Facebook Twitter

საქმე №ას-943-908-2016 27 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-იის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2015 წლის 9 ოქტომბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და 2015 წლის 12 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდურის _ თვეში 1 200 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლიდან 2015 წლის 9 ოქტომბრამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციის ქუთაისის სერვისცენტრში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2010 წლის 16 თებერვალს იგი დაინიშნა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის უმცროს სპეციალისტად, ხოლო შრომის ანაზღაურება განესაზღვრა თვეში 600 ლარით. მოგვიანებით შრომის ანაზღაურება რამდენიმეჯერ შეიცვალა. 2013 წლის 31 იანვრის ბრძანებით დასაქმებული დაინიშნა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის (ქუთაისი) პოზიციაზე, შრომის ანაზღაურება განესაზღვრა 500 ლარით. ორგანიზაციის დირექტორის 2013 წლის 16 მაისის #... ბრძანებით შრომის ანაზღაურებაში შევიდა ცვლილება და იგი განესაზღვრა 700 ლარით, ასევე, 2014 წლის 16 აპრილის #... ბრძანებით, 2013 წლის 31 იანვრის #... ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რაც ითვალისწინებდა დაკავებული თანამდებობის დასახელების შეცვლას, კერძოდ, მას ეწოდა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი. შრომით ურთიერთობაში, გარდა დასახელების შეცვლისა, სხვა ცვლილება არ განხორციელებულა. 2015 წლის 9 ოქტომბრის #... ბრძანებით დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რასაც წინ უსწრებდა 2015 წლის 13 აგვისტოს #... ბრძანების საფუძველზე კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაცია. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ჩაბარდა გაფრთხილება თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებლის 2015 წლის 10 სექტემბრის #... ბრძანებით განაწილდა ფუნქციები დირექტორსა და მის მოადგილეებს შორის, ამავე დღეს მიღებული #... ბრძანებით დამტკიცდა სტრუქტურა, ხოლო #... ბრძანებით _ საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სპეციალისტისათვის გამოიყო 2 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციამდე მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში სპეციალისტისათვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 1 საშტატო ერთეული, ანუ რეალურად რეორგანიზაციას მოცემულ სამსახურთან მიმართებაში შედეგად მოჰყვა არა შტატის შემცირება, არამედ _ საშტატო ერთეულის გაზრდა. რეორგანიზაციამდე სპეციალისტის ანაზღაურება შეადგენდა 700 ლარს, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ _ 1200 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 10 სექტემბრის #... ბრძანებით დამტკიცდა დამსაქმებლის საშტატო ნუსხა და თანადებობრივი სარგოები, აღნიშნულ ბრძანებაში 2015 წლის 20 ოქტომბერს კომპანიის დირექტორის #... ბრძანებით შევიდა ცვლილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განისაზღვრა სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული. მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა იყო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი (ქუთაისი). რეორგანიზაციის შედეგად არა მხოლოდ შემცირდა აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტების რაოდენობა, არამედ ქუთაისის სერვისცენტრში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის საშტატო ნუსხა გაუქმდა. რეორგანიზაცია განპირობებული იყო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით, გარდა აღნიშნულისა, არც ერთ ტერიტორიულ ერთეულში (რეგიონულ ფილიალებსა და სერვისცენტრში) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტის საშტატო ერთეული არ არსებობდა. რეორგანიზაცამდე მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აღნიშნულ სამსახურში არსებობდა 6 საშტატო ერთეული, მათ შორის, ერთი სპეციალისტი ქუთაისის სამსახურში, დღეისათვის მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით არსებობს 5 საშტატო ერთეული, მხოლოდ ერთი ერთეული არის სპეციალისტის, რომელიც დასაქმებულია თბილისში, კომპანიის სათავო ოფისში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიაში აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2015 წლის 9 ოქტომბრის #... ბრძანება და დასაქმებული აღდგენილ იქნა მოპასუხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე, მასვე აუნაზღაურდა განაცდური, 2015 წლის 12 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თვეში 1200 ლარის ოდენობით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა კი, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება და ის საკითხი, არსებობს თუ არა დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის წინაპირობები. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რასაც შედეგად ფაქტების არასწორად დადგენა და შესაბამისად, მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

1.3. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. 2010 წლიდან 2015 წლის 9 ოქტომბრამდე დასაქმებული მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში;

1.3.2. 2013 წლის 1 თებერვლიდან მას ეკავა კომპანიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის (ქუთაისი) თანამდებობა და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 700 ლარს;

1.3.3. დამსაქმემელი კომპანიის ერთადერთი პარტნიორია სახელმწიფო. საწარმოს ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის სუბსიდირება, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება;

1.3.4. 2015 წლის 3 აგვისტოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმართა დამსაქმებელი საწარმოს დირექტორს და განუმარტა, რომ „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის #422 განკარგულებით, ქვეყნის ფისკალური მდგომარეობისა და საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს დაევალა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შემცირება. ამის გამო, სამინისტრომ საწარმოს დირექტორს სთხოვა, განეხილა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხი და წარედგინა შესაბამისი წინადადებები. ამ წერილის პასუხად, საწარმომ სამინისტროს შესთავაზა ორგანიზაციული ცვლილებები, რაც სტრუქტურის ცვლილებებსა და შტატების შესაძლო შემცირებას გამოიწვევდა. დეტალური ინფორმაცია დაერთო წერილს, რასაც 2015 წლის 12 აგვისტოს დაეთანხმა სამინისტროც და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც, შესაბამისად, 2015 წლის 13 აგვისტოს საწარმოს დირექტორმა გამოაცხადა კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება;

1.3.5. შრომითი ურთიერთობების შესაძლო შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 17 აგვისტოს ეცნობა დასაქმებულს და 2015 წლის 9 ოქტომბერს დამსაქმებელმა მას შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა;

1.3.6. შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა ეკონომიკური გარემოებები, რომელმაც, თავის მხრივ, ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება გამოიწვია, საწარმოდან გათავისუფლდა 106 მუშაკი და ყოველთვიური ხარჯის დანაზოგმა შეადგინა 214 730 ლარი. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა, მათ შორის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის (ქუთაისის სერვისცენტრი) თანამდებობა.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოხსენებული ფაქტების მიმართ დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს.

1.5. სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას, კერძოდ:

1.5.1. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მართალია, ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები, ისევე, როგორც შრომის სამართლის სფეროში მოქმედი არა ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, ადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების ვალდებულებას, თუმცა, დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობის არსის (დაქვემდებარების პრინციპით სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), ასევე, კერძო სექტორში დამკვიდრებული თავისუფალი მეწარმეობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტს, შესაბამისად, მისი უფლებების შეზღუდვის კანონიერება ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ შესაბამისად უნდა იქნას შემოწმებული და დადგინდეს გონივრული ბალანსი დამსაქმებელი მეწარმის კანონიერ ინტერესსა და დასაქმებული ფიზიკური პირის სოციალური უფლებების შეზღუდვას შორის. მოქმედი შრომის კოდექსი სტრუქტურული რეორგანიზაციის ცნებასა და მისი რეგულირების წესს არ ითვალისწინებს, რის გამოც, შრომით ურთიერთობაში ფაქტობრივად დამკვიდრებული ამ ცნების სამართლებრივი შედეგები შრომის კოდექსის 37-ე მუხლში უნდა ვეძიოთ. მოხმობილი ნორმის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) და დადებით შემთხვევაში უნდა დადგინდეს ისიც, უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

1.5.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ რეორგანიზაცია მოპასუხე საწარმოს ერთპიროვნული პარტნიორის ნებით გაცხადებული ეკონომიკური გარემოებების ცვლილების საფუძველზე განხორციელდა და დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამუშაო ძალის შემცირების თაობაზე მოწონებულია უფლებამოსილი პირის მიერ, ამასთანავე, რეორგანიზაციის კანონიერება წინამდებარე დავის ფარგლებში შედავებული არაა, რაც შეეხება მეორე საკითხს _ ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რეორგანიზაციამდე კომპანიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური შედგებოდა ექვსი საშტატო ერთეულისაგან: სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, ოპერატორი, სპეციალისტი (ქუთაისი), უფროსი სპეციალისტი. რეორგანიზაციის შემდეგ კი, ამ სამსახურის საშტატო ერთეული შემცირდა ერთით და ამჟამად მის შემადგენლობაში შედის სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი (ოპერატორი), სპეციალისტი (პროტოკოლი) და სპეციალისტი. უდავოა ის გარემოებაც, რომ გათავისუფლებამდე დასაქმებულს ეკავა სპეციალისტის თანამდებობა (ქუთაისი). მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ: საშტატო ნუსხაში შევიდა ცვლილება და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განისაზღვრა სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული; რეორგანიზაციამდე მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში არსებობდა 6 საშტატო ერთეული, მათ შორის ერთი, ქუთაისის სერვისცენტში საქმიანობდა; დღეს მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არსებობს 5 საშტატო ერთეული, აქედან ერთი საშტატო ერთეული სპეციალისტისაა, რომელიც საქმიანობს თბილისში, კომპანიის სათავო ოფისში. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე დამსაქმებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეულის დასახელების მიუხედავად (სპეციალისტი „ქუთაისი“), იგი სათავო ოფისს ეკუთვნოდა, ამასთანავე, რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ემყარება დამსაქმებლის იმ არგუმენტაციას, რომ ამ ცვლილების შედეგად უფროსი სპეციალისტი დაქვეითდა და გახდა მთავარი სპეციალისტი, ხოლო, მთავარი სპეციალისტი ასევე დაქვეითდა და დაიკავა სპეციალისტის თანამდებობა (იხ. 28.12.2016წ. სხდომის ოქმი, 16:45:47; 16:52:43 სთ). პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ გამოთქმულ ზემოაღნიშნულ პოზიციას თავად აფასებს საკასაციო სასამართლო და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად დადასტურებულად (სსსკ-ის 131-ე მუხლი) მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საშტატო ერთეული შენარჩუნებულია, რამდენადაც დღეისათვის კვლავ არსებობს სათავო ოფისის კუთვნილი სპეციალისტის შტატი იმ ცვლილებით, რომ მას დამატებით აღარ ეწოდება „ქუთაისი“, ხოლო რელურად, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება შეეხო არა სპეციალისტს, არამედ, უფროს სპეციალისტს, რომელიც დაქვეითდა და გახდა მთავარი სპეციალისტი, ხოლო მთავარმა სპეციალისტმა დაიკავა სპეციალისტის შტატი, თავის მხრივ, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სათავო ოფისში არსებულ სპეციალისტის შტატს დაემატა ფუნქციები და მოსარჩელეს არ გააჩნდა შრომის ახალი პირობებისათვის თავის გართმევის სამკარისი პროფესიული უნარ-ჩვევები.

1.5.3. განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დასაქმებულის შრომითი უფლების დისპროპორციულად მიიჩნევს დამსაქმებლის 2015 წლის 9 ოქტომბრის #... ბრძანებას, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება ან ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა მართლზომიერი წინაპირობის არსებობა არ დასტურდება, ამასთანავე, არ იკვეთება დამსაქმებელი მეწარმის უპირატესი ინტერესი კასატორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, შესაბამისად, დამსაქმებლის ბრძანება ბათილად უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან არ არსებობს მისი გამოცემის კანონით დადგენილი (სშკ-ის 37-ე მუხლი) წინაპირობები (სკ-ის 54-ე მუხლი).

1.6. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასახელებული ნორმის, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.2. და 1.5.3. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია.

1.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ნების არამართლზომიერება დასაქმებულის სრულ უფლებრივ რესტიტუციას იწვევს, ანუ უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები (იხ. შკ-ის 44-ე, ასევე, სკ-ის 408-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და დამსაქმებელს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1 200 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულს მიეცემოდა შრომის ანაზღაურება სწორედ ამ ოდენობით, თუკი დამსაქმებელი მას უსაფუძვლოდ არ დაითხოვდა სამსახურიდან. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამდენად, არსებობს გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდება, პალატა მიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.1.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელემ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწია ხარჯი 400 ლარის ოდენობით (100+300), ხოლო დავის ქონებრივ ნაწილში დასაქმებული ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, შესაბამისად, ფაქტობრივად გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება სრულად ეკისრება მოპასუხეს.

2.2. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების საკითხს, პალატა მიუთითებს საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში განსახილველი დავის საგნის ღირებულება, ამავე კოდექსის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს დასაქმებულის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (15 თვე) პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხით (18 000 ლარი), რომლის სამივე ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაღებული ხარჯის (100+336+300), ასევე, გადასახდელი ბაჟის ოდენობის (სსსკ-ის 39.1 მუხლი) სხვაობის მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 424 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ქ. კ-ის სარჩელი შპს „ს-იის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნას ცნობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შპს „ს-იის“ დირექტორის 2015 წლის 9 ოქტომბრის #... ბრძანება.

5. ქ. კ-ე აღდგენილ იქნას შპს „გ-იის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

6. შპს „ს-იას“ (ს/კ #...) ქ. კ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის _ თვეში 1 200 ლარის (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით) ანაზღაურება 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით.

7. შპს „ს-იას“ (ს/კ #...) ქ. კ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 400 ლარის ანაზღაურება.

8. შპს „ს-იას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დამატებით დაეკისროს 1 424 ლარის გადახდა.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური