Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-325-310-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილს სარჩელით მიმართა ვ. ა-ამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მასწავლებელი) სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, სკოლა, საჩივრის ავტორი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საშვებულებო დახმარების 1395,31 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-13).

2. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 13.05.2015წ. გადაწყვეტილებით მასწავლებლის სარჩელი სკოლისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2015წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 372-376 მუხლები).

5. სკოლას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტები (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) და სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა, ამასთან, გაფრთხილებული იქნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შესაგებლის წარდგენის შემთხვევაში, საქმის განხილვა გაიმართებოდა უწყებაში მითითებულ დროსა და ადგილას. ხოლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

6. სასამართლოს გზავნილი 2015 წლის 11 აგვისტოს ჩაბარდა სკოლის დირექტორს - ი. ფ-ს (იხ. ტ.2, ს.ფ. 9).

7. მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 18 სექტემბერს, მოპასუხის (მოწინააღმდეგის) მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო (სსსკ-ის 387-ე, 232(1)-ე მუხლები).

9. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 73.8-ე მუხლზე /ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას/ და 201.7-ე მუხლებზე /სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით/.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, შვებულების პერიოდში, მას, ხელფასის სახით, უნდა მიეღო 2 395 ლარი. სკოლის მიერ დაფინანსების განაცხადის წარდგენის შედეგად, მასწავლებელმა (მოსარჩელემ) სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიიღო დახმარება - 1000 ლარი, სკოლამ (მოპასუხემ) უარი განაცხადა დარჩენილი 1395 ლარის გადახდაზე. მასწავლებლის სარჩელის უარყოფის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 29-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული დამატებით ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან. სკოლამ, როგორც დამსაქმებელმა, მოსარჩელის მოთხოვნის მიღების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინა დაფინანსების განაცხადი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მიიღო კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარება - 1000 ლარი.

11. სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი გარემოებები: სკოლამ მოსარჩელეს გამოუყო 2395 ლარი, შესაბამისად, უნდა გადაეხადა მისთვის 2395 ლარი და არა 1000 ლარი. ამდენად, აპელანტი (მასწავლებელი) უთითებს და, მოპასუხის (სკოლის) მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ითვლება, რომ მხარეთა (დამსაქმებელსა და დასაქმებულს) შორის არსებობდა შეთანხმება დამატებით ანაზღაურებაზე.

12. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივად შეაფასა სააპელაციო საჩივარში მითითებული და, აპელანტის პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობით, დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი სსსკ-ის 387.2-ე, 387.3-ე და 230-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის (იურიდიულად გამართლებულობის) შესაფასებლად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის კონკრეტული ნორმები:

13.1. სშკ-ის 29-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე;

13.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. მითითებული ნორმა ადგენს შრომის უფლების დაცვის ზოგად წესს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ასევე, შრომის ანაზღაურებას, კომპენსაციისა და შეღავათების, სამუშაო დროისა და დასვენების საკითხებს და სხვა მსგავს უფლებებს, რომლებიც ზოგადი უფლებებია, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობითაა დადგენილი და დაცული და არა მხარეთა შეთანხმებით; შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა, რომლის დაცვისას ეროვნული კანონმდებლობა ეფუძნება ევროპის სოციალურ ქარტიას (საქართველოს პარლამენტის 01.07.2005წ. 1876-რს დადგენილებითაა რატიფიცირებული) და სხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს.

13.3. სშკ განამტკიცებს ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივ გარანტიებს, ითვალისწინებს შეღავათებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისათვის;

13.4. „ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია“ (შემდეგში კონვენცია) ქალის უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. კონვენცია ეხება ქალების გაძლიერებას, თანასწორუფლებიანობას და აყალიბებს ნორმატივებს ამის მისაღწევად, ავალდებულებს სახელმწიფოს, მისცეს ქალს თანასწორობის უფლების რეალურად გამოყენების საშუალება. კონვენცია შეიცავს 16 არსებით მუხლს და ფოკუსირდება სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: 1) ქალის სამოქალაქო უფლებები და ლეგალური სტატუსი, 2)რეპროდუქციული უფლებები და კულტურული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე; 3) სპეციფიკური მუხლები ეხება ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების, ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებით ურთიერთობებსა და სხვა სფეროებში;

13.5. კონვენციაში სერიოზული ყურადღება ეთმობა ქალებისათვის ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა მათი უფლებები აღწარმოების სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონვენციის პრეამბულა, რომელშიც მითითებულია, რომ “ქალის როლი თაობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი”. კონვენცია არაერთგზის უბრუნდება დისკრიმინაციასა და რეპროდუქციულ ქცევას შორის კავშირის თემას, მაგალითად, მე - 5 მუხლში მითითებულია აუცილებლობა “უზრუნველყონ ... დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორი გაგება”. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, რომ ორივე სქესს შორის სრულად იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა შვილების აღზრდისათვის. ამის შესაბამისად, აღიარებულია დედობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრინციპები, როგორც ძირითადი;

13.6. კონვენციის მე-11 მუხლი მიუთითებს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელი ზომების საჭიროებაზე. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გათხოვების ან დედობის გამო, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების გარანტირების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საჭირო ზომებს, რათა: a) სანქციების გამოყენების მუქარით აიკრძალოს სამუშაოდან დათხოვნა ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე ან დისკრიმინაცია დათხოვნის დროს ოჯახური მდგომარეობის გამო; b) შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო შეპირისპირებადი სოციალური დახმარების ადრინდელი სამუშაო ადგილის, უმცროს-უფროსობის ან სოციალური დახმარების დაუკარგავად; c) წაახალისონ საჭირო დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს მიეცეთ ოჯახური მოვალეობების შესრულების შრომით საქმიანობასთან შეთავსებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებების ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით; d) უზრუნველყონ ქალთა განსაკუთრებული დაცვა ორსულობის პერიოდში იმ სახეობის სამუშაოებზე, რომელთა მავნეობა მათი ჯანმრთელობისათვის დამტკიცებულია.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ „სანქციას“ პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა), გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით.

15. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 9-14 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოების შედეგად, სარჩელი მოპასუხისათვის 1395 (ათას სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია და, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, 2015 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გააუქმა მაგისტრატი სასამართლოს 13.05.2015წ. გადაწყვეტილება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი.

16. მოპასუხემ (სკოლამ) საჩივარი წარადგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით (სსსკ-ის 236-ე მუხლი).

17. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები - სააპელაციო სასამართლოს 03.07.2015 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, ასევე, სასამართლო უწყება. აპელანტის განცხადებით, მან მხოლოდ უწყება მიიღო 2015 წლის 3 აგვისტოს და სასამართლოში გამოცხადდა 2015 წლის 29 სექტემბერს, გადაწყვეტილება კი იმავე წლის 18 სექტემბერს არის მიღებული.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (სსსკ-ის 240.3. მუხლი; იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 52-59).

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორმა (მოპასუხის წარმომადგენელმა) დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ნამდვილად ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივარი, თანდართული დოკუმენტებით. მისივე განმარტებით, იგი ინფორმირებული იყო შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე და ფიქრობდა, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაგებელს მათი იურისტი წარადგენდა. თუმცა, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს 04.02.2016 სხდომის ოქმი - ტ.2, ს.ფ. 42-47, კომპაქტ დისკი- ს.ფ. 49).

20. მე-19 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სააპელაციო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო, შესაბამისად, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა, მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო და პროცესუალური ნორმების დაცვით იქნა გამოტანილი.

21. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და 2015 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, მოითხოვა ამ სასამართლო აქტების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მასწავლებლის სარჩელის უარყოფა.

22. საკასაციო საჩივარში მოპასუხე იმავე პრეტენზიაზე უთითებს, რაც მან საჩივარში დააფიქსირა (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი, ასევე, საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 62-69).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო საკასაციო განაცხადი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვეობობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 10 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო სკოლის საკასაციო განაცხადი, დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საკასაციო განაცხადი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგი მოტივაციითა და განმარტებით:

24. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრების ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

25. საკასაციო სასამართლო, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს (სკოლას) არათუ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში, არამედ მარტივი შედავებაც კი არ წარმოუდგენია, არაკვალიფიციური საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი.

26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაცხადებულ პოზიციაზე (იხ. ამ განჩინების მე-19 პუნქტი) და განმარტავს, მის ისედაც მწირ საპრეტენზიო არგუმენტებს ფაქტობრივ საფუძველს აცლის ის ფორმალურ-პროცესუალური საკითხი, რომელიც უდავოა, კერძოდ: სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე არ დავობს იმაზე, რომ მას ჩაბარდა სააპელაციო საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია.

27. სკოლას (მოპასუხეს) არც სააპელაციო და არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ წარუდგენია არათუ არსებითი, არამედ მარტივი შედავებაც კი (სააპელაციო ეტაპზე თუნდაც ზეპირი ფორმით) იმის თაობაზე, ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს (მასწავლებელს) ის თანხა, რომელსაც ითხოვს.

28. კასატორი კასაციის საფუძვლებში უთითებს: „შეტყობინება არ მიუღია სკოლის დირექტორს და ამიტომაც ვერ მოხდა მისი სხდომაზე გამოცხადება. მან მხოლოდ მიიღო გაგზავნილი უწყება 03.08.2015-ში და 29.09.2015-ში იყო სასამართლოში აქ კი გადაწყვეტილება მიღებულია 18 სექტემბერს, 2015 წელს“, კასატორი, ასევე, მოკლედ უთითებს დარღვევებზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: „დირექტორს არ ჩაბარებია შეტყობინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად და ამიტომაც ვერ მოხდა მისი სხდომაზე გამოცხადება. მან მხოლოდ მიიღო გაგზავნილი უწყება 03.08.2015-ში და 29.09.2015-ში იყო სასამართლოში აქ კი გადაწყვეტილება მიღებულია 18 სექტემბერს, 2015 წელს“ (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 64).

29. საკასაციო სასამართლო კვლავაც გაამახვილებს ყურადღებას მხარის პოზიციაზე, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტშია ასახული და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე განმარტა მოპასუხემ, ხოლო საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებასთან შედარებისას, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მისი პოზიცია სრულიად უსაფუძვლოა.

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილი იურიდიული შედეგი გამომდინარეობს ქალის, როგორც დასაქმებულის უფლებიდან, ამდენად, მისი დედობისა და აღწარმოების ფუნქციის გათვალისწინებით, შრომითი უფლების მაღალი სტანდარტით დაცვა, უთუოდ მოიცავს საერთაშორისო აქტებითა და სშკ-ით განმტკიცებულ ქალის შრომითი უფლებების (რომლის შემადგენელი ნაწილია საშვებულებო დახმარება) განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივ გარანტიებს, შეღავათებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისათვის;

31. წინამდებარე განჩინების 13.4 ქვეპუნქტში მითითებული კონვენციის ძალითა და იურიდიული მნიშვნელობით, რადგან იგი ნორმატიულ აქტთა იერარქიაში ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ვალდებულების არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ მისი სასამართლო კონტროლის მეშვეობით დაცვა და განმტკიცება, რათა მიღწეული იქნეს ქალთა უფლებრივი თანასწორობა საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრების ყველა სფეროში, განსახილველ შემთხვევაში კი, ქალის რეპროდუქციული უფლებების რეალიზებას უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების ღირსეული და სხვებთან თანასწორი მოპყრობის გარანტიები.

32. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასახელებული კონვენციის პრეამბულაში გაცხადებულ მიზანსა და სულისკვეთებაზე, რომელიც ეხება ქალის როლს თაობის გაგრძელებაში, რაც არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი და ამ კონტექსტში მე-5 და მე-11 მუხლებზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების 13.5-13.6 ქვეპუნქტები).

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმულია, ასევე, მე-10, მე-11, მე-13 მუხლებში განმტკიცებული ქალის უფლება, არ იყოს დისკრიმინირებული განათლების, დასაქმებისა და ეკონომიკური, აგრეთვე, სოციალური ცხოვრების სფეროებში. ამ მოთხოვნებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სოფელ ადგილას მცხოვრებ ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთა განსაკუთრებული პრობლემები და და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილი, როგორც აღნიშნულია მე-14 მუხლში, მოითხოვს დიდ ყურადღებას პოლიტიკის დაგეგმვისას.

34. განსახილველი დავის კონტექსტში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონვენციით დეკლარირებული ნორმები ამავე კონვენციის მიზნებისათვის ცნებას: „დისკრიმინაცია ქალთა მიმართ“ განმარტავს, როგორც ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რაიმე სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობასა და განხორციელებას. ამდენად, დასახელებული კონვენციით, შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის კვლევა, ქალთა და მამაკაცთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების საფუძველზეა შემოთავაზებული, რაც არ არის განსახილველი დავის საგანი

35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სშკ-ის 29-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას (27.09.2013. N1393 ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან): „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე“.

36. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორგანული კანონის სწორედ აღნიშნული დანაწესის საფუძველზე მოხდა მოსარჩელისათვის 2395 ლარის გამოყოფა (იხ.სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 3), მოპასუხემ მხოლოდ იმ დასაბუთებით უარყო სარჩელი, რომ შრომით ხელშეკრულებაში დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა, არ არის შედავებული როგორც საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე გამოწერილი, ისე, ფაქტობრივად გამოყოფილი თანხის - 2395 ლარი - ოდენობა.

37. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება, რომელიც მოიცავს დასაქმებულისათვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, საშვებულებო დახმარების მიცემას, დაცული უნდა იქნეს მაღალი სტანდარტით.

38. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც კი არ გაუხდია სადავოდ, თუ რამ განაპირობა მასწავლებლისათვის 2395 ლარის გამოყოფა და ამ თანხის გამოყოფის ფაქტის ნამდვილობა რამდენად შეიძლება გაბათილდეს მოპასუხის იმ მტკიცებით, რომ დამატებითი წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა მხარეებს შორის, დაუსაბუთებლად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს.

39. ორგანული კანონის 29-ე მუხლის დანაწესი დამატებით ანაზღაურებაზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმებაზე უთითებს, რომელიც შესაძლებელია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით (იხ. დასახელებული ნორმის დეფინიცია წინამდებარე განჩინების 37-ე პუნქტი).

40. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული რეგულაციის გათვალისწინებით, სშკ-ით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე უნდა იქნეს გამოყენებული მიდგომა, რომ თუკი დამსაქმებელი ფაქტობრივად გამოყოფს დასაქმებულისათვის დახმარებას, იმ შემთხვევაშიც, თუკი იგი აღემატება 1000 ლარს (იხ. სშკ-ის 29-ე მუხლი), ეს ფაქტი თავისთავად მიჩნეული უნდა იქნეს დამატებით ზეპირ შეთანხმებად. საკასაციო სასამართლოს ამგვარი განმარტებით, მიაჩნია, რომ დაცული იქნება ის აუცილებელი სტანდარტი, რომ დამსაქმებლის მიერ, საშვებულებო დახმარების სახით, 1000 ლარზე მეტი ოდენობის ფაქტობრივად გამოყოფის შემთხვევაში, აღნიშნული მიიჩნევა მხარეთა შორის დამატებით ზეპირ შეთანხმებად, რაც არ საჭიროებს მტკიცებას დასაქმებულის მხრიდან.

41. ზემოხსენებული დამატებითი მოტივაციისა და განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი, მისი არაკვალიფიციურობის გამო, უარყოფილია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (18.09.2015 წ.) უცვლელად უნდა დარჩეს, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებულია მოპასუხის საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე