Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ა-2021-შ-52-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

შუამდგომლობის ავტორი – შპა „ყ-ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ. ალმატის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, №218651/2015

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობას /შპა/ „ყ-სა“ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე, კრედიტორი ან გამყიდველი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას /შპს/ „ზ-ს“ (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე, მოპასუხე, მოვალე ან მყიდველი) შორის, 2014 წლის 21 ივლისს, გაფორმდა ამოფოსის მიწოდების შესახებ ექსკლუზიური ხელშეკრულება №1.. (იხ. ს.ფ. 13-33), რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის მიეწოდებინა პროდუქცია, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების # 3 პ.7ა თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარტიის 1005 ტონის ღირებულება გადაეხადა 2015 წლის 31 მარტამდე.

2. მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. გამყიდველმა მიაწოდა მყიდველს შეთანხმებული მოცულობის - 1005 ტონა საქონელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 367 800 (სამას სამოცდაშვიდი ათას რვაასი) აშშ დოლარი. თუმცა, მყიდველმა ვალდებულება არ შეასრულა, რამაც წარმოქმნა გამყიდველისადმი დავალიანება - 361 800 (სამას სამოცდაერთი ათას რვაასი) აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

3. აღნიშნული საფუძვლად დაედო გამყიდველის მიმართვას სარჩელით ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ. ალმატის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოსადმი (შემდეგში: უცხო ქვეყნის ეკონომიკური სასამართლო) მყიდველის წინააღმდეგ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნას.

4. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებისა და საქმეში განთავსებული გზავნილების (იხ. ს.ფ.45-48) მიხედვით, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული სათანადო წესით, სასამართლო მოსმენის თარიღისა და დროის შეტყობინებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც წარმომადგენლის წარგზავნა უზრუნველყო. შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა ეკონომიკურმა სასამართლომ არასაპატიოდ ჩათვალა და შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად, რაც გამომდინარეობს უცხო ქვეყნის კანონმდებლობიდან, კერძოდ, ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169.4 მუხლიდან.

5. გამყიდველის სასარჩელო განცხადების საფუძველზე უცხო ქვეყნის ეკონომიკურმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველმა მყიდველის მიმართ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება. სასამართლო გადაწყვეტილება დაემყარა მოსარჩელის განმარტებას, საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა და მხარეთა შორის არსებული მიმოწერის სახით. მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა და დააკმაყოფილა იგი.

6. ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის № 2-18651/2015 გადაწყვეტილებით მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების 361 800 (სამას სამოცდაერთი ათას რვაასი) აშშ დოლარის გადახდა, რაც 132 086 326 (ას ოცდათორმეტი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას სამას ოცდაექვსი) ტენგეს ეკვივალენტურია, აგრეთვე, სახელმწიფო საზღაურის ხარჯები - 3 330 549 (სამი მილიონ სამას ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაცხრა) ტენგე.

7. გამყიდველის წარმომადგენელმა, 2016 წლის 31 მაისს, მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622-ე მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგინა გამყიდველის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

8. შუამდგომლობაზე დართული ცნობით (იხ. ს.ფ. 49-50) დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 22 თებერვალს და იგი არ აღსრულებულა ყაზახეთის რესპუბლიკაში.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამყიდველის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად. ამავე განჩინების საფუძველზე, მოსარჩელის შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და, ზეპირი განხილვით, საქმის მოსმენის მოთხოვნის შესაძლებლობის შეტყობინების მიზნით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-78-ე მუხლები, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის, შემდეგში: სპეციალური კანონი, 71-ე მუხლი).

10. საქმეში განთავსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად 2016 წლის 20 ივნისს ჩაბარდა მოპასუხის (მყიდველის) წარმომადგენელს - დ. ჭ-ეს.

11. მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა იმავე წლის 27 ივნისს, რომელშიც მიუთითა, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

11.1. მოპასუხეს ყაზახეთის სასამართლოს მიერ დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება არ ჩაბარებია და მისთვის უცნობია, როგორც სარჩელის შინაარსი, ისე გაგზავნილი უწყებებისა და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. ყოველივე ამის შესახებ, მხარისათვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოდან გაგზავნილი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ;

11.2. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს გასაჩივრების წესს, კერძოდ, გადაწყვეტილების გაპროტესტება შესაძლებელია მისი გამოტანიდან ერთ თვეში, ხოლო იმ პირების მიერ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სასამართლო განხილვაში, მათთვის გადაწყვეტილების გადაგზავნიდან ერთ თვეში;

11.3. შუამდგომლობაზე დართული ცნობის მიხედვით, ეკონომიკური სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2016 წლის 13 იანვარს, ხოლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე წლის 22 თებერვალს, რაც ასევე სადავოა, რადგან მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია;

11.4. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 68.2 -ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე [„გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცეო დარღვევები“] დაყრდნობით, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე.

11.5. მოპასუხემ მოითხოვა აღნიშნულ საქმეზე ზეპირი განხილვა.

12. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით დადგინდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვა, რაც ეცნობათ მხარეებს.

13. საკასაციო სასამართლოს ზეპირი განხილვით გამართულ სხდომაზე, 2016 წლის 9 სექტემბერს, მხარეებმა წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობითი შუამდგომლობით წარმოადგინა მოპასუხისათვის, ამ უკანასკნელის მტკიცების (იხ. 11.1-11.4 ქვეპუნქტები) საწინააღმდეგოდ, ყაზახეთის სასამართლოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებებისა და გადაწყვეტილების, როგორც გაგზავნის, ასევე, მათი ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაერთო საქმის მასალებს (იხ. საკასაციო სასამართლოს 09.09.2016წ. სხდომის ოქმი - 14:11:51 – 24:23:26).

14. მე-13 პუნქტში მითითებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის (შემდეგში: „მინსკის“ კონვენცია) 55-ე მუხლზე და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებაზე (შემდეგში: ორმხრივი ხელშეკრულება) აპელირებით, განმარტა, რომ მოპასუხეს არ ჩაბარებია დადგენილი წესით გზავნილი, რადგან უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანოს, მაგ. იუსტიციის სამინისტროს, მეშვეობით უნდა ჩაბარდეს მოპასუხის ქვეყნის, ასევე ცენტრალური ორგანოს დახმარებით, მხარეს გზავნილი. შესაძლებელია სასამართლო გზავნილის ჩაბარება არა მხოლოდ ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, არამედ მხარის მიერაც მოხდეს, მთავარია ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დადასტურება, თუმცა, მხარე სადავოდ ხდის როგორც პროცედურულ დარღვევებს, ასევე, თავად ჩაბარების ფაქტს.

15. მხარის მტკიცებით, ხელშემკვრელი მხარეების ცენტრალური ორგანოების - იუსტიციის სამინისტროების მეშვეობით უნდა მომხდარიყო გზავნილების მხარისათვის გაგზავნაც და ჩაბარებაც. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უწყება ჩაბარდეს იურიდიული პირის წარმომადგენელს მხრისათვის ცნობილ მისამართზე, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი ან იურიდიული პირის ადგილსამყოფელი.

16. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მასში მითითებულ მისამართზევე ფუნქციონირებდა მოპასუხე იურიდიული პირი, თუმცა, შემდეგ მან შეიცვალა ფაქტობრივი და არა იურიდიული ადგილსამყოფელი, ამჟამად გ-ას ქუჩაზეა განთავსებული. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის უწყებების ჩაბარების დასტურად წარმოდგენილ მტკიცებულებებში (იხ. მე-13 პუნქტი) მითითებულ მისამართზე რამდენიმე საწარმოა განთავსებული.

17. მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დროს მოპასუხე საწარმოს არ ჰქონდა შეცვლილი მისამართი და მისი ადგილსამყოფელის მიხედვით (გორგასლის ქუჩაზე), საწარმოს სახელით, ვინმე მ. ნ-ის მიერ გზავნილების ჩაბარება სადავოა, რადგან, მხარის მტკიცებით, უცნობია, ვინ არის ეს პიროვნება, იგი არ არის მოპასუხე საწარმოს თანამშრომელი და არაუფლებამოსილი პირია საწარმოსათვის განკუთვნილი გზავნილების მიღებაზე. ამ კონტექსტში, მოპასუხემ ითხოვა დრო, რათა წარმოედგინა მტკიცებულება არაუფლებამოსილი პირის მიერ გზავნილების ჩაბარების თობაზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 09.09.2016წ. სხდომის ოქმი - 14:24:04 -14:31:54).

18. მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას (იხ. საკასაციო სასამართლოს 09.09.2016წ. სხდომის ოქმი 14:34:23-14:43:07) არ დაეთანხმა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი, იმ დასაბუთებით, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ გზავნილები მხარის მიერ მითითებულ, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ მისამართზე ჩააბარა მოპასუხეს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ, თავად ეკონომიკური სასამართლოს გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენილ შუამდგომლობაშიც მოპასუხის მისამართად მითითებულია მისი იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული და საკასაციო სასამართლომაც იურიდიულ მისამართზე ჩააბარა მხარეს მასალები, რაც სადავო არ არის.

19. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოპასუხისათვის განსაზღვრული ვადის მიცემა დამატებითი მტკიცებულების წარმოსადგენად.

20. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა მოვალის მიმართვა საკუთარი ქვემოიჯარე საწარმოსადმი - შპს-ადმი „ტ-ო“, რომელშიც დაფიქსირებულია ადრესატისადმი რამდენიმე შეკითხვა მოპასუხე იურიდიული პირის სახელით ჩაბარებულ გზავნილებზე ხელმომწერი მ. ნ-ის თაობაზე. შპს-გან „ტ-ო“ 10.10.2016წ. მიღებულ პასუხში მითითებულია, რომ მ. ნ-ე 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე იყო დასაქმებული ქვემოიჯარე საწარმოში, იგი აღარ მუშაობს აქ და მოპასუხის კუთვნილი გზავნილების ჩაბარების თაობაზე არ არის ინფორმირებული ქვემოიჯარე საწარმო. მოპასუხის მტკიცებით, უწყების ჩამბარებელი პირი სხვა საწარმოში მუშაობდა და, მოპასუხის სახელით, არ ჰქონდა უფლება, მიეღო გზავნილები.

21. მოპასუხე სადავოდ ხდის არა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ უწყების გაგზავნას, არამედ ამ გზავნილების მისთვის ჩაბარებას „მინსკის“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, ასევე, ორმხრივი ხელშეკრულების 26-ე მუხლის 1.3. ქვეპუნქტზე, ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.10.2016წ. სხდომის ოქმი 12:57:53-12:38: 20).

22. მოპასუხის მტკიცების საწინააღმდეგოდ, შუამდგომლობის ავტორმა ყურადღება გაამახვილა სახელშეკრულებო ურთიერთობებისას კეთილსინდისიერების პრინციპზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებული არის მოპასუხე საწარმოს, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული მისამართი, რაც მხარეთა საკომუნიკაციო ინფორმაციაა არა მხოლოდ წარმოქმნილი დავის შემთხვევაში. უცხო ქვეყნის სასამართლომ, დანიშნული სხდომის თარიღისა და დროის მითითებით, გზავნილები არაერთხელ გაუგზავნა მოვალეს, რაც ამ უკანასკნელს ჩაბარდა მის მიერვე მითითებულ ორივე მისამართზე.

23. მოპასუხის პოზიციის გასაქარწყლებლად, თუ როგორ მოხდა მოპასუხის ორივე მისამართზე (ფაქტობრივზე და იურიდიულზეც) მოვალე საწარმოსათვის გზავნილების ჩაბარება ერთდროულად, ერთსა და იმავე დღეს და დროს, მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, ძალზედ მარტივი ახსნა არსებობს, კერძოდ, ფოსტის თანამშრომელი მივიდა ერთ-ერთ მისამართზე, სადაც დახვდა ჩასაბარებელი უწყების ადრესატის (მოპასუხის) წარმომადგენელი და ორივე უწყებაზე ხელმოწერით დაადასტურა გზავნილების მიღება.

24. მთავარ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩაბარებულად უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი უწყებები, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ორი მისამართის გარდა, ამ თვალსაზრისით სხვა რაიმე ინფორმაცია არ ჰქონია კრედიტორს, ამასთან, მოპასუხეს, სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არც სხვა საწარმოსთან დადებული ქვეიჯარის ხელშეკრულება წარმოუდგენია, რომელშიც შესაძლოა რაიმე მითითება ყოფილიყო სადავო საკითხის თაობაზე. მხარე, ამ შემთხვევაში მოპასუხე, თავად არის იმ რისკის მატარებელი, რომელიც სადავო ურთიერთობას უკავშირდება. მოვალემ, თუნდაც იმ დაშვებით, რომ 2016 წლის 22 ივნისს შეიტყო მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, არ გამოიყენა საკუთარი უფლება და არ გაუსაჩივრებია იგი. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება ის გარემოება, რომ მ. ნ-ე არ მუშაობს მოპასუხე საწარმოში, ამდენად, მათ არ უნდა მიენიჭოთ მტკიცებითი მნიშვნელობა (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.10.2016წ. სხდომის ოქმი 12:38:20-12:54:02; 12:51:53-12:54:02).

25. შუამდგომლობის ავტორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული 2016 წლის 22 თებერვალს და გაუგებარია, თუ როგორ უნდა გაესაჩივრებინა ის 22 ივნისის შემდეგ, ამასთან, მისთვის უცნობია არსებობს თუ არა ყაზახეთის კანონმდებლობით რეგულირება, ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, მხარისათვის გასაჩივრების უფლების მინიჭების შესახებ (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.10.2016წ. სხდომის ოქმი 12:54:04-12:54:10).

26. შუამდგომლობის ავტორმა მხარი დაუჭირა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რადგან არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები.

27. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის შუამდგომლობის უარყოფა მის მიერ მითითებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე მითითებით (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენის, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მყიდველის შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ. ალმატის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის №2 -18651/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენის შედეგად, დადგინდა სადავო საკვანძო საკითხი, კერძოდ, უცხო ქვეყნის საცნობი გადაწყვეტილების მოვალისათვის ჩაბარების თაობაზე. მართალია, მოპასუხე სხვა რამდენიმე გარემოებაზეც აპელირებდა, თუმცა, საბოლოოდ აღნიშნული საკითხი გამოიკვეთა (იხ. წინამდებარე განჩინების 11.1-11.4 ქვეპუნქტები, 21-ე პუნქტები).

29. საქმეში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის ეკონომიკური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მათივე განმარტებების, ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სასამართლოს გზავნილები.

30. ამ განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული ორმხრივი ხელშეკრულების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში“.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზეპირი მოსმენით საქმის განხილვისა და შესწავლის ძირითადი ნაწილი დაეთმო მოვალისათვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყებების ჩაბარების საკითხს არა იმიტომ, რომ აღნიშნულის შესახებ არასაკმარისად იქნა მიჩნეული მეგობარი სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, არამედ განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული ორმხრივი ხელშკრულების 26-ე მუხლის 1.3. ქვეპუნქტით დადგენილი „თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ ...“ და მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის საფუძველზე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გამომრიცხველი წინაპირობების, კერძოდ, 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოწესრიგების „გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები“ გამოკვლევის მიზნით.

32. მოპასუხის მტკიცების (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი) საგანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს ცნობილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მოვალე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

33. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით“. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად: „ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“.

34. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ, იმის დასტურად, რომ მას არ ჩაბარებია უცხო ქვეყნის სასამართლოს გზავნილები და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) გასაბათილებლად, მიუთითა წინამდებარე განჩინების 11.1-11.4 ქვეპუნქტებში, მე-17, 20-21 პუნქტებში ასახულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

35. მოპასუხის მტკიცების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები ასახულია განჩინების 22- 24 პუნქტებში.

36. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მის მიერ დამატებით წარმოდგენილმა მტკიცებულებებმაც კი ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება.

37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეებმა სახელშეკრულებო ურთიერთობის წერილობით გაფორმებისას მიუთითეს ის საკომუნიკაციო მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, თითოეული მათგანისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა.

38. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერება იმთავითვე ნაგულვებია და მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი შეთანხმებით გამყარება, ჩვეულებრივ, ემსახურება ურთიერთობის მართებულად წარმართვის მოლოდინს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა მოპასუხე იურიდიულმა პირმა საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციად მიუთითა, როგორც იურიდიული მისამართი, ისე ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხო ქვეყნის სასამართლოდან გზავნილები ორივე მისამართზე გაეგზავნა მოვალეს, რაზედაც იგი არ დავობს. სადავოა მხოლოდ გზავნილების ჩაბარება, რადგან მოპასუხის მტკიცებით, ისინი სამივე შემთხვევაში არაუფლებამოსილმა პირმა, ვინმე მ. ნ-ემ (რომელიც, როგორც მოპასუხე უთითებს, მოგვიანებით დადგინდა, რომ მოპასუხის ქვემოიჯარე საწარმოს თანამშრომელი იყო) ჩაიბარა, რომელიც არაუფლებამოსილი პირი იყო, თუმცა, მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება აღნიშნული, მხოლოდ ის ირკვევა, რომ ქვემოიჯარე საწარმოც არ ფლობს ინფორმაციას ყოფილი თანამშრომლის მიერ მოვალის კუთვნილი გზავნილების ჩაბარების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი).

39. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მტკიცებას (იხ. 22-24 პუნქტები) და აღნიშნავს, რომ მოპასუხე საწარმოს არც უცხო ქვეყნის სასამართლოსათვის, არც კრედიტორისათვის არ უცნობებია მისამართის ან ადგილსამყოფელის ცვლილების თაობაზე, რაც ამ უკანასკნელის ვალდებულებაა კონტრაჰენტთან ურთიერთობაში, კეთილსინდისიერი ურთიერთობის ნაგულვები პრეზუმფციის გათვალისწინებით, და გამომდინარეობს სსსკ-ის 76-ე მუხლიდან „მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს“. რაც შეეხება გზავნილების არაუფლებამოსილი პირის მიერ სამჯერ ჩაბარებას, აღნიშნული მტკიცება დაუსაბუთებელია და მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სამართლებრივად ვარგისი და წონადი არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გაგზავნილი ყველა გზავნილი ჩაიბარა მოპასუხე საწარმოს მიერ მითითებულ მისამართზე პირმა, რომლის ვინაობა, პირადი ნომერი დაკონკრეტებულია ჩაბარების დასტურად წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რაც ქმნის სსსკ-ის 73.8-ე მუხლით დადგენილ წინაპირობას, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება.

40. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).

41. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული ორმხრივი ხელშეკრულების პირველ მუხლზე, რომელიც სამართლებრივ დაცვას აწესრიგებს და მისი პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები გამოიყენება იურიდიული პირებისა და მათთან გათანაბრებული წარმონაქმნების მიმართ. მაშასადამე, ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, იურიდიული პირები და მსგავსი ორგანიზაციული წარმონაქმნები სარგებლობენ უფლებით, მიმართონ სასამართლოს, იუსტიციის ორგანოებს და სხვა დაწესებულებებს, თუკი ამ უკანასკნელთა კომპეტენციას განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

42. ორმხრივი ხელშკრულების მე-3 მუხლი, სამართლებრივი დახმარების სახით, ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას, ხოლო მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას ურთიერთობის წესი. ორმხრივი ხელშეკრულების მეორე თავი ეძღვნება სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო საქმეებზე და მე-18 მუხლით დადგენილია სამართლებრივი დახმარების მოცულობა, მათ შორისაა სასამართლო გადაწყვეტილებათა, ცნობა და აღსრულება.

43. ორმხრივი ხელშეკრულების 22-26 მუხლებით დადგენილია ცნობასა და აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებათა შესახებ შუამდგომლობის წარდგენის წესი. საკასაციო სასამართლო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის წარდგენა შესაძლებელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოსადმი, როგორც ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, ასევე, უშუალოდ განმცხადებლის მიმართვით. ამდენად, ამ თვალსაზრისითაც დაცულია ორმხივი ხელშეკრულების დანაწესი წარმოდგენილი შუამდგომლობის პროცედურული ნაწილის შემოწმების თვალსაზრისით.

44. ამავე ხელშეკრულების 24-ე მუხლით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შემდეგნაირი წესია დადგენილი, ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

45. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მე-2 მუხლით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით, ხოლო უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო(იხ. სპეციალური კანონის 68-ე მუხლი).

46. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 17 სექტემბერს, განსახილველ შემთხვევაში, მას უპირატესობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ნორმების მისადაგებისას, ამიტომ საკასაციო სასამართლო აღარ მიუთითებს „მინსკის“ კონვენციის ანალოგიურ მოწესრიგებაზე, რადგან საქმეზე გამოსაკვლევი რომელიმე საკითხის სამართლებრივი დასაბუთებისათვის არ არსებობს მითითებული კონვენციის კონკრეტული რეგულირების გამოყენების საჭიროება, რაც დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ორმხრივი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული საკითხი.

47. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

48. მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი. სპეციალური კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70 - ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლით დადგენილი აღსრულების პროცედურისათვის შემოწმებულია 68-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები.

49. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდება, სახელმწიფო ბაჟის სახით, წინასწარ გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპა "ყ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ. ალმატის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, №218651/2015, რომლითაც შპს "ზ-ს" შპა "ყ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის 361 800 აშშ დოლარის ოდენობის ექვივალენტური თანხით 132 086 326 (ას ოცდათორმეტი მილიონ ოთხმოცდაექსვი ათას სამას ოცდაექვსი) ტენგეს ოდენობით, აგრეთვე სახელმწიფო საზღაურის გადახდის ხარჯები 3 330 549 (სამი მილიონ სამას ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაცხრა) ტენგეს ოდენობით;

3. შპა "ყ-ს" (ს/კ 9..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. კ-ის (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 31 მაისი);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე