საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-260-248-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. გ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, ბავშვის მამა ან კასატორი) და ს. ლ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის დედა ან აპელანტი) თანცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი - 2010 წლის 22 იანვარს დაბადებული ა. გ-ე (შემდეგში: ბავშვი, მცირეწლოვანი - იხ. დაბადების მოწმობა - ტ. 1, ს.ფ. 16).
2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი ა. გ-ე ცხოვრობს დედასთან ერთად ქ.თბილისში. არდადეგებზე კი იმყოფება ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში დედის დეიდასთან (იხ. ბორჯომის რაიონის განყოფილების სოციალური მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის დასკვნა - ტ. 1, ს.ფ. 55).
3. ბავშვი ირიცხებოდა თბილისის ისანი-სამგორის 71-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელად (იხ. 17.09.2013წ. ცნობა - ტ. 1, ს.ფ. 35).
4. მამას თავისი მცირეწლოვანი შვილი წელიწადი და ექვსი თვეა არ უნახავს.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ მეუღლის (მოპასუხის) მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობით მუქარისათვის. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ერთი წელი (იხ. 22.01.2014წ. განაჩენი №1/002-14 საქმეზე - ტ. 1, ს.ფ. 62-66).
6. მოსარჩელე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება და არც ადრე იმყოფებოდა. 2014 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელისაგან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა) და ბუპრენორფინი (სუბოტექსი) არ აღმოჩნდა (იხ.18.09.2014წ., 01.10.2014წ. ცნობები - ტ. 1, ს.ფ. 81, 86; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნილი ბიუროს 2014 წლის 17 ნოემბრის დასკვნა - ტ. 1, ს.ფ. 93-97).
7. საქმის მასალებშია ფსიქოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მცირეწლოვანს კონტაქტში შესვლა უჭირს, საუბრის დროს თავი დაბლა აქვს დახრილი, თითქმის ჩურჩულებს. არის შებოჭილი. ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს არც ერთი მშობლის მიმართ არ აქვს მიჯაჭვულობა და სიახლოვე. ვიზიტებზე დედა-შვილის ურთიერთობის დროს იკვეთება დედის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე (იხ. ფსიქოლოგ ი.მ-ს 12.08.2014წ. დასკვნა - ტ. 1, ს.ფ. 57-58).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. ბავშვის მამამ 2014 წლის 14 მაისს სარჩელი აღძრა მცირეწლოვანის დედის წინააღმდეგ და მოითხოვა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო (იხ.19.05.2015 წ. სხდომის ოქმი).
10. მესამე პირის პოზიცია
10.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრმა (შემდეგში: სოციალური მომსახურების ცენტრი ან მესამე პირი) განმარტა, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობისათვის სჭირდება გარკვეული პერიოდი შეგუება (იხ. ვრცლად ქვემოთ 11.10 ქვეპუნქტი).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში, შაბათი და კვირა დღეები 12.00 საათიდან - 14.00 საათამდე ბავშვის დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანდასწრებით, ხოლო ამ წესით ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ხუთი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი - 12.00 საათიდან 20.00 საათამდე, წაყვანის უფლებით;
11.2. ამავე გადაწყვეტილებით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ზემოაღნიშნული პერიოდის (მთლიანობაში შვიდი თვის) გასვლის შემდეგ მამას მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და პარასკევს 17.00 საათიდან შაბათს 21.00 საათამდე, ღამისთევით წაყვანის უფლებით; ზაფხულის არადადეგების პერიოდში - ათი დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში - ხუთი დღე, შვილის დასასვენებლად წაყვანის უფლებით.
11.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-1199-ე, 1202-ე მუხლები, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-9 მუხლები.
11.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
11.5. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებას, რომლის განხორციელების მიზნით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, საშუალება მისცეს ცალკე მცხოვრებ მშობელს ურთიერთობა იქონიოს მასთან, რისთვისაც განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
11.6. სასამართლომ განმარტა, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.
11.7. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას“. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
11.8. ამდენად, აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს, ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს, რაც ცალსახად გულისხმობს შვილების ურთიერთობის შენარჩუნებას ცალკე მცხოვრებ მშობელთან.
11.9. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად ქ.თბილისში. არდადეგებზე კი იმყოფება დედის დეიდასთან ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ანუ იმავე სოფელში, სადაც მამა ცხოვრობს. დადგენილია ასევე, რომ მამას თავისი მცირეწლოვანი შვილი წელიწადი და ექვსი თვეა არ უნახავს. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვს არც ერთი მშობლის მიმართ მიჯაჭვულობა და სიახლოვე არ აქვს. გამოიკვეთა დედის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე.
11.10. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მშობლებთან ერთად. საცხოვრებელი პირობები და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი. მოსარჩელეს მეზობლები დადებითად ახასიათებენ. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ბავშვის მამის ოჯახს აქვს უნარი, შესაბამისად განახორციელოს მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნვა და შეუქმნას მას კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. იმისათვის რომ ბავშვი გაიზარდოს და აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს როგორც დედამ, ისე მამამ.
11.11. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა შვილის ნახვისა და წაყვანის უფლება, როგორც კვირის განმავლობაში, ასევე არდადეგების პერიოდში, ვინაიდან მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მამა წელიწადნახევარია არ უნახავს ბავშვს, მოსარჩელეს თავდაპირველად უნდა განსაზღვროდა შესაჩვევი პერიოდი ბავშვთან ურთიერთობისათვის დედის ან სხვა ნეიტრალური პირის თანდასწრებით.
11.12. ზემოხსენებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოსარჩელეს განუსაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი (იხ. ამ განჩინების 10.1.-10.2 ქვეპუნქტები).
11.13. საქალაქო სასამართლომ შვიდთვიანი პერიოდი მიიჩნია გონივრულად ბავშვის მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერების მოსახსნელად და ფსიქოლოგის დასკვნის შინაარსის გაანალიზების საფუძველზე, დაასკვნა, რომ ხუთი თვის განმავლობაში ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ მამას უნდა მიეცეს კვირაში ერთხელ შვილის ღამისთევით წაყვანის უფლება, ასევე არდადეგების პერიოდში დასასვენებლად წაყვანის უფლება, რათა მამა-შვილს შორის სრულფასოვანი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.
12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
12.1.1 სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მამის ურთიერთობა შვილთან, ბავშვზე დადებითად იმოქმედებს, რადგან აღნიშნული საკითხი სათანადო წესით არ დადგენილა. იგნორირებულია მოსარჩელის კრიმინალური მიდრეკილებები, ის, რომ მოსარჩელე გამოირჩევა მძიმე ხასიათით, მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში და შემდგომაც ამ უკანასკნელისადმი ავლენდა აგრესიას, მიმართავდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყოველდღიური ძალადობის შემთხვევების შემსწრე და შესაბამისად მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო მცირეწლოვანი, რის შედეგადაც ბავშვს ემართებოდა კრუნჩხვები, ისტერიული ტირილი, ჩაბჟირება, ძილის რეჟიმის სისტემატური დარღვევა. აღნიშნულმა უარყოფითად იმოქმედა ბავშვის ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე, საჭირო გახდა ექიმის ჩარევა და ამბულატორიული მკურნალობა;
12.1.2. ბორჯომის რაიონის მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით 2014 წელს მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი მოპასუხის მიმართ მუქარის განხორციელებაში და შეეფარდა ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, ერთი წელი გამოსაცდელი ვადა. მანამდე მას არაერთხელ ჩამოერთვა ხელწერილი და გაიცა შემაკავებელი ორდერი;
12.1.3. აპელანტი ახალი ფაქტობრივი გარემოების სახით უთითებს, რომ მოსარჩელე არ ზრუნავს ბავშვზე, არ იხდის ალიმენტს და მხოლოდ იძულებითი აღსრულებით გახდა შესაძლებელი ალიმენტის ნაწილის მიღება. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ასეთი მშობლის დაშორებას ბავშვისაგან. სასამართლომ კი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არასწორად განმარტა მე-9 მუხლი;
12.1.4. სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ დადგენილი წესით ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეულიყო შვილის დამოკიდებულება მამასთან, რა გავლენას იქონიებდა ბავშვზე ურთიერთობა პირთან, რომლისაც ბავშვს უბრალოდ ეშინია და მისი ყოველი ვიზიტი ბავშვთან მთავრდებოდა ბავშვის ჩაბჟირებით, მისი სახელის გაგონებაზე ბავშვის რეაქცია დამალვაა. მითითებული გარემოების დადგენის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელე ბავშვის მამაა, მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებები დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს;
12.1.5. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 1199-ე მუხლი და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი. საქმისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოების გამოკვლევის გარეშე (ბავშვის დამოკიდებულება მამასთან), მხოლოდ მშობლის უფლებაზე აპელირება საფრთხეს უქმნის და ლახავს ბავშვის ინტერესებს, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ინტერესებს უკეთესად იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამოკვლეული, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება მიადგეს ბავშვს მოსარჩელესთან ურთიერთობის იძულებით, ამ უკანასკნელის კრიმინალისა და ძალადობისაკენ მიდრეკილების გათვალისწინებით. სახელმწიფო და ყველა სათანადო ორგანო მოვალეა, აარიდოს ბავშვს ასეთი საფრთხე და ამის მიღწევა შესაძლებელია სათანადო სპეციალისტის ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე, რაც მოცემულ საქმეში არ არის.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
13.2. ბავშვის მამის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით:
13.2.1. თავდაპირველად მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს ორი თვის განმავლობაში, შაბათი და კვირა დღეები 12.00 საათიდან - 14.00 საათამდე, ბავშვის დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანდასწრებით;
13.2.2. აღნიშნული წესით ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, ხუთი თვის განმავლობაში, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვროს ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი 12.00 საათიდან 20.00 საათამდე, წაყვანის უფლებით;
13.2.3. ზემოაღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ფსიქოლოგის მიერ განხორციელდეს მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური შემოწმება და გაიცეს დასკვნა - არის თუ არა მიზანშეწონილი ბავშვთან მამის ურთიერთობა, ღამით დარჩენისა და არდადეგების პერიოდში დასასვენებლად წაყვანის უფლების გათვალისწინებით და უარყოფითად ხომ არ აისახება აღნიშნული ბავშვის ფსიქიკაზე;
13.2.4. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოლოგის მიერ გაიცემა დადებითი დასკვნა, მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და პარასკევს 17.00 საათიდან შაბათს 21.00 საათამდე ღამისთევით წაყვანის უფლებით; ზაფხულის არადადეგების პერიოდში - ათი დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში - ხუთი დღე, შვილის დასასვენებლად წაყვანის უფლებით;
14.
13.2.5. იმ შემთხვევაში თუ ფსიქოლოგის დასკვნა მამის მიერ შვილის ღამისთევით წაყვანასთან დაკავშირებით იქნება უარყოფითი ხასიათის, მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი 12.00 საათიდან 20.00 საათამდე წაყვანის უფლებით. აღნიშნული ურთიერთობა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ფსიქოლოგის მიერ არ გაიცემა დადებითი დასკვნა მამის მიერ შვილის ღამისთევით წაყვანასთან დაკავშირებით.
13.3. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე მიუთითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგნაირად დაასაბუთა:
13.3.1. ბორჯომის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მ/შემსრულებლის ე. ა-ის 2014 წლის 10 ივლისის №774 დასკვნის თანახმად, მცირეწლოვანის ბებიის (დედის დეიდა) ვ. გ-ის ინფორმაციით, დაახლოებით თვენახევარია, რაც ბავშვი იმყოფება მასთან. მისი თქმით ბავშვი ცხოვრობდა დედასთან ერთად ქ.თბილისში, იქ იღებდა სკოლამდელ განათლებას საბავშვო ბაღში. ამ ეტაპზე აქვს არდადეგები და ჩამოსულია დასასვენებლად. ბავშვის დედა დასაქმებულია ქ.თბილისში, თუმცა შვილს აქცევს ყურადღებას, ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს ჩამოდის ბავშვთან და ზრუნავს მასზე (აღნიშნულს მეზობლებიც ეთანხმებიან). სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ასევე მეზობლების ინფორმაციით, ბებია შესაბამისად ზრუნავს ბავშვზე, მცირეწლოვანს დაკმაყოფილებული აქვს ძირითადი საჭიროებები, მოწესრიგებული აქვს პირადი ჰიგიენა. ბავშვს აქვს საკუთარი კუთხე, ასაკის შესაბამისი სათამაშოები. ბებიის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა სტაბილურია, მისი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ბავშვი წელიწადნახევარია, რაც აღარ იზრდება მამის ოჯახში, შესაბამისად არ უნახავს მამა. როგორც სარჩელშია აღნიშნული, მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს ბავშვის ნახვის საშუალებას, უმეტეს შემთხვევაში მიდის პროვოკაციაზე. მოსარჩელე აღნიშნულს ადასტურებს. ბავშვის ბებია (დედის დეიდა) კი აღნიშნავს, რომ მამას ბავშვის ნახვას არ დაუშლიან იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მათ მოექცევა შესაბამისად, არ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთან მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგი. იმისათვის, რომ არასრულწლოვანი ბავშვი გაიზარდოს და აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს როგორც დედამ, ასევე მამამ (იხ. ტ.1, ს.ფ. 55).
13.3.2. იმავე სოციალური მუშაკის 2014 წლის 10 ივლისის №776 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე ოჯახში მშობლებთან, ა. და ნ. გ-ეებთან ერთად ცხოვრობს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. მისი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. სახლი შედგება 3 (სამი) სართულისაგან, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სარდაფებია განთავსებული, მეორე სართულს საცხოვრებლად იყენებენ (ოთხი ოთახი), მესამე სართული კი გასამართია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. ოჯახს აქვს სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი, ასევე, ეზო. საცხოვრებელი სახლი კარგ მდგომარეობაშია, მოწესრიგებულია ელექტრო და წყალგაყვანილობა. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ბავშვისთვის განკუთვნილია კუთხე. ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსარჩელის ინფორმაციით, მათ აქვთ კერძო ბიზნესი, აქვთ ,,საკალმახე“, რომელსაც ამუშავებენ და ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 1 000 ლარი აქვთ. მოსარჩელის დედა პენსიონერია და ყოველთვიურად ღებულობს პენსიას - 150 ლარს. მოსარჩელის ოჯახს აქვს ძლიერი თანადგომის ქსელი, მათ ურთიერთობა აქვთ ნათესავებთან, ოჯახში ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. მოსარჩელე ნასამართლევია და იხდის პირობით სასჯელს. მოსარჩელეს მეზობლები/თანასოფლელები დადებითად ახასიათებენ, მათი ინფორმაციით მოსარჩელე კეთილსინდისიერი და პატიოსანი პიროვნებაა. სოც. მუშაკის დაკვირვებით მოსარჩელის ოჯახს აქვს უნარი, სათანადოდ იზრუნოს არასრულწლოვან ბავშვზე და შეუქმნას მას კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. იმისათვის, რომ არასრულწლოვანი ბავშვი გაიზარდოს და აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს როგორც დედამ, ასევე მამამ. მიზანშეწონილია ბავშვს აუცილებლად ჰქონდეს კონტაქტი მამასთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 53).
13.3.3. სამცხე-ჯავახეთის საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგის ი. მ-ს 2014 წლის 12 აგვისტოს №55 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების (დასკვნის ფორმის) მიხედვით, ბავშვთან განხორციელდა 3 ვიზიტი, გამოყენებულია მეთოდები: ინტერვიურება, რენე ჟილის პროექციული მეთოდი ,,ბავშვის პიროვნებათშორისი ურთიერთობები“. გამოყენებული მეთოდები არასტანდატიზირებულია. ბავშვს კონტაქტში შემოსვლა უჭირს, საუბრის დროს თავი დაბლა აქვს დახრილი, თითქმის ჩურჩულებს. არის შებოჭილი, ამ ეტაპზე ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ არცერთი მშობლის მიმართ მიჯაჭვულობა და სიახლოვე არ არის. ბავშვმა უარი განაცხადა ფსიქოლოგთან ვიზიტების გაგრძელებაზე. ვიზიტებზე დედა-შვილის ურთიერთობის დროს იკვეთება დედის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ბავშვზე (ტ. 1, ს.ფ. 57-58).
13.3.4.საქმეში წარმოდგენილი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლ. პ-ის მიერ შედგენილი 2016 წლის 28 იანვრის №04-00-1575 დასკვნით გამოკვლეული იქნა მცირეწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ბავშვის ემოციური მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდა: მცირეწლოვანს ამ ეტაპზე ემოციური ხასიათის პრობლემები არ აქვს, არ აღენიშნება შფოთვა, აქვს ახლობელ ადამიანებთან თბილი მიჯაჭვულობის განცდა, აგრეთვე უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. აქვს მაღალი თვითშეფასება, უყვარს თავის წარმოჩენა და ინიციატივების გამოვლენა. შვილი-მშობლის ურთიერთდამოკიდებულებები შეფასებულია შემდეგნაირად: ბავშვი ვიზიტებზე დედას მოჰყავდა, მათთან მუშაობას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, რადგან 7 დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა, ისინი არ მოვიდნენ ვიზიტებზე. დედა მოსიყვარულეა ბავშვის მიმართ, გამოხატავს სითბოსა და მზრუნველობას, ხშირად აქებს მას და ხელს უწყობს ინიციატივების გამოვლენაში. ბავშვს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს დედის მიმართ, მათ შორის თბილი ემოციური კავშირია. მცირეწლოვანი დედასთან ფიზიკური და ემოციური სიხალოვის სურვილს ავლენს, მას უნდა, რომ დედაც ჩერთოს მუშაობის პროცესში და მანაც შეაფასოს მისი ნამუშევრები, აგრეთვე აღნიშნავს, რომ უნდა დედა ხშირად იყოს სახლში.
13.3.5. ბავშვის მამამ კარგად ითანამშრომლა ფსიქოლოგთან, მისთვის დაბრკოლებები არ შეუქმნია. იგი ყოველთვის დათქმულ დროს მიდიოდა და უხერხულ შეკითხვებსაც არ არიდებდა თავს. მას არ გამოუვლენია მოძალადე მამისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მამისა და შვილის ურთიერთობის ხასიათის მაჩვენებელი, შვილის დამოკიდებულების გამომხატველი მათი შეხვედრა უნდა ყოფილიყო, თუმცა ორჯერ დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა - შეხვედრაზე მხოლოდ ბავშვის მამა გამოცხადდა. ბავშვთან საუბარმა, აგრეთვე დაკვირვებამ და პროექციულმა მეთოდებმა გამოავლინა, რომ შვილი გაუცხოებულია მამის მიმართ, იგი მამას არ განიხილავს ოჯახის წევრად, არ გამოთქვამს მისი ნახვისა და მასთან ურთიერთობის სურვილს. გამოხატავს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას, ამბობს, რომ ეშინია მისი, მაგრამ შიში გამოიხატება მხოლოდ სიტყვიერად, მას არ ახლავს შესატყვისი ემოცია. თავდაპირველი ვიზიტებისას მცირეწლოვანი საუბრობდა მამის მხრიდან ძალადობის შესახებ, ამბობდა, რომ მამა მასაც და დედასაც სცემდა, უწვავდა ხელებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში ბავშვი 2 წლამდე ასაკის იყო, ნაკლებ სავარაუდოა, მას ეს ახსოვდეს. ამ ვარაუდს ადასტურებს ისიც, რომ შეხვედრების დასასრულს ბავშვი ვეღარ იხსენებდა, რატომ არ უყვარს მამა და რატომ ეშინია მისი და უარყოფითი დამოკიდებულებაც შესუსტდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბავშვს ფსიქოლოგმა მამის მიერ დანატოვარი საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. ბავშვმა სიხარული გამოხატა (ყველაფერი უყიდია, ნახე რამდენი რამეა), თუმცა შემდეგ დაამატა ,,მე ყველაფერი დედასი მიყვარს“. ამავე შეხვედრაზე მცირეწლოვანის თანდასწრებით შედგა საუბარი მამის შესახებ. დედის მონაყოლი ძალადობის შესახებ მცირეწლოვანმა უემოციოდ მოისმინა. ბავშვის რეაქცია წარმოშობს ვარაუდს, რომ ეს ყოველივე მას ადრეც და არაერთხელ აქვს მოსმენილი. ამ ვარაუდს ეხმიანება ის ფაქტიც, რომ შვილისათვის მამა არაა მხოლოდ გაუცხოებული, არამედ უფრო გაუფასურებულიცაა.
13.3.6. ფსიქოლოგთან საუბრისას ბავშვის დედამ აღნიშნა, რომ მას ,,მამობის ჩამორთმევა და საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა“. იგი ასევე ამბობდა, რომ ამ ეტაპზე არ სურს ბავშვის ურთიერთობა მამასთან, ამაზე თანახმა იქნება მაშინ ,,როცა ცოტა წამოიზრდება ბავშვი, 7 წლის ასაკიდან“, თუმცა, რაზე დაყრდნობით გააჩნია ეს პოზიცია, მოპასუხეს არ აუხსნია.
13.3.7. ფსიქოლოგის დასკვნით ბავშვი გაუცხოვებულია მამის მიმართ, შესაბამისად, მათ შორის ერთბაშად ვერ აღდგება ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება აქვს. ურთიერთობის აღდგენა უმჯობესია ეტაპობრივად მოხდეს. ამ ეტაპზე კი ღამით მამასთან დარჩენა არ იქნება მიზანშეწონილი. ამისათვის ბავშვი მზად იქნება მაშინ, როცა თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება მამის მიმართ. თბილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის კი საჭიროა ბავშვს არ მიეწოდოს უარყოფითი ინფორმაცია მამაზე, არ მოიხსენიონ იგი აუგად და არ შეეშალოს ხელი მათ შეხვედრებს.
13.3.8.საქმეზე სპეციალისტის სახით მოწვეული იქნა ფსიქოლოგი ლ. პ-ი. ფსიქოლოგის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების მიხედვით, ბავშვი მამასთან გაუცხოებულია, მამა მის თვალში გაუფასურებულია, რაც 6 წლის ბავშვისათვის არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ფსიქოლოგის აზრით, ბავშვს მამაზე ხშირად აქვს მოსმენილი უარყოფითი ინფორმაცია. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ვლინდებოდა, თუმცა, ეს იყო მხოლოდ სიტყვიერად, შესატყვისი ემოცია არ ახლდა. ბავშვის მამასთან ურთიერთობა შესაძლებელია, თუკი მას აღარ მიეწოდება უარყოფითი ინფორმაცია მასზე. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მამასა და შვილს შორის არსებული ბარიერის მოსახსნელად უნდა მოხდეს შეხვედრები, საწყის ეტაპზე ღამით დარჩენის გარეშე, ძნელი სათქმელია რა დრო დასჭირდება მათ შორის ურთიერთობის აღდგენას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ურთიერთობის წესი ნორმალურია, თუმცა, ძნელია კონკრეტული ვადების თქმა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 28.01.2016 წ. სხდომის ოქმი).
13.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
13.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ისა და დასახელებული კონვენციის მიხედვით, საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ბავშვთან, როგორც მშობლების, ასევე ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.
13.6. სასამართლომ განმარტა, რომ საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობების საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან. კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც, თავის მხრივ, გენეტიკური კავშირითაა განპირობებული. ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი საქმიანობიდან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მათი ბავშვთან ურთიერთობა ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს.
13.7. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
13.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესზე და იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც მამას მცირეწლოვან შვილთან - ურთიერთობისთვის განესაზღვრა თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში, შაბათი და კვირა დღეები 12.00 საათიდან - 14.00 საათამდე ბავშვის დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანდასწრებით, ხოლო ამ წესით ურთიერთობის დაწყებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი 12.00 საათიდან 20.00 საათამდე წაყვანის უფლებით; შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან ზემოაღნიშნული პერიოდის (მთლიანობაში შვიდი თვის) გასვლის შემდეგ კი - ყოველკვირეულად სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 საათიდან 20.00 საათამდე და პარასკევს 17.00 საათიდან შაბათს 21.00 საათამდე ღამისთევით წაყვანის უფლებით; ზაფხულის არადადეგების პერიოდში - ათი დღე, ხოლო ზამთრის არდადეგების პერიოდში - ხუთი დღე, შვილის დასასვენებლად წაყვანის უფლებით.
13.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაკის 2014 წლის 10 ივლისის №774 და №776 დასკვნებზე (იხ. ამ განჩინების 13.3.1 – 13.3.2 ქვეპუნქტები), რომელთა შესაბამისად იმისათვის, რომ არასრულწლოვანი ბავშვი გაიზარდოს და აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს როგორც დედამ, ასევე მამამ. მიზანშეწონილია ბავშვს აუცილებლად ჰქონდეს კონტაქტი მამასთან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამ განჩინების 13.3.3. ქვეპუნქტში მითითებული ფსიქოლოგის დასკვნაზე, რომელიც ეხება მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას და განმარტა, მართალია მცირეწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი გაუცხოვებულია მამისადმი, მასთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, საჭიროა დრო მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერების მოხსნისათვის. ამდენად, მოსარჩელეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეცეს შვილის ღამისთევით წაყვანის უფლება, რაც ფსიქოლოგის მიერ გაიცემა დადებითი დასკვნა ამის შესახებ.
13.10. სწორედ ზემოხსენებულმა გარემოებებმა განაპირობა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. 13.2.1-13.2.5 ქვეპუნქტები).
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
14.1.1. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება სოცმუშაკის # 774 და # 776 დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა და ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიზნით ფსიქოლოგი (ლ. პ-ი) ჩართო საქმეში, რომელმაც თავის დასკვნაში მიუთითა, რომ ბავშვი გაუცხოებულია მამისადმი და მათ შორის ერთბაშად ვერ აღდგება ურთიერთობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის იმ ნაწილზე, რომელიც ასახულია ამ განჩინების 13.3.5 ქვეპუნქტში, ფსიქოლოგის მიერ ბავშვისათვის მამის მიერ დატოვებული საჩუქრებისა და ტკბილეულის გადაცემის თაობაზე და უთითებს, რომ ბავშვის რეაქცია აღნიშნულზე წარმოშობს ვარაუდს, რომ მამა ბავშვის თვალში არა მხოლოდ გაუცხოებული, არამედ გაუფასურებულიცაა;
14.1.2. კასატორი უთითებს მოსარჩელის მიმართ დამტკიცებულ საპროცესო შეთანხმებასა და მისი მხრიდან მოპასუხისა და ბავშვისადმი ძალადობის ფაქტებზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მამას უარი ეთქვა შვილის ღამისთევით წაყვანაზე;
14.1.3. მოსარჩელეს, რომელიც მოძალადეა და მასთან ბავშვის შეხვედრა საზიანოა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის, ფსიქიკისა და, უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლისთვისაც, არ უნდა ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლოს 22 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 20 მაისის განჩინებით დასაშვებად არის ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან განსახილველი დავა ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დავას, კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესს, ასევე, შესაძლოა, საქმე განხილულია ისეთი საპროცესო დარღვევებით, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე.
15.2. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი ინკვიზიციურობის პრინციპის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეისწავლოს საქმის ის გარემოებებიც, რომლებიც კასატორს სადავო არ გაუხდია, გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და მათი ერთობლივად შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავაში მოპასუხემ სადავოდ გახადა მამა-შვილს შორის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი 15.1.1-15.1.4 ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა საზიანოა მცირეწლოვანის ინტერესებისათვის.
18. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის არსებითი განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს („ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნების, ფსიქოლოგის დასკვნისა და განმარტების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას და მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენისათვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მამა-შვილს შორის ჯერ ურთიერთობის აღდგენა, ხოლო შემდეგ ფსიქოლოგის, როგორც სპეციალისტის, დასკვნის მიხედვით, შემდგომი ურთიერთობა.
19. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ # ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
20. სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნებით არ დასტურდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2915, 25.02.2016წ.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (Olsson v. Sweden /No.1/ 10465/83,par.81).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილს შორის ურთიერთობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.
23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მცირეწლოვან შვილთან მამის ურთიერთობის წესი განსაზღვრულია ეტაპობრივად, რაც მოიცავს, შემდგომი ქმედებების განხორციელებას ფსიქოლოგთა დასკვნების მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის აღდგენასა და გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.
25. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც ვერ დარწმუნდა მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობაში, რაც საკასაციო საჩივრის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე