საქმე №ას-777-744-2016 27 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქირის დაკისრება, ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. კ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან ამხანაგობის „მესაკუთრე“ წევრი) სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა „მ-ე-2-ის“ თავმჯდომარე ზ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან ამხანაგობის „ინვესტორი“ წევრი) მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრის დროისათვის არსებული საიჯარო ქირის დავალიანების _ 21 850 აშშ დოლარის, სარჩელის აღძვრიდან #5 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად, თვის ბოლო დღეს 800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე, მისი დავალდებულება, გადასცეს მოსარჩელეს ამხანაგობის საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 3 თებერვალს დაფუძნდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ-ე-2“ (შემდგომში _ ამხანაგობა), რომლის „მესაკუთრე“ დამფუძნებელ წევრს წარმოადგენს მოსარჩელე. „მესაკუთრის“ შესატანი განისაზღვრა მისსავე საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ-ის ქ#2-ში მდებარე სახლით. გარდა „მესაკუთრე“ დამფუძნებელი წევრებისა, რომელთა შენატანი განისაზღვრა ასევე მათსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებით, ამავე ამხანაგობაში გაწევრიანებულები არიან „ინვესტორი“ დამფუძნებელი წევრები. აღნიშნულ პირებს სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-4 მუხლით დაეკისრათ „მესაკუთრე“ წევრებისათვის საცხოვრებელი ბინების დაქირავების ვალდებულება მთელი მშენებლობის განმავლობაში. სწორედ ამ ფარგლებში, ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოსარჩელეს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება „ხელშეკრულება #5“, რომლითაც ამხანაგობის თვმჯდომარემ და ინვესტორმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადასაცემი სახლის ამავე შეთანხმებაში აღწერილი პირობებით დასრულებამდე გადაეხადა ბინის ქირა ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა და სარჩელის აღძვრის მომენტისთვის დავალიანება 21 850 აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ვალდებული პირი არ ასრულებს. გარდა ამისა, „მესაკუთრე“ წევრს ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით უფლება აქვს, იცნობდეს ამხანაგობის საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე იგნორირებულია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა აღებული. ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით არის განსაზღვრული „მესაკუთრე“ და „ინვესტორი“ წევრების უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო ბინები ე.წ „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში. შეთანხმებაში განმარტებულია, თუ რა არის თეთრი კარკასი, რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ რაზე იყვნენ შეთანხმებული ხელშეკრულების მხარეები. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრის დღიდან ქირის დაკისრება, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ მოსარჩელეს დადებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულება და გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად 800 აშშ დოლარს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მხოლოდ მოპასუხის ბრალით. როგორც „მესაკუთრე“ წევრის განმარტებიდან დგინდება, მისთვის გადაცემული 4 ბინიდან სულ ცოტა ორი მაინც იყო მიყვანილი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე არა მარტო 2013 წლის დეკემბრისათვის, არამედ _ 2012 წლის დეკემბრისთვისაც. „მესაკუთრე“ წევრი განზრახ არ ახორციელებს მის უფლებას, იცხოვროს აშენებულ ერთ-ერთ ბინაში, რითაც ზიანდება ზოგადად ამხანაგობის ინტერესები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 650 აშშ დოლარის გადახდა, მასვე დაევალა, გადასცეს მოსარჩელეს ამხანაგობის საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „ინვესტორმა“ წევრმა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ამხანაგობის შიდა ურთიერთობაში ერთობლივი საქმიანობის მონაწილე ერთი წევრის მოთხოვნის საფუძვლიანობა ამავე ხელშეკრულების მონაწილე სხვა წევრის მიმართ. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმათა გათვალისწინებით, მოპასუხე არ წარმოადგენდა სარჩელზე პასუხისმგებელ ერთადერთ პირს, შესაბამისად, განსასაზღვრი იყო მოპასუხეთა წრე, რის გამოც არსებობდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მთხოვნაზე სწორედ მოპასუხე წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს, რადგანაც ვალდებულების არსებობა სადავო არ გამხდარა, ხოლო მოპასუხე, როგორც ერთობლივი საქმიანობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების, ისე _ საკუთარი პასუხისმგებლობის დამაზუსტებელი ე.წ #5 ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენს მოვალეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
1.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.3.1. 2009 წლის 3 თებერვალს - ბ. ჩ-ეს, მ. კ-ს, ნ. გ-ს, მ. ჩ-ეს, ლ. ჯ-ეს, ზ. ჯ-ს, თ. ს-ს, თ. ქ-ს, ა. ნ-სა და ნ. ჯ-ს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ქ.თბილისში, მ-ის ქ#2-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება და დამფუძნებლებისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა;
1.3.2. ამხანაგობის წევრები: ბ. ჩ-ე, მ. კ-ი, ნ. გ-ი, მ. ჩ-ე და ლ. ჯ-ე წარმოადგენენ „მესაკუთრეებს“, რომელთა შესატანს ამხანაგობაში შეადგენდა უძრავი ქონება - მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები მათზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, ხოლო ამავე ამხანაგობის წევრები: ზ. ჯ-ი, თ. ს-ი, თ. ქ-ი, ა. ნ-ი, ნ. ჯ-ი, იწოდებიან „ინვესტორებად“, რომელთა შესატანი ამხანაგობაში ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგნაირად: ზ. ჯ-ის შესატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი წილობრივი დაფინანსება; თ. ს-ის _ საცხოვრებელი სახლის შენებლობის წილობრივი დაფინანსება; ა. ნ-ის _ საცხოვრებელი სახლის პროექტი, არქიტექტურული და მუშა დოკუმენტაცია, ტექნიკური ზედამხედველობა; თ. ქ-ის _ მშენებლობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და ერთი სამოთახიანი ბინის მშენებლობის დაფინანსება, ხოლო ნ. ჯ-ის _ სამშენებლო მასალებით მომარაგება. „ინვესტორები“ წილობრივად აგებდნენ პასუხს, როგორც ამხანაგობის საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი ვალებისათვის მესამე პირების წინაშე, ასევე, ერთმანეთთან ურთიერთობაშიც, ამასთანავე, ვალდებული იყვნენ „მესაკუთრეთა“ მიერ ბინების დაცლის სურვილის გაცხადებისთანავე უზრუნველეყოთ ისინი მათივე შერჩევით დაქირავებული ბინებით მთელი მშენებლობის განმავლობაში;
1.3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო #5 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „ინვესტორმა“ იკისრა ვალკდებულება ამხანაგობის წევრი მოსარჩელის წინაშე, რომ ჩააბარებდა მისთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს ე.წ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რომლის ფაქტობრივი მახასიათებლებიც მხარეებმა დეტალურად აღწერეს თავად ამ #5 ხელშეკრულებაში, ამასთანავე, „ინვესტორმა“ წევრმა იკისრა ვალდებულება, არსებული საცხოვრებელი სახლის დასრულებამდე გადაეხადა ბინის ქირა თვეში 800 აშშ დოლარის ოდენობით.
1.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის, როგორც დავალიანების, ისე _ მიმდინარე ქირის დაკისრება და ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოსარჩელისათვის გადაცემის დავალდებულება (საგულისხმოა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში საცხოვრებელი ფართის ნაწილი მოსარჩელეს 2013 წლის ბოლოს გადაეცა, ამ დროიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს).
1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე, ასევე იმას, რომ „მესაკუთრე“ წევრსა და „ინვესტორს“ შორის დადებული #5 ხელშეკრულება წარმოადგენს 2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობებიც სწორედ ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტთან ერთობლიობაში უნდა იქნას შეფასებული, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ნების გარეგანი გამოხატულების (ფორმირებული) ნამდვილი შინაარსის დასადგენად საჭიროდ მიიჩნევს არა მხოლოდ მის სიტყვასიტყვით განმარტების, არამედ, „გონივრული განსჯის“ მეთოდის გამოყენებასაც. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის ფარგლებში მხარეთა მიერ დასახული მიზანი, მათ შორის გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს იმის თაობაზე, რომ #5 ხელშეკრულებაში ფორმირებული ნება სწორედ ერთობლივი საქმიანობის მიზნის მიღწევის ხელშეწყობის საშუალებაა, ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალებების ფარგლების სწორად განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ამხანაგობის შიდა ურთიერთობაში მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და იმ საკითხზე, თუ ვინ გვევლინება კრედიტორად და ვინ მოვალედ:
1.5.1. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად (რომლითაც იხელმძღვანელა თავად სააპელაციო პალატამაც იხ. სუსგ №ას-482-458-2013, 16 იანვარი, 2014 წელი), ამხანაგობაის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე დამყარებული გარიგება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ამხანაგობისათვის დამახასითებელია კოლექტიური გაერთიანების (კორპორაციული სტრუქტურის) ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. მართალია, ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმა (935.2 მუხლი) ხელშეკრულების მონაწლეს აღჭურავს უფლებით, მოსთხოვოს წევრს ვალდებულების არა საკუთარი, არამედ საერთო მიზნის მისაღწევად შესრულება, თუმცა, წევრთა ურთიერთმოთხოვნის არსებობის შესაძლებლობას ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელი არც ერთი დანაწესი არ გამორიცხავს.
1.5.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობა, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, საკანონმდებლო ბოჭვის ფარგლებში (სკ-ის 319.1 მუხლი) დასაშვებად მიიჩნევს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ პირობებზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიმართაც სრულად ვრცელდება შესრულების კეთილსინიდისიერი მოვალეობა (სკ-ის 361.1 მუხლი). ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომლის თანახმადაც, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით „ინვესტორმა“ წევრებმა იკისრეს „მესაკუთრე“ წევრებისათვის ბინების დაქირავების ვალდებულება (ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული ვალდებულების მოცულობა, არამედ, განსაზღვრულია მხოლოდ შესრულების ვადა _ მშენებლობის დასრულებამდე) და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ამ ვალდებულების ფარგლებში, მოპასუხე არ წარმოადგენს პერსონალურად პასუხისმგებელ პირს. მხარეთა შორის უდავოა ის გარემოებაც, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე „ინვესტორი“ წევრია, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ #5 ხელშეკრულებით მოპასუხემ, როგორც ამავდროულად ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა, დააზუსტა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ქირის გადახდის ვალდებულების ფარგლები, თუმცა, მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის გაზიარების საფუძველი, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართაა აღძრული და საჭიროა ამხანაგობის წევრთა მოწვევა საქმის განხილვაში.
1.5.3. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც მოვალეებად გვევლინებიან ამხანაგობის „ინვესტორი“ წევრები, ხოლო კრედიტორებად _ „მესაკუთრე“ წევრები, რომელთაც საკუთარი სურვილის შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შეუძლიათ მოითხოვონ, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ყველა სოლიდარულად პასუხისმგებელი პირისაგან თანახმად სამოქალაქო კოდექსის 463-ე-465-ე მუხლებისა. ამ მსჯელობას არ აბათილებს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ამხანაგობის წევრთა ურთიერთპასუხისმგებლობის მონაწილეთა წილების შესაბამისად შეზღუდვის თაობაზე, ასევე გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოპასუხის შესატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი წილობრივი დაფინანსება და არა საცხოვრებელი სახლის დასრულებამდე ბინის ქირის გადახდის უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხის შეტანა.
1.5.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სალიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სკ-ის 473.1 მუხლი), ამდენად, „მესაკუთრეთა“ წინაშე მშენებლობის განმავლობაში ბინის ქირის გადახდის ვალდებულების „ინვესტორთა“ მიერ სოლიდარულად კისრების გამო, მოპასუხე, როგორც სოლიდარულად ვალდებული პირი, პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მოპასუხეა, რომელსაც გააჩნია ყველა იმ მატერიალური შესაგებლის წარდგენის უფლება, რომლითაც აღჭურვილი არიან დანარჩენი სოლიდარული მოვალეები (სკ-ის 466-ე მუხლი).
1.6. სამართლებრივად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა მეორე სასარჩელო მოთხოვნაზეც. სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საქმეში წარმოდგენილი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს იბა „მ-ე-2-ის“ თავმჯდომარეს, რომლის უფლებამოსილებაც გაწერილია ხელშერულებით. მათ შორისაა ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ამხანაგობის საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესა და ამხანაგობას შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივ საფუძველს დავალების ხელშეკრულება წარმოადგენს (სკ-ის 934.5 მუხლი), რომლის ფარგლებშიც რწმუნებულად გვევლინება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი _ ამხანაგობის თავმჯდომარე, ხოლო მარწმუნებლად _ ამხანაგობის წევრები (სკ-ის 709-ე მუხლი), თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს რწმუნებულის მოვალეობას, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. ამდენად, კანონის აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით, ამხანაგობის დოკუმენტაციის გადაცემაზე მოპასუხე, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე ასევე განიხილება სათანადო მოპასუხედ და არც ამ ნაწილში არსებობს ამხანაგობის ყველა წევრის მოწვევის წინაპირობები.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე