Facebook Twitter

№ას-120-116-2016 21 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ხ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ა, ა. მ-ა, გ. ნ-ი, ბ. შ-ა, რ. გ-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ. ხ-ა (შემდეგში: მამკვიდრებელი), მცხოვრები ხობის რაიონი, სოფ. ნ-ში, გარდაიცვალა 2013 წლის 5 ივლისს და მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1319-1320-ე მუხლები).

2. სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო ანდერძისმიერმა მემკვიდრემ (ღვიძლი და) - ლ. ხ-ამ, (შემდგომში: მოსარჩელე, ანდერძისმიერი მემკვიდრე ან კასატორი), რომლის სახელზეც 2014 წლის 10 იანვარს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა გაიცა (სსკ-ის 1421-ე მუხლის და 1499-ე მუხლი პირველი ნაწილები1424-ე და 1344-ე, მუხლები).

3. 2015 წლის 19 ივნისს, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: გ. ბ-ას, ა. მ-ას, გ. ნ-ის, ბ. შ-ას და რ. გ-ას (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ 4039 ლარის დაკისრებისა და ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელემ შემდეგ ფაქტებზე მიუთითა:

3.1. 1991 წელს, ყოფილ კოოპვაჭრობასთან შეთანხმებით, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ხობის რაიკოოპერატივის საიჯარო საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალის მოსაწყობად სოფელ ნ-ში მამკვიდრებელს გადაეცა 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (შემდეგში: სადავო მიწის ნაკვეთი). აღნიშნულ ფართზე მოეწყო ბაზარი, რაზეც მამკვიდრებელმა დახარჯა 4039 ლარი.

3.2. მოპასუხეებმა მამკვიდრებელი უკანონოდ გააძევეს ამ ტერიტორიიდან და ქონება კი გაასხვისეს. მას, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს, აქვს მოთხოვნის უფლება, დაიბრუნოს ქონება მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, ასევე 4039 ლარი, როგორც მიყენებული ზიანი.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითეს, რომ ისინი არც სადავო ქონებას ფლობენ და არც რაიმე სახის მონაწილეობა მამკვიდრებლისთვის ქონების ჩამორთმევაში არ მიუღიათ.

5. ფოთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. სასამართლომ დაასკვნა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობებია: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

5.2. მოსარჩელეს, იმის დასადასტურებლად, რომ იგი არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც მისი მტკიცების ტვირთია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეთათვის თანხის დაკისრებას, სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია ზიანის არსებობის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.

6. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი

გარემოებები: კერძოდ, არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეების, როგორც მაშინდელი თანამდებობის პირების, ბრალეული ქმედების შედეგად მამკვიდრებელს უკანონოდ წაართვეს ხობის რაიკოოპერატივის საიჯარო საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალის მოსაწყობად გამოყოფილი 2200 კვ.მ მიწის ფართი, რომლის მოწყობაზეც დაიხარჯა 4039 ლარი;

6.2. მამკვიდრებელმა ქონების რეგისტრაციაც მოპასუხეთა ბრალეული ქმედების გამო ვერ მოასწრო, თუმცა ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელს კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტით დასტურდება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7.1. სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. მან განმარტა შემდეგი: „სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. ასევე დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეები არ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ აუცილებელი პირობების არარსებობის გამო ვინდიკაციური სარჩელი კანონშესაბამისად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება მოპასუხეთა ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების ერთერთი გამომრიცხავი წინაპირობა და განმსაზღვრელი ფაქტორია“.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

8.1. 1994 წელს, სადავო ქონება მაშინდელმა ხობის მერმა და ერთ-ერთმა მოპასუხემ, გაასხვისეს და მიჰყიდეს კერძო პირებს, ხოლო მოპასუხედ დასახელებულმა სხვა პირებმა ამაში ხელი შეუწყვეს.

8.2. სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ მამკვიდრებლის სახელზე გამოყო. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მასზე მოეწყო ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც მამკვიდრებელმა 4039 ლარი დახარჯა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან.

15. სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას ითვალისწინებს. სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებანი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამივე გარემოება ერთდროულად არსებობს, სარჩელი საფუძვლიანია.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო ადგენს, ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს სადავო ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც იგი ითხოვს და ნივთის მფლობელ მოპასუხეს აქვს თუ არა ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ გააჩნია და არც მოპასუხეები ფლობენ მას. მოსარჩელემ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე ასევე ვერ დაადასტურა, მოპასუხეების მიერ მამკვიდრებლის მიმართ უკანონო, არამართლზომიერი ქმედების განხორცილება და ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის არსებობა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელემ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე ასევე ვერ დაადასტურა, მოპასუხეების მიერ მისი და მისი მამკვიდრებლის მიმართ უკანონო, არამართლზომიერი ქმედების განხორცილების და ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტი (იხილეთ სუსგ ას-1040-980-2015; ას-892-842-2015; ას-948-910-2014.)

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ლ. ხ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (401.95 ლარის, გადახდის თარიღი – 19 თებერვალი, 2016 წელი, საგადახადო დავალება № 0) 70% – 281.365 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი