Facebook Twitter

№ას-396-376-2015 10 მარტი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – სს „თ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

წარმომადგენლები – გ. გ-ე, ვ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. შპს „ნ-ა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

წარმომადგენლები – გ. ა-ი, ბ. ყ-ი, ვ. ს-ე

2. ლ. ლ-ე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) (არ გამოცხადდა)

3. გ. ჩ-ა (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) (არ გამოცხადდა)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს – სს „ე-ი“

წარმომადგენლები – დირექტორი ა. კ-ა, დ. წ-ე, ნ. უ-ე, ი. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის უკანონოდ აღიარება, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება (სარჩელში), გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა, სესხად გარდაქმნილი გარანტიიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, სესხად გარდაქმნილი გარანტიიდან გამომდინარე პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 4 ივნისს, შპს ,,ნ-ას” (შემდგომში: გამყიდველი, პრინციპალი, მოსარჩელე, აპელანტი, შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხე) და სს ,,ე-ს ” (შემდგომში: მყიდველი, ბენეფიციარი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის ვადაში, მყიდველისათვის გადაეცა ნასყიდობის საგანი. ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა 2012 წლის 23 აგვისტო იყო (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი).

2. მყიდველი ვალდებულებას იღებდა, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, გამყიდველის მიერ საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 280 000 ლარი (ავანსის თანხა) ჩაერიცხა.

3. 2012 წლის 6 ივნისს, მოსარჩელესა და სს ,,თ-ს” (შემდგომში: გარანტი, ბანკი, მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, კასატორი) შორის დაიდო საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (სსკ-ის 879-ე მუხლი). გარანტიის ზღვრული ოდენობა 280 000 ლარი, გარანტიის საზღაური საგარანტიო თანხის წლიური 6%, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა, მისი ძალაში შესვლიდან, 122 დღე იყო (სსკ-ის 880-ე, 884-ე და 888-ე მუხლები).

4. გარანტია უზრუნველყოფდა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2012 წლის 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაცემული ავანსის მიზანმიმართულ გამოყენებას.

5. საგარანტიო პირობების მიხედვით, გარანტი ვალდებულებას კისრულობდა, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში, გადაეხადა საგარანტიო თანხა ბენეფიციარისათვის. პრინციპალი და გარანტი შეთანხმდნენ ასევე, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას პრინციპალი საბანკო კრედიტისათვის დადგენილი წესებით დაუბრუნებდა ბანკს წლიურ 48%-იან სარგებელთან ერთად (იხ. საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3 პუნქტი, სსკ-ის 867-ე და 623-ე მუხლები).

6. გარდა ამისა, 2012 წლის 12 ივლისს, მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეზე 96 დღის ვადით გასცა საბანკო გარანტია - 6700 ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას. მისი საზღაური წლიური 2%-ით განისაზღვრა.

7. 2012 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი გამყიდველმა მყიდველს დადგენილი ვადის დარღვევით, ნაწილ-ნაწილ მიაწოდა, 23 აგვისტოს ნაცვლად, იმავე წლის 7-13 სექტემბერს. 2012 წლის 29 აგვისტოს, გამყიდველის მიერ მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდის მოთხოვნით. ამ უკანასკნელმა იმავე დღეს აცნობა პრინციპალს ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ (სსკ-ის 885-ე მუხლი).

8. 2012 წლის 4 სექტემბერს, გარანტმა ბენეფიციარს გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 280 000 ლარი, რომელზედაც იმავე წლის 28 სექტემბრიდან გავრცელდა საბანკო კრედიტის წესები. მისი ნაწილი მოსარჩელის ანგარიშზე განთავსებული (ბლოკირებული) 31 217 ლარით (გარანტიის უზრუნველყოფა) დაიფარა, რის შემდეგაც, ბანკის წინაშე მოსარჩელის სასესხო ვალდებულება 248 729 ლარით განისაზღვრა.

9. 2010 წლის 20 დეკემბრიდან მოსარჩელესა და ბანკს შორის დადებული იყო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც უზრუნველყოფდა ლ. ლ-ისა (შემდგომში: შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხე) და გ. ჩ-ას (შემდგომში: შეგებებული სარჩელის მესამე მოპასუხე) მიერ წერილობით გაცემული თავდებობები. მათ ბანკის (შეგებებული მოსარჩელე) წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა ერთი მილიონი აშშ დოლარით (სსკ-ის 891.1-ე, 892-ე, 893-ე, 895-ს და 898-ე მუხლები). მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების შესრულებას ასევე უზრუნველყოფდა ბანკის სასარგებლოდ შეგებებული სარჩელის მეორე და მესამე მოპასუხეების უძრავ ქონებაზე 2012 წლის 5 ივნისის შეთანხმებით დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289.1-ე და 311-ე მუხლები).

10. 2013 წლის 23 იანვარს, მოსარჩელემ (პრინციპალი) სარჩელი აღძრა ბანკის წინააღმდეგ, მის მიერ ბენეფიციარისთვის საგარანტიო თანხის ხელშეკრულების პირობების დარღვევით გადარიცხვის უკანონოდ აღიარების მოთხოვნით; მანვე, ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოწერილი გარანტიის უზრუნველყოფის თანხის, 31 271 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა:

11.1. პირველ, მეორე და მესამე მოპასუხებს, სოლიდარულად დაკისრებოდათ 2012 წლის 4 ივნისის საბანკო გარანტიის გაცემის საზღაურის დავალიანების 2 347,42 ლარის (წლიური 6%), კრედიტის სახით დასაბრუნებელი გარანტიის თანხიდან გამომდინარე - 368,747.47 ლარის (ძირი თანხა - 248,729.00, პროცენტი - 63783.65 და პირგასამტეხლო - 56234.82) ანაზღაურება, ასევე 248 729 ლარზე სარგებლის (წლიური 48 %), ანაზღაურება 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0.2%-ის ანაზღაურება 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე;

11.2. 2012 წლის 12 ივლისის გარანტიის გაცემის საზღაურის დავალიანების (წლიური 2%-ის) - 35.30 ლარის ანაზღაურება.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

12.1. შეგებებული სარჩელის პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 4 ივნისის საბანკო გარანტიის გაცემის საზღაურის დავალიანების - 2347,42 ლარი, კრედიტის სახით დასაბრუნებელი გარანტიის თანხის და სარგებლის - 326 571,35 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 248,729.00 ლარი, პროცენტი-63783.65 ლარი და პირგასამტეხლო-14058,70 ლარი), ასევე 248,729.00 ლარზე წლიური 48 %-ის 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, 248,729.00 ლარზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0.05%-ის 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, 2012 წლის 12 ივლისის საბანკო გარანტიის გაცემის საზღაურის დავალიანება - 35.30 ლარის, სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგნები, რომლებზეც შეგებებული სარჩელის მეორე და მესამე მოპასუხეთა საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:

13.1 სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ უდავო ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის 29 აგვისტოს, როდესაც ბენეფიციარმა გარანტორისაგან მოითხოვა საგარანტიო თანხის - 280 000 ლარის გადაცემა, პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის 2012 წლის 4 ივნისის ხელშეკრულება შეწყვეტილი არ იყო. ხელშეკრულება ვადის დარღვევით, მაგრამ შესრულდა. ბენეფიციარმა 2012 წლის 7-13 სექტემბერს მიიღო ნასყიდობის საგანი. საბოლოოდ, მან ავანსიც მიიღო და შესრულებაც.

13.2. სსკ-ის 886-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულებაა, ბენეფიციარის მოთხოვნა განიხილოს გონივრულ ვადაში და შეამოწმოს შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს. სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რა ტიპის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებასთან ჰქონდა საქმე და გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რა გარემოების არსებობა შეიძლებოდა გამხდარიყო საგარანტიო თანხის გაცემის საფუძველი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მოსარჩელესა და გარანტს შორის 2012 წლის 6 ივნისის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება საავანსო გადახდის (ავანსის თანხის არამიზნობრივი გახარჯვის) საბანკო გარანტიით უზრუნველყოფის ხელშეკრულებას წარმოადგენდა. თავად ხელშეკრულებაც ამგვარადაა დასათაურებული.

13.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, პრინციპალს ხელშეკრულების საგანი ბენეფიციარისათვის გადაცემული არ ჰქონდა. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მას პრინციპალისათვის ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა უნდა დაეწესებინა. თუ, ამ ვადის გასვლის შემდეგაც, ვალდებულება არ შესრულდებოდა, ბენეფიციარს უფლება ჰქონდა მოეშალა ხელშეკრულება და სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკვე განხორციელებული შესრულების (საავანსო თანხის 280 000 ლარის ) უკან დაბრუნება მოეთხოვა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

13.4. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხემ ბენეფიციარს გარანტიის თანხა არასწორად აუნაზღაურა, შესაბამისად, მან დაკარგა გაცემული თანხის პრინციპალისაგან დაბრუნების მოთხოვნის უფლებაც. ასევე, მას აღარ ჰქონდა უფლება, პრინციპალის ანგარიშზე ბლოკირებული თანხა, 31 217 ლარი (გარანტიის უზრუნველყოფა), ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა.

14 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

14.1. გარანტის მიერ ბენეფიციარისთვის 2012 წლის 6 ივნისის გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა აღიარებული იქნა უკანონოდ და საბანკო გარანტიის პირობების დარღვევად; მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ 31 271 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

14.2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 6 ივნისის საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების (პროცენტის) - 2347,42 ლარისა და 2012 წლის 12 ივლისის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (პროცენტის) - 35,30 ლარის გადახდა დაეკისრათ;

15. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 879-ე მუხლი, 887-ე მუხლის პირველი ნაწილი, 881-ე, 888-ე და 890-ე, 385-ე და 976-ე მუხლები და შემდეგი დასკვნები გააკეთა:

15.1. 2012 წლის 6 ივნისის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ ვალდებულებას წარმოადგენდა მესამე პირთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები საავანსო თანხის უზრუნველყოფა. ამასთან, გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გაცემა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვეოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რაც შემდეგში გამოიხატებოდა: ბენეფიციარს სრულად უნდა ჩაერიცხა პრინციპალის ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხა და, ამავდროულად, პრინციპალს უნდა დაერღვია ხელშეკრულება. ბენეფიციარს წერილობით მოთხოვნაში უნდა მიეთითებინა იმ გარემოების შესახებ, თუ რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, ასევე, მოთხოვნასთან ერთად, გარანტს უნდა წარედგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. პალატამ განმარტა, რომ ბენეფიციარის სახელზე გარანტიის თანხის გაცემის მიზნობრიობა და მისი შემოწმების ვალდებულება, გარანტის მხოლოდ კანონისმიერ პირობას კი არ წარმოადგენდა, არამედ აღნიშნული პირობა მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულებაც იყო. ხელშეკრულებაში ნათლად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ გარანტია საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად გაიცა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა არა მხოლოდ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების სათაური, რომელიც საავანსო გარანტიად იყო სახელდებული, არამედ ამავე ხელშეკრულებაში მკაფიოდ მითითებული საბანკო გარანტიის გაცემის საფუძველი, რაც საავანსო თანხის უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. ამდენად, გაცემული გარანტია, ხელშეკრულების სათაურის, შინაარსის და ამავე ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, საავანსო თანხის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული სამართლებრივი დეფინიციების შესაბამისად, საავანსო გადახდის გარანტიის ძირითად მიზანს წარმოადგენს გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების უზრუნველყოფა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. საავანსო გარანტიის პირობათა დარღვევად განხილულ უნდა იქნეს საავანსო თანხის არამიზნობრივი გამოყენება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა იმგვარი დარღვევა, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლას, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და შესაბამისად, საავანსო თანხის დაბრუნებას იწვევს. მოცემულ გარემოებებს განსახილველ დავაში ადგილი არ ჰქონია. პალატამ მიუთითა, რომ საავანსო თანხის ამგვარი უზრუნველყოფა და სამართალურთიერთობის ამგვარი განმარტება შესაბამისობაშია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილ წესებთანაც (მოთხოვნამდე გარანტიები; პუბლიკაცია 758)4, რომელიც ამავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

15.2. ზემოხსენებული მსჯელობის ფარგლებში, პალატამ, გარდა იმისა, რომ საბანკო გარანტია მხოლოდ საავანსო თანხის უზრუნველყოფას დაუკავშირა, ყურადღება გაამახვილა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა იმგვარ დარღვევაზეც, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პრინციპალსა (გამყიდველს) და ბენეფიციარს (მყიდველს) შორის დადებული ხელშეკრულებით, მყიდველს შესრულება უნდა მიეღო ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა 2012 წლის 23 აგვისტო იყო. 2012 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. მყიდველმა გამყიდველს ვალდებულების შესრულების მიზნით დამატებითი ვადა არ განუსაზღვრა. ამ დროისათვის მას არც შესრულების მიღების ინტერესი ჰქონდა დაკარგული და ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობაც არ არსებობდა. მყიდველმა, მართალია, ვადადარღვევით, მაგრამ შესრულება მაინც მიიღო. 2012 წლის 29 აგვისტოს ბენეფიციარმა საავანსო გარანტიის თანხა მიიღო, ხოლო აღნიშნული თანხის მიღებიდან დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში (7-13 სექტემბერს) მიიღო შესრულებაც. ფაქტების აღნიშნულ ქრონოლოგიაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველი (ბენეფიციარი) ხელშეკრულებიდან გასვლასა და შესაბამისად, ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას არ აპირებდა, ეს მისი ინტერესი არ იყო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარღვევა, რომელიც საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტიის ბენეფიციარისათვის გადახდის უფლებას წარმოშობდა, სახეზე არ იყო. მაშასადამე, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ბანკმა საბანკო გარანტიის თანხა არამართლზომიერად გასცა,რაც პრინციპალისაგან თანხის უკუმოთხოვნის (რეგრესის)უფლებას გამორიცხავდა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის, 22 000 ლარის, ანაზღაურება.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და დამატებით გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 881-ე, 886-ე, 887-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ, საბანკო გარანტიის გაცემის სამართლებრივი საფუძვლიანობა შეამოწმა მხოლოდ ძირითადი ვალდებულებისა და გარანტსა და პრინციპალს შორის არსებულ კერძო შეთანხმებასთან მიმართებაში. სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიის შინაარსს .

17.2. საბანკო გარანტია გაიცა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ბენეფიციარისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პრინციპალს ეცნობა ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არანაირი შენიშვნა არ ჰქონია, პრინციპალმა ჩაიბარა გარანტის წერილი და ხელი მოაწერა მას ისე, რომ პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოსარჩელემ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო სასამართლო დავა, რაც მოპასუხემ მოთხოვნის დაკმაყოფილების იძულებით ღონისძიებებს მიმართა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ უარყოფილი კასატორის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები: 1) პირველ, მეორე და მესამე მოპასუხისათვის სოლიდარულად კრედიტის სახით დასაბრუნებელი საავანსო გადახდის გარანტიის თანხის და სარგებლის - 326 571,35 ლარის (ძირი თანხა- 248,729.00 ლარი, პროცენტი-63783.65 ლარი და პირგასამტეხლო-14058,70 ლარი) დაკისრება, 2) 248,729.00 ლარზე წლიური 48 %-ის 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე დაკისრება, 3) 248,729.00 ლარზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 0.05%-ის 2013 წლის 11 აპრილიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე დაკისრება და 4) იპოთეკის საგნების იძულებითი რეალიზაცია, სსკ-ის 879-ე, 867-ე, 623-ე, 868.1, 417-418-ე, 891.1, 895-ე და 301.1 მუხლებიდან გამომდინარეობენ.

22.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ მთავარი ფაქტობრივი წინაპირობის განუხორციელებლობაზე, რომელზედაც იყო დამოკიდებული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კერძოდ, რამდენად მართლზომიერად მოახდინა ბანკმა ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2012 წლის 29 აგვისტოს გარანტიით მისთვის თანხის ანაზღაურება. კასატორის მითითება კანონის იმ დანაწესზე, რომ რადგანაც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი), ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება საკმარისი არგუმენტი სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად. საგარანტიო თანხის გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას: ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში (სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი).

22.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 6 ივნისს ბანკსა და ბენეფიციარს შორის დაიდო საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ნამდვილობის ზოგად პირობებს (სსკ-ის 879-ე მუხლი). გარანტიის ზღვრული ოდენობა 280 000 ლარი, გარანტიის საზღაური საგარანტიო თანხის წლიური 6%, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა, მისი ძალაში შესვლიდან, 122 დღე იყო. ამ სახის საბანკო გარანტიის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბენეფიციარს სურს, თავიდან აიცილოს ის რისკები, რაც დაკავშირებულია მის მიერ პრინციპალისათვის ავანსად გადახდილი თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საწინააღმდეგო, ანუ არამიზნობრივ გამოყენებასთან. განსახილველ შემთხვევაშიც, ბანკის მიერ გაცემული გარანტია უზრუნველყოფდა ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2012 წლის 4 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაცემული ავანსის მიზანმიმართულ გამოყენებას.

22.3. 2012 წლის 29 აგვისტოს, ბენეფიციარმა ბანკს თანხის გადახდაზე წერილობითი მოთხოვნა წარუდგინა, რომელიც არც კანონის მოთხოვნებს (სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი) და არც საბანკო გარანტიით შეთანხმებულ პირობებს არ აკმაყოფილებდა. კერძოდ, მოთხოვნა არ შეიცავდა მითითებას იმაზე, თუ რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, ანუ ადგილი ჰქონდა თუ არა ავანსის არამიზნობრივ გამოყენებას. გარდა ამისა, მოთხოვნას არ ჰქონდა დართული ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დარღვევა, რომელიც საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტიის ბენეფიციარისათვის გადახდის უფლებას წარმოშობდა, სახეზე არ იყო.

22.4. საბანკო გარანტიის უპირველესი დანიშნულება ისაა, რომ გარანტორმა ბენეფიციარს თანხა უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პრინციპალს ავანსად გადახდილი თანხით უნდა შეეძინა ხელშეკრულების საგანი, რომელიც უნდა გადაეცა მყიდველისათვის. მან ეს ვალდებულება მართალია, ვადის დაღვევით, მაგრამ შეასრულა. როგორც ჩანს, ბენეფიციარი ვალდებულების დარღვევად შესრულების ვადის გადაცილებას მიიჩნევდა, მაგრამ დადგენილია, რომ ამ სახის საბანკო გარანტია გაცემული არ ყოფილა. ბენეფიციარის მხრიდან საგარანტიო თანხის მიღების მოთხოვნა დასაბუთებული იქნებოდა, თუ გამყიდველი საავანსო თანხას არამიზნობრივად გახარჯავდა, რაც საბანკო გარანტიით დაზღვეული სიკეთის ხელყოფას დაადასტურებდა, ანუ სამართლებრივი ურთიერთობის მხოლოდ ამგვარი განვითარება წარმოშობდა გარანტის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის გადახდის წინაპირობას. აღნიშნულის დამამტკიცებელი გარემოებებზე კი ბენეფიციარს არ მიუთითებია (იხ.სუსგ №ას-1229-1170-2014 ).

22.5. ამრიგად, ბენეფიციარმა, რომელსაც ბანკმა საგარანტიო თანხა 2012 წლის 29 აგვისტოს უსაფუძვლოდ გადაუხადა, რამოდენიმე დღეში პრინციპალისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებაც მიიღო. შესაბამისად, ბანკს ბენეფიციარის მიმართ შეიძლება ჰქონდეს კონდიქციური მოთხოვნა. რაც შეეხება, სსკ-ის 867-ე, 623-ე, 868.1, 417-418-ე, 891.1, 895-ე და 301.1 მუხლების საფუძველზე მოპასუხეების წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს, ის უსაფუძვლოა, რადგანაც არ არსებობს, როგორც სარგებლის, ისე თავდებობის, იპოთეკისა და პირგასამტეხლოს განმსაზღვრელი ძირითადი ვალდებულება - პრინციპალის ვალდებულება დაუბრუნოს ბანკს კრედიტი (სსკ-ის, 867-ე და 623-ე მუხლები, 153-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, და 893-ე მუხლი).

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველიც;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი