Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-721-689-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს-ას „ნ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მენარდე) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდეგში: მოპასუხე, გამგეობა, შემკვეთი ან კასატორი) შორის, 2014 წლის 22 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №148, რომლის თანახმადაც, გამგეობის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლებში: ქვემო კაპანახჩში, ქესალოში, ნაზარლოში და სართიჭალაში უნდა განხორციელებულიყო გზების მოასფალტების სამუშაოები, სულ 261 383, 70 ლარის ღირებულების. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, ხოლო 20.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 10 სექტემბერი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 629-ე მუხლი; იხ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 15-19).

2. მენარდემ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალაში საბავშვო ბაღთან მისასვლელ 300 მეტრიან გზაზე დააგო ასფალტი, რის დასტურადაც საქმის მასალებში წარდგენილია საექსპერტო დასკვნა, სასაქონლო ზედნადებები და ფოტომასალა (იხ. ტ.1, ს.ფ. 32-49, 160-171). რაც შეეხება სხვა სოფლებში (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) შესასრულებელ სამუშაოებს, ისინი მენარდეს არ შეუსრულებია.

3. მენარდემ 2014 წლის 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 78 740, 76 ლარის დაკისრება (იხ. ტ.1, ს.ფ. 1-14).

4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულება, რადგან დათქმულ ვადაში მას არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია. მენარდე ვალდებული იყო, სამუშაოების დაწყება წერილობით ეცნობებინა შემკვეთისათვის, ასეთი პირველი წერილი ამ უკანასკნელს 2014 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა თითქმის უკვე ამოწურული იყო და მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. შემკვეთმა ისიც აღნიშნა, რომ მენარდის მიერ განმეორებით, იმავე წლის 17 სექტემბერს გაგზავნილ წერილს, ერთვოდა ფორმა # 2 და მითითებული იყო სამუშაოების დასრულებაზე. მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, შემკვეთს კი მოუწია სხვა საწარმოსთან -„ი-“-თან გაეფორმებინა ხელშეკრულება იმ სამუშაოების შესასრულებლად, რაც მოსარჩელეს ევალებოდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, შემკვეთს დაეკისრა 69 488,11 ლარის გადახდა;

6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულება ნაწილობრივ შეასრულა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

7. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლით განმტკიცებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის თანახმადაც მხარე თავისუფალია, საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები დადასტურებული იყო კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 629.1-ე, 641-ე, 316.1-ე, 317.1-ე, 327-ე, 361-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა.

9. სსკ 327.1-ის მუხლის შესაბამისად, მხარეებმა გაითვალისწინეს სამუშაოების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 361.2-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ, ხელშეკრულების ფარგლებში, შეასრულა 69 488,11 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შემკვეთს არ აუნაზღაურებია. სასამართლომ იმსჯელა, ასევე, მოპასუხის განმარტებაზე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მენარდის მიერ წარდგენილი ფორმა # 2 არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა მიჩნეულიყო იმ დოკუმენტად, რომელიც დაადასტურებდა გარკვეული სამუშაოს შესრულებას და აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სსკ - ის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით, კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებლად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით.

11. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა მოპასუხის მტკიცებაზე, რომელიც ეხებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლს და განმარტა, რომ სსკ-ის 641-ე მუხლის საფუძველზე, პირველ ფაკულტატურ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება არ ყოფილა. მეორე ფაკულტატიურ მოთხოვნას კი ის წარმოადგენს, რომ თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებე დაყრდნობით:

12.1.არასწორია უდავო გარემოებად იმის მიჩნევა, რომ მენარდემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება;

12.2. სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეფუძნება მიღება-ჩაბარების აქტს და ფორმის # 2 მონაცემებს, რომელზედაც არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერაა. ამასთან, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2015წ. დასკვნით არ დგინდება, თუ ვინ შეასრულა სოფ. სართიჭალაში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შემკვეთის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლი „გ“ ქვეპუნქტი).

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა იმავე პრეტენზიებზე დაყრდნობით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. ამ განჩინების 12.1-12.2 ქვეპუნქტები, ასევე, სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 98-106 და საკასაციო საჩივარი - ტ. 3, ს.ფ. 84-91).

16. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, შემკვეთის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-32-31-2010, 12.04.2010წ., # ას- 1294-1214-2015, 27.06.2015წ.; # ას- 164-160-2016, 28.07.2016წ.; # ას-450-432-2016, 09.09.2016წ.).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

23. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას დაედებოდა საფუძვლად. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: # ას-944-894-2015, 27.11. 2015წ.; # ას-1326-1252-2012, 25.03.2013 წ.; # ას-1142-1071-2012, 07.03,2013 წ.) დაყრდნობით განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ტვირთის მატარებელია კასატორი.

24. საკასაციო სასამართლო, განსახილველი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ რაიმე განსაკუთრებულ დათქმას, შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა, რომ ამ ვითარებაში მოქმედებს სსკ-ის 641-ე მუხლის დანაწესი(იხ. ამ განჩინების მე-11 და მე-14 პუნქტები).

25. საკასაციო სასამართლომ, სსკ-ის 641- ემუხლზე მსჯელობისას, ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა:„სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაც იმასვე ადგენს, რომ თუკი ნივთის ხარისხი წინასწარ არ არის შეთანხმებული, მაშინ იგი ნივთობრივად უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს შორის არის ვალდებულების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული სსკ-ის 380-ე მუხლიც: „თუ ვალდებულების შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი“.

26.სსკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშვა ვალდებულება, მენარდისათვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო. განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოსარიცხად, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რომლებითაც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ დარღვეულა კანონი, გასაჩივრებული განჩინებით სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მიენიჭა, რაც დასახელებული განჩინების თაობაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების არარასებობაზე მიუთითებს.

27. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "უ" ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე