Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-664-635-2016 21 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კერძო საჩივრის ავტორი- შპს "ტ-ო" (მოპასუხე)

მეორე კერძო საჩივრის ავტორი- შპს "ს" (მოპასუხე)

პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება

მეორე კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის უსწორობის გასწორების დავალება

დავის საგანი – ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრებისა და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია ლ. ყ–ის, გ. ყ-ის, შპს "ტ-ოს", ნ. ნ-ის, შპს "ჰ-ას" (მოპასუხეები) საკასაციო საჩივრები ქ. ხ-ისა და შპს „პ-ას“ (მოსარჩელეები) წინააღმდეგ.

2. ამავე საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია შპს-ის „ტ-ო“ კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება /საქმე # 2ბ/6052-15/ და შპს-ის „ს“ კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება / საქმე # 2ბ/6052-15/.

3. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის უსწორობის გასწორების დავალება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის # 2ბ/6052-15 განჩინებაში, დავის საგნიდან მისი შემდეგი ნაწილის „ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლების რეალიზება, ინტელექტუალური საკუთრებისა და მომიჯნავე უფლების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება“ ამოღება.

4. კერძო საჩივრების ავტორებს ზემოხსენებული ნაწილის მითითება დავის საგანში მიაჩნიათ გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობად და თავიანთი მოთხოვნას შემდეგნაირად ასაბუთებენ: 2016 წლის 7 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელეებმა უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების ნაწილში არსებულ მოთხოვნებზე და ამის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება დასახელებულ ნაწილში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის 2ბ/6052-15 განჩინებაში „დავის საგნის“ ნაწილში კვლავაც არის მითითებული „ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლების რეალიზება, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრებისა და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება“.

5. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, სწორედ „დავის საგნის“ ზემოხსენებული ნაწილია ის უსწორობა, რომლის გასწორება განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლით დადგენილ დანაწესს, რომლის გასწორების შემთხვევაში არსებითად არ შეიცვლება თავად 2016 წლის 10 ივნისის განჩინება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით ლ. ყ-ის, გ. ყ-ის და შპს-ის „ტ-ო“ განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე წლის 18 ივლისის განჩინებით განუხილველად დარჩა შპს-ის „ს“ განცხადება ამ გაჩინების მე-4 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის თაობაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული 14 ივლისის განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები“ და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობად ვერ შეფასდება სადავო საკითხი, ვინაიდან 2016 წლის 10 ივნისის განჩინებაში არსებული „დავის საგანი“ სარჩელის მიხედვითაა განსაზღვრული, რაც გამორიცხავს მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის საგნის სტრუქტურის ან შინაარსის ცვლილებას.

8. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული სადავო საკითხის გადაწყვეტისას, შპს-ის „ს“ განცხადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლო 2016 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაეყრდნო სსსკ-ის მე-2 მუხლს „ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით“ და განმარტა, რომ, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს განცხადების დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სასამართლო არკვევს, შეტანილია თუ არა იგი დაინტერესებული პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნებზე უარის თქმას ინტელექტუალურ ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) შედეგად მოჰყვა ის, რომ შპს-ას „ს“ აღარ გააჩნია საპროცესო სტატუსი და, შესაბამისად, საპროცესო დაინტერესება, მოითხოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

9. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინებებით მოპასუხეების - შპს-ის "ტ-ო" და შპს-ის "ს-" კერძო საჩივრები მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრების, გასაჩივრებული განჩინებების განხილვისა და გაანალიზების შედეგად, საპროცესო კოდექსის ფარგლებში არსებული მოწესრიგებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ არცერთ მათგანს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 260.1-ე მუხლის დანაწესზე (იხ. ნორმის დეფინიცია მე-7 პუნქტში) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებში დავის საგნის მითითება მოხდა სსსკ-ის 249-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) სტრუქტურას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დადგენილია გადაწყვეტილების შესავალი ნაწილის შემადგენელი კომპონენტები, რომელთა შორის მითითებულია დავის საგანი, რომელიც მოსარჩელის, როგორც დავის ინიციატორის, მოთხოვნის საფუძველზე, სსსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის წესით განისაზღვრება და დავის დამწყები განსაზღვრავს დავის საგანსაც. განსახილველი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოებისას სწორედ ზემოხსენებული წესით მიეთითა დავის საგანი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული სადავო ნაწილის ამოღება დავის საგნიდან, მათივე მითითებით, არსებითად არ ცვლის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინების შინაარსს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), ამდენად, საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხეთა მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი არ და ვერ ხელყოფს მათ რაიმე მატერიალურ- პროცესუალურ უფლებას, რაც იმას ადასტურებს, რომ კერძო საჩივრების ავტორებს არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი მოთხოვნების მიმართ, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, იურიდიული შედეგის თვალსაზრისით, მოპასუხეთა რომელიმე უფლების გაუმჯობესება ან გაუარესება მოხდებოდა. შესაბამისად, კერძო საჩივრების პრეტენზიები არარსებითი და დაუსაბუთებელია, რის გამოც ისინი უარყოფილია და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისისა და 18 ივლისის განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ-ოს“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ს“-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 და 18 ივლისის განჩინებები;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე