Facebook Twitter

18 აპრილი, 2017 წელი,

№ას-171-160-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ი.ჯ., თ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი :

1. სს „პ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) და მ.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, მამკვიდრებელი, გარდაცვლილი ან გარდაცვლილი მოპასუხე) შორის 2010 წლის 28 ივლისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 8000 აშშ დოლარი 60 თვით, წლიური საპროცენტო სარგებლის 22 %-ის დარიცხვით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 867-ე, 868-ე, 623-ე მუხლები}.

2. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 % {სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები}.

3. კრედიტის დაბრუნებას უზრუნველყოფდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკ.კ. №.....), (შემდეგში სადავო უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი) ბანკის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი}.

4. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა ი.ჯ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებლის მეუღლე, პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, პირველი მემკვიდრე ან პირველი სოლიდარული თავდები) და ნ.ჯ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე სოლიდარული თავდები) გააფორმა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებიც, რომელთა მიხედვითაც, ამ უკანასკნელებმა ბანკის წინაშე იკისრეს წერილობითი ვალდებულება, საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ {სსკ-ის 891-ე მუხლი}.

5. მსესხებელი 2013 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის მემკვიდრეები არიან მისი მეუღლე და შვილი თ.გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გარდაცვლილის ან მსესხებლის შვილი, მესამე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე მემკვიდრე) {სსკ-ის 1306-ე და 1336ე მუხლები}.

6. მოვალის გარდაცვალების შემდეგ საკრედიტო ვალდებულების შესრულება გააგრძელა პირველმა სოლიდარულმა თავდებმა, 2014 წლის 25 თებერვლიდან კი, მან გადახდა შეწყვიტა. მიუხედავად ბანკის არაერთგზის მოთხოვნისა, გარდაცვლილის მემკვიდრეებმა და სოლიდარულმა თავდებებმა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ყოველთვიური გადახდა არ განახორციელეს.

7. 2015 წლის 31 ივლისს, ბანკმა სარჩელი აღძრა მსესხებლის მეუღლის, მსესხებლის შვილისა და მეორე სოლიდარული თავდების წინააღმდეგ და მოითხოვა:

7.1. გარდაცვლილის უფლებამონაცვლეებად ამ უკანასკნელის მეუღლისა და შვილის ცნობა და სადავო უძრავი ქონების მათი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხვა;

7.2. მოპასუხეთათვის ბანკის სასარგებლოდ 4190.55 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

7.3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სადავო უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

8. მსესხებლის მეუღლემ და შვილმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ მსესხებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში შეიტყო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას კანონით გათვალისწინებულ ექვსი თვის ვადაში გარდაცვლილის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნა არ წარუდგენია, ამდენად, მათი განმარტებით, მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნის უფლება. მეორე სოლიდარულ თავდებს შესაგებელი არ წარუდგენია.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბანკისათვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც, ბანკის წარმომადგენელმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ საიდან ჰქონდა ბანკს მსესხებლის გარდაცვალების მოწმობა. აპელანტთა განმარტებით, აღნიშნული გარდაცვალების მოწმობა, მათ მსესხებლის გარდაცვალებიდან 1 თვეში წარუდგინეს ბანკს, ამასთან, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მათ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორი გადახდა განხორციელეს;

9.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მორიგი გადახდის ვადა დადგა 2014 წლის 25 თებერვალს, რაც მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ, ამდენად, ბანკის მოთხოვნა სწორედ ამ დროს წარმოიშვა, და იგი სსკ-ის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეებს უნდა წარდგენოდათ არაუგვიანეს 1 წლისა, კერძოდ 2015 წლის 25 თებერვალს. აპელანტთა მითითებით, ბანკმა მათ მოთხოვნა ვადის დარღვევით - 2015 წლის ივნისში წარუდგინა, რის გამოც იგი გაქარწყლებული იყო.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოპასუხეებზე, როგორც მემკვიდრეებზე, ისე სოლიდარულ მოვალეებზე გადანაწილებისა და ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაცის გზით დავალიანების დაფარვისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ;

10.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და სამართლებრივად დასაბუთებული იყო, ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გარდაცვლილის მეუღლემ და შვილმა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია;

11.2. კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვინაიდან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ მორიგი გადახდის ვადა დადგა 2014 წლის 25 თებერვალს, რაც მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ, ამდენად, ბანკის მოთხოვნა სწორედ ამ დროს წარმოიშვა და იგი სსკ-ის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა წარდგენოდათ არაუგვიანეს 1 წლისა, კერძოდ, 2015 წლის 25 თებერვალს. კასატორების მითითებით, ბანკმა მათ მოთხოვნა ვადის დარღვევით - 2015 წლის ივნისში წარუდგინა, რის გამოც, იგი გაქარწყლებული იყო.

12. მეორე სოლიდარულ თავდებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი არ წარუდგენია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. პირველი კასატორის პრეტენზია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნა განხორციელებადი ვერ იქნება (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას) სამართლებრივად დაუსაბუთებელია. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი მოვალის კანონისმიერი მემკვიდრეა, ის იმავდროულად სოლიდარული თავდებიცაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორის წინაშე მისი ქონებრივი პასუხისმგებლობა არა სამემკვიდრეო, არამედ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მან წერილობითი ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე თავდებად დასდგომოდა მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს (მოვალეს) ამ უკანასკნელის საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად (სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილი, 892-ე, 893-ე, 896-ე და 898-ე მუხლები). სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნათა მიმართ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. მითითებული ნორმის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 25 თებერვლიდან, ხოლო მან სარჩელი აღძრა 2015 წლის 31 ივლისს, ანუ კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადის დაცვით.

19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007).

19.1. სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტთა მხრიდან, კრედიტორისათვის, მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების (სსკ-ის 1487) შესრულება.

19.2. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი).

19.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ გარდაცვლილის მემკვიდრეებს კრედიტორისათვის არ უცნობებიათ მოვალის გარდაცვალების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო გარდაცვლილის ვალების შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-6 პუნქტები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ბანკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ მიმართავდა ნოტარიუსს, რადგანაც მემკვიდრეებმა არ აცნობეს მას, მოვალის გარდაცვალების შესახებ. ამდენად, ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს დავალიანების ამოსაღებად საქმისწარმოების დაწყების მომენტიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავალიანების ამოღების მიზნით ბანკმა საქმისწარმოება 2015 წლის 3 ივნისს დაიწყო, ხოლო გარდაცვლილის ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მემკვიდრეებს, მათ შორის მეორე კასატორსაც, იმავე დღეს გაეგზავნათ. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება (გამაბათილებელი მტკიცებულება), რომ მოსარჩელისათვის დავალიანების ამოსაღებად საქმისწარმოების დაწყებამდე ცნობილი იყო მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მეორე კასატორის პრეტენზიები, რომ მოსარჩელემ დაკარგა მის მიმართ საკრედიტო დავალიანების მოთხოვნის უფლება, რადგან, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია მოვალის მემკვიდრისათვის საკრედიტო დავალიანების მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ვადა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-143-136-2010, 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება; №ას-968-1269-2007, 2008 წლის 22 თებერვლის განჩინება; №ას-303-285-2014 , 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დაადგინა:

1. ი.ჯ–ისა და თ.გ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი