23 მარტი, 2017 წელი,
№ას-1162-1117-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა:
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "თ.ბ."
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ფ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს "თ.ბ–ს" (შემდეგში: მოსარჩელე ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ.ფ–ს (შემდეგში: მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 19 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9958.31 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3661.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 4141.41 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი და დაზღვევა - 1655.85 აშშ დოლარი;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ცნობის გაცემიდან 2015 წლის 13 აგვისტოდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 3661.05 აშშ დოლარზე ერთი წლის განმავლობაში წლიური 19 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 57.96 აშშ დოლარს - სულ 695.59 აშშ დოლარი.
2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 19 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9405.55 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3661.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 3588.65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი და დაზღვევა 1655.85 აშშ დოლარი; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება 2011 წლის 19 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის 552.76 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 405-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელწმიფო ბაჟის - 300 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
11. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ - ნ.ს–ს 2017 წლის 6 თებერვალს ეცნობა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 13 თებერვალს. ამდენად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოსწორებულა.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მისმა ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ.ბ–ის" შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა