Facebook Twitter

15 მაისი, 2017 წელი,

№ას-441-413-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა:

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ა." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "პ.მ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სარეკლამო მომსახურების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს "პ.მ–ს" (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს "ა–ს" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 49300.41 ლარის გადახდა; მოპასუხეს 2014 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 49300.41 ლარის 0.02 პროცენტის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მიმართ 2014 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს ნაწილის 49300.41 ლარის 0.18 პროცენტის დაკისრებაზე ეთქვა უარი; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2014 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 49300.41 ლარის, წლიური 10% დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 3004.85 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 5 დღიანი ვადა მის აღმოსაფხვრელად.

9. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით, დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სატელეფონო შეტყობინებით კასატორის წარმომადგენელ - ი. ჯ–ს 2017 წლის 13 აპრილს ეცნობა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 14 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 18 აპრილს 24 საათზე. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა–ს" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა