოცდაცამეტი ლარის და 59 თეთრის) ლარის გათვალისწინებით. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელ თანხაში ჩაეთვალა მის მიერ მოსარჩელისათვის, 2015 წლის 22 ოქტომბერს გადახდილი თანხა 1135.77 (ათას ას ოცდათხუთმეტი ლარი და 77 თეთრი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის გამო ასანაზღაურებელი თანხის 0.07 %-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმათა შესაბამისად გარანტირებული უფლებაა. მხარისათვის მინიჭებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, იგი არ წარმოადგენს დამქირავებლის ცალმხრივ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული პირისთვის მინიჭებული სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
7.2. სასამართლომ აღნიშნა: ევროპის სოციალური ქარტიის დანართის მეორე ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება (გაფრთხილების გარეშე) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ უკანასკნელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, მაგალითად: როგორიცაა მძიმე გადაცდომა. ქარტიის თანახმად, დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა სახისა და სიმძიმის დარღვევამ გამოიწვია დასაქმებულის გათავისუფლება სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ გამოხატული პროტესტი ვერ იქნება მიჩნეული ამ უკანასკნელის მხრიდან რაიმე სახის დარღვევად, მით უფრო მნიშვნელოვან დარღვევად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის გათავისუფლება არ შეესაბამება ევროპის სოციალური ქარტიით აღიარებულ მოთხოვნებს და არსებითად ეწინააღმდეგება ამ ქარტიით დადგენილ სტანდარტებს. სშკ-ს 38-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც გამოიხატება დასაქმებულის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულებაში. დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, „დამსაქმებლის მიერ, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
7.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე ინფორმირებული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების დღემდე, მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, რაც განხორციელდა მისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სშკ-ს 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება ჩააბარა კანონით დადგენილი 7 დღის ვადაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სხვა უფლებებთან ერთად დარღვეული იყო აღნიშნული უფლებაც.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მას არ უმსჯელია მოსარჩელის არასწორ და გაუმართლებელ ქმედებაზე, არ გაურკვევია, რას უკავშირდებოდა მისი პრეტენზია. საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მოსარჩელე მხარის პროტესტი, რომელმაც საწარმოო პროცესის სერიოზული შეფერხება გამოიწვია.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1..პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ 15-20 წუთის მანძილზე გამოხატულმა პროტესტმა, რომელიც სამუშაო საათების დასრულების შემდგომ განხორციელდა, ხელი შეუშალა საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას და წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. 9.2. პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სავსებით სწორად იქნა მითითებული ევროპის სოციალური ქარტია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ”სამოქალაქო უფლება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დამსაქმებელი ორგანიზაციის დომინანტი მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ განიხილება უფლების მართლზომიერ იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, უპირველესად გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მოსარჩელის ქმედებით საწარმოს რაიმე სახის ზიანი არ მიდგომია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
10.1 კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლებისთვის სშკ-ს 37.1.-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი.
10.2. სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რას უკავშირდებოდა ის გარემოება, რომ არც ერთ მემანქანეს პროტესტი არ გამოუხატავს, მოსარჩელის მხრიდან კი ადგილი ჰქონდა გამოხატვის უფლების ბოროტად გამოყენებას. მოსარჩელის ქმედებამ გამოიწვია სხვა მუშების მოცდენა, რაც აისახა მოპოვების გეგმაზე. საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები - მოწმის ჩვენება და ადმინისტრაციის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ იმ დღეს მადნის მოპოვების გეგმა სათანადოდ არ შესრულდა;
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და კასატორის ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „მნიშვნელოვანია შრომით დავებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება, რადგან საკასაციო სასამართლო, დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერებაზე მსჯელობისას, შრომის კოდექსთან ერთად, იმ საერთაშორისო აქტების გამოყენების სავალდებულოობაზე უთითებს, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან, მათ შორის, ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლი (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876_რს დადგენილებით), რომლის თანახმად შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება (იხ. სუსგ-ები ას 278-264-2016-17.06.2016წ. ბს-822-788(კ-06), 06.02.2007წ; ას-527-495-2010, 11.10. 2010წ; 545-513-2012, 05.10.2012წ.)
18. დასაქმების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართებულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის თავისებურებაზე, რაც შრომით დავებთან მიმართებაში კანონითაა დადგენილი და რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა: სშკ-ს 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ე.ი. ამ ტიპის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა. დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014; №ას-122-114-2015; 922-884-2014; ას-107-103-2016.)
19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, სავალდებულო მტკიცების ფარგლებში, მიუთითებს მოსარჩელის მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ პროტესტმა გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება, რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, როგორც არასაკმარისი მტკიცებულება დასაქმებულის ბრალეულობის დადგენისათვის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა გამოხატვის უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმათა შესაბამისად გარანტირებულია, როგორც შრომის უფლება, ასევე, გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.“ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ნების იმგვარად გამოხატვა, რომელიც ხელყოფდა კასატორის სამეწარმეო მიზნებს, სამუშაო პროცესის სტაბილურობას ან სხვაგვარად ზღუდავდა მის კანონიერ ინტერესებს და შესაბამისად, გაამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტები სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა. კერძოდ, ის, რომ მოსარჩელე პროტესტს გამოხატავდა მუშაობის დასრულების შემდგომ, მაღაროში ე.წ. ”შემკრებ ადგილას” და ამას ხელი არ შეუშლია მადნის მოპოვებითი საქმიანობის მიმდინარეობაზე.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ იმ შეფასებასაც, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევით, კერძოდ, გაფრთხილების ვადის დაუცველად (სშკ-ს 38-ე მუხლის მეორე ნაწილი).
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (გადახდის თარიღი – 11 აპრილი, 2016 წელი, საგადახდო დავალება №0;) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჯ. მ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (996.47 ლარის, მათ შორის: 300.00 ლარის, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.04.2016; 696.47 ლარის, საგადახდო დავალება #1462432452, გადახდის თარიღი 05.05.2016) 70% – 697.52 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი