Facebook Twitter

№აs-1108-1065-2016 18 აპრილი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ე.მ.გ.ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ლ.დ.ს." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და 2016 წლის 31 მაისის განჩინების ძალაში დატოვება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ს.ე.მ.გ.ს–მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა შპს ,,ლ.დ.ს.“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) წინააღმდეგ 11 128,62 ლარის დაკისრების მოთხოვნით, შემდეგ ფაქტებზე მითითებით:

1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამინისტროსა და სს ”ე. XXI-ის” გაკოტრების მმართველს შორის ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121-ე პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2010 წლის 11 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სამინისტროს ნატურით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურნეო ქონება და კომერციული სუბიექტების მიმართ 207 382 136 (ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაათი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის მოცულობის მოთხოვნები, მათ შორის მოპასუხის მიმართ 11128,62 ლარის მოთხოვნის უფლება.

1.2. ”ე. XXI” სს ,,ს.გ.ს.ე–ის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს. მოპასუხე საწარმოს დავალიანება წარმოეშვა სს ,,ს.გ.ს.ე–ის“ სენაკის ფილიალის მიერ მიწოდებული ელექტრო ენერგიის მოხმარების შედეგად.

1.3. მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, მან მიწოდებული ელექტრო ენერგიის საფასური არ გადაიხადა.

2. 2015 წლის 5 ოქტომბერს, სამინისტრომ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 11 128,62 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

3. მოპასუხემ, რომელსაც სარჩელი და თანდართული მასალები საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა 2015 წლის 11 დეკემბერს, არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა შესაგებელი. შესაგებლის წარუდგენლობის გამო სენაკის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 29 დეკემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 128,62 ლარის გადახდა დაეკისრა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი}.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსსკ-ის 241-ე, 233.ე, 70-ე-78-ე, 71-ე, 73.1-ე, 131-ე, 184.3-ე, 240.2-ე მუხლები გამოიყენა.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელემ სრულად არ შეასრულა სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულია საწარმოს ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი, აღნიშნული მისამართი სასარჩელო განცხადების ფორმაში ჩაწერილი არ ყოფილა;

5.2. სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოპასუხის ალტერნატიული ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა გზავნილი ფოსტის მეშვეობით განმეორებით იმავე მისამართზე გაიგზავნა, საიდანაც ერთხელ უკვე დაბრუნდა ჩანაწერით - „არასწორი მისამართი“;

5.3. სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და მოპასუხეს გაუგზავნა გზავნილი თვითონ, როცა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემა-ჩაბარების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა;

5.4. სსსკ-ის 233-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, ვინაიდან საწარმო მოწვეული არ იყო აღნიშნული კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

5.5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაგებელი არ იქნებოდა წარდგენილი საპატიო მიზეზით, სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნა 2005-2007 წლების დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმული იყო, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომა უნდა ჩაენიშნა, რაც მან არ განახორციელა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება; საქმე შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ეტაპიდან განხილვისათვის დაუბრუნდა სენაკის რაიონულ სასამართლოს.

6.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერსა და 2015 წლის 21 ოქტომბერს, მოპასუხისათვის სასამართლოს გზავნილის ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო საფოსტო დაწესებულების მიზეზით. ამდენად, პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები ქმნიდა დასაბუთებულ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარედგინა შესაგებელი ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე;

6.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერისა და საფოსტო უკუგზავნილის შეფასების გზით, დგინდებოდა რომ მოპასუხემ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის დადასტურება და მხოლოდ ის გარემოება, რომ სწორ მისამართზე გაეგზავნა გზავნილები, სადაც ვერ მოხერხდა მათი ჩაბარება, არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჩივარში მითითებული მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სენაკის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეს ორჯერ გაუგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სსსკ-ის 184-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, გზავნილის ჩაუბარებლობის გამო სასამართლომ განახორციელა გზავნილის საჯარო შეტყობინება და განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვალა. ამდენად, საჯარო შეტყობინება კანონშესაბამისად იქნა გამოყენებული რაიონული სასამართლოს მეირ და დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მართებულად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც.

7.2. მოპასუხეს გზავნილი გაეგზავნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე, ამდენად, სსსკ-ის მოთხოვნები სრულად იყო დაცული;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შესწავლისა და ანალიზის, ასევე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თუ რამდენად მართებულად გააუქმა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ანუ არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ მიღებული განჩინება საკმარისად დასაბუთებული არ არის.

11. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 6.03.17 ).

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. მისამართი, რომელზეც სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეს გზავნილები გაუგზავნა, სწორი იყო და წარმოადგენდა მოპასუხის როგორც იურიდიულ ისე ფაქტობრივ მისამართს;

12.2. 2015 წლის 13 ოქტომბერს სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, კურიერის მიერ მითითებული მიზეზით, რომ მისამართი იყო არასრული;

12.3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გზავნილით მოპასუხეს წერილობითი კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა კურიერის მიერ მითითებული იმ მიზეზით, რომ ადრესატი ვერ მოიძებნა;

12.4. სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ, გზავნილები, მოპასუხეს ორივე შემთხვევაში გაეგზავნა სწორ მისამართზე, თუმცა მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა ფოსტის მიზეზით.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი ოთხი უკუგზავნილი, ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს შეიცავს, კერძოდ, 2015 წლის 16 ოქტომბრის უკუგზავნილში კურიერ გ. გ–ეს გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული აქვს მოპასუხის არასრული მისამართი (იხ. ს.ფ.33), ხოლო სხვა კურიერის (დ. შ–ას) ინფორმაციით კი გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (იხ. ს.ფ. 34). 2015 წლის 21 ოქტომბრის უკუგზავნილში კურიერ გ. გ–ეს ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული აქვს შემდეგი: „ადრესატი ვერ მოიძებნა“, ხოლო მეორე კურიერი - დ. შ–ვა კვლავ აღნიშნავს, რომ გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ შეტყობინებების ბარათებში დაკონკრეტებული არ არის თუ კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ბარათებზე ხელმომწერი ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ თუ არა საწარმოს უფლებამოსილ პირებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული მტკიცებულებები არ გამხდარა სასამართლოს კვლევის საგანი, ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

14. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7.2, მე-8, 372-ე, 399-ე, 412-ე, 407-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ე.მ.გ.ს–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი