Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-726-694-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ი, ფ. მ-ი, ნ. გ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. გ-ემ და ფ. მ-მა (შემდეგში: გამსესხებლები, მყიდველები, მოპასუხეები, უძრავი ქონების მესაკუთრეები ან კრედიტორები), 2013 წლის 23 აპრილს ბ. ბ-შვილს (შემდეგში: მსესხებელი ან გამყიდველი) ასესხეს 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა ძირითადი თანხის 5 %-ის ოდენობით, ხოლო სესხის ხელშეკრულების ვადა - სამი თვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-625 მუხლები; იხ. სესხის ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 82-84)

2. პირველ პუნტში დასახელებულ მხარეებს შორის, 2013 წლის 2 მაისს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებლებმა მსესხებლისაგან შეიძინეს ქ. თელავში, მ-ის ქ. #12 მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 5..), რომელიც მყიდველების საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (სსკ-ის 183-ე, 311, 312 მუხლები; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 39 და 163).

3. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავი ქონების მესაკუთრეებსა და ნ. ქ–ს (იპოთეკარი) შორის, 2013 წლის 18 სექტემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #130979700, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა უძრავი ქონების მესაკუთრეებს ასესხა 9000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრეთა უძრავი ქონება (იხ. მე-2 პუნქტი, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 34-36; 623-625 და 289-ე მუხლები).

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავი ქონების მესაკუთრეებსა და მ. ქ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2013 წლის 18 სექტემბერს, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა მესაკუთრეებისაგან იყიდა უძრავი ნივთი (იხ. მე-2 პუნქტი).

5. კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 ივნისის №A14007971-011/001 განკარგულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. მე-2 და მე-4 პუნქტები), 2014 წლის 12 ივნისს გაიყიდა იძულებით საჯარო აუქციონზე, სადაც მისი შემძენი გახდა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული იპოთეკარი (იხ. ტ. І, ს.ფ.169; სსკ-ის 302.4 მუხლი). 2014 წლის 23 ივნისს სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მისი შემძენის (იპოთეკარის) საკუთრების უფლება. აუქციონის შედეგები მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

6. მოსარჩელემ 2014 წლის 3 ივლისს სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ გამსესხებლებსა და მე-3 პუნქტში დასახელებული იპოთეკარის წინააღმდეგ და მოითხოვა:

6.1. ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული 18.09.2013 წლის №130979700 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებულის, ბათილად ცნობა;

6. 2. ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული 18.09.2013 წლის №130979886 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებულის, ბათილად ცნობა;

6. 3. ბ. ბ-შვილის (იხ. პირველი პუნქტი) ცნობა სადავო უძრავი ნივთის (იხ. მე-2 პუნქტი) ერთადერთ კანონიერ მესაკუთრედ.

7. მოსარჩელის მტკიცებით, ჯერ დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება 18.09.2013 წ # 13097900, ხოლო შემდეგ, იმავე დღეს - ნასყიდობის ხელშეკრულება # 1309799886. ნოტარიუსის მიერ შედგენილ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი დატვირთული იყო იპოთეკით და სწორედ ამ უკანონო გარიგებების საფუძველზე აღმოჩნდა იგი გაურკვეველ ვითარებაში, რამაც საბოლოო ჯამში მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება გასხვისების საფრთხის ქვეშ დააყენა. მოსარჩელემ მოითხოვა:

8. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და განმარტეს:

8.1. მათგან სესხად მიღებული 10 000 აშშ დოლარი ვერ დააბრუნა მსესხებელმა დათქმულ ვადაში, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავოდ ქცეული ქონება მყიდველთა საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ. პირველი და მე-2 პუნქტები). ამას ადასტურებს ხელშეკრულებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

8.2. ბ. ბ-შვილი სადავო ბინაში ცხოვრობდა, ვალს ვერ უხდიდა მოპასუხეებს, რის გამოც ამ უკანასკნელებმა მიმართეს თელავის რაიონულ პოლიციას მისი გამოსახლების მოთხოვნით. ამის შემდეგ, მსესხებელმა მოპასუხეებს გადაუხადა 7000 აშშ დოლარი და მისი ოჯახის წევრებმა მოითხოვეს, გარკვეული ვადა, რათა თვითონვე მოეძებნათ სხვა პიროვნება, რომლის სასარგებლოდაც იპოთეკით დაიტვირთებოდა უძრავი ქონება და მოპასუხეთა ვალს გაისტუმრებდნენ;

8.3. ბ-შვილის ოჯახის წევრებმა მოძებნეს იპოთეკარი ნ. ქ-ი, რომელმაც გადაიხადა 9000 აშშ დოლარი, ხოლო ბ. ბ-შვილის რძალმა და იმავდროულად მისმა წარმომადგენელმა - მოსარჩელემ იპოთეკარისაგან მიიღო 4000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ნ. ქ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება და მოპასუხეებისაგან ბინა დაუბრუნდა ბ-შვილის წარმომადგენელს - მოსარჩელეს (იხ.1-4 პუნქტები);

8.4. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ბინა მათ საკუთრებაში გადავიდა კანონიერი გზით, 2013 წლის 2 მაისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, რაც გაფორმდა მათსა და ბინის მესაკუთრეს შორის (იხ. მე-2 პუნქტი).

9. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 153-ე, 286-ე, 291, 292-ე, 302-ე, 316-317-ე, 361-ე, 623-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-103 მუხლები.

10. რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა ზემოხსენებულ ნორმათა დანაწესებზე და მათ საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

10.1. ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარის მიერ მოპასუხეებზე გაცემული სესხი სწორედ უძრავი ნივთით იქნა უზრუნველყოფილი. მხარეებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, სადავო უძრავი ნივთი (ბინა) რეგისტირირებული იყო მოპასუხეებზე, ამ უკანასკნელებმა, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა განაცხადეს სადავო უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვაზე. ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი შემდგომში საკუთრების უფლებით გადავიდა მოსარჩელის სახელზე, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რადგან, როგორც აღინიშნა, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მესაკუთრე, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გარანტირებულია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა. იგი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ მოთხოვნასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გამოიყენება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. მე-3 პუნქტი) ვერ შეასრულეს. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამდენად, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სრულიად სამართლიანად წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება კრედიტორს - იპოთეკარს;

10.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, არაა აუცილებელი, იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე. სსკ-ის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება“. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დამდგარი იყო და მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, დაეკმაყოფილებინა იპოთეკარი (ნ. ქ-ი) და ამით დაეხსნა საკუთარი ქონება აუქციონზე რეალიზაციისაგან. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე, მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს“, ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დააკმაყოფილებდა კრედიტორს (იპოთეკარს), ამ უკანასკნელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ გადავიდოდა მასზე;

10.3. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები იყვნენ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოპასუხეები, რომელთაც გააჩნდათ კუთვნილი ქონების, როგორც გასხვისების, ისე, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთვის სრული უფლებამოსილება;

10.4. რაიონულმა სასამართლომ, ასევე, იმსჯელა ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის, რომლის საფუძველზეც სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთი (იხ. მე-2 პუნქტი) ამ უკანასკნელის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში და, ასევე, დარეგისტრირდა ხელშეკრულება სესხისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის (იპოთეკის) შესახებ, რეესტრის ნომერი №130979700, დამოწმების თარიღი 18/09/2013, ნოტარიუსი ლალი ბაგრატიონი. შესაბამისად, 18.09.2013წ., ერთი მხრივ, იპოთეკარსა და, მეორე მხრივ, მოპასუხეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული (იხ. მე-3 პუნქტი) იპოთეკარის მოთხოვნის უფლება გადავიდა მოსარჩელეზე.

10.5. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, იპოთეკარის (იხ. მე-3 პუნქტი) მიმართ, მასზე გადასული ზემოღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მასზე რიცხული, სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთი გატანილი იქნა იძულებით საჯარო აუქციონზე 2014 წლის 12 ივნისს და მისი შემძენი გახდა - იპოთეკარი. იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგები მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და სადავო ბინა, იმავე წლის 23 ივნისს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა იპოთეკარის (აუქციონზე შემძენის) სახელზე;

10.6. რაიონული სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 2013 წლის 2 მაისს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) იყო მოტყუებით დადებული გარიგება (სსკ-ის 81-ე მუხლი). მოსარჩელე არ უარყოფდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას (იხ.მე-3 პუნქტი) უშუალოდ ესწრებოდა, ამასთან, მოსარჩელე ნებაყოფლობით დათანხმდა იმ ნივთის შეძენას, რომელზეც ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება იყო დადებული. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, იპოთეკარის კუთვნილი გასესხებული თანხიდან, 9000 აშშ დოლარიდან, 5000 აშშ დოლარი აიღო ერთმა მოპასუხემ - ნ. გ-ემ, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცეს მოსარჩელესა და მის მეუღლეს. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11. ზემოხსენებული მოტივაციით, რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა და უარყო იგი

12. .რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

12.1. რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტები. სასამართლომ ერთობლიობაში არ შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცალმხრივად, მიკერძოებულად დაეყრდნო მოპასუხეთა ტენდენციურ მოსაზრებებს;

12.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ აპელანტის მოსატყუებლად, ნოტარიუსის ხელშეწყობით, მოპასუხეებმა უკანონო გარიგება გააფორმეს. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა იპოთეკის ხელშეკრულების დადება, რამაც გამოიწვია ის, რომ აპელანტმა შეიძინა ვალდებულებით დატვირთული ქონება. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების შესახებ აპელანტისათვის არაფერი იყო ცნობილი და არც ნოტარიუსის მიერ შედგენილ ხელშეკრულებაში იყო მითითებული, რომ უძრავი ნივთი იპოთეკით იყო დატვირთული;

12.3. სასამართლომ არ შეაფასა ის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პირდაპირ იწვევდა ნასყიდობის შესახებ დადებული გარიგების ბათილობას.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნების გათვალიწინებით (იხ. 6-7 პუნქტები), განმარტა მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის სსკ-ის 81-82-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხმობილი ნორმების თანახმად, „თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად (მუხ. 81) და „მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას“ (მუხ. 82), მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს, ობიექტური განსჯის შედეგად, არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ # ას-182-171-2014 16.06.2014 წელი).

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარიგების მოტყუებით დადების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებდა იმაზე, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს მასსა და მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინ უსწრებდა მოპასუხეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელთა სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ნასყიდობის საგანი. აღნიშნული გარემოება კი მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი, გარდა ამისა, ქონებაზე ასეთი ნაკლის შესახებ, არც ნოტარიუსს მიუთითებია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

17. აპელანტის აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 07.04.2016 წლის სხდომაზე, აპელანტის განმარტებაზე, სადაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სანოტარო ბიუროში ესწრებოდა მოპასუხეებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას და მისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის თაობაზე, თუმცა, შედეგები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოგვიანებით გააცნობიერა. აღსანიშნავია, რომ აპელანტს არც 18.09.2013 წელს იპოთეკარსა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ამ უკანასკნელთა მიერ იპოთეკარისაგან (აუქციონზე უძრავი ქონების შემძენისაგან) ნასესხები თანხის მიღება გაუხდია სადავოდ. ნიშანდობლვია, რომ აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ აღიარა რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც.

18. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 131-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად: „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას“ და განმარტა, რომ მოსარჩელის/აპელანტის ასეთი აღიარება საფუძვლად უნდა დაედოს წინამდებარე განჩინებას, რაც, თავის მხრივ, საკმარისია დასკვნისთვის, რომ მოსარჩელე გარიგების დადებისას არ მოუტყუებიათ, ვინაიდან მისივე განმარტების საფუძველზე, მან იცოდა, რომ ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ არ იცოდა იპოთეკის სამართლებრივი შედეგები, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, „კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი“.

19. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“. ამდენად, აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი განიხილოს პირის განცხადება, რომელიც მიმართავს მას თავისი და არა სხვისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებილი 18.09.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება # 130979700. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების მხარეს, შესაბამისად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით კიდეც რომ იყოს დარღვეული ხელშეკრულების რომელიმე მონაწილის უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ ამით აპელანტის უფლებები არ შელახულა, მას ასეთი ხელშეკრულების გაბათილების მოთხოვნაზე არაულებამოსილ პირად აქცევს. სასამართლომ, ასევე არაუფლებამოსილი პირის მოთხოვნად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავი ნივთის ერთადერთ კანონიერ მესაკუთრედ ბ. ბ-შვილის ცნობის ნაწილშიც, მით უმეტეს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისთვის მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილების მინიჭება.

20. ზემოხსენებული მოტივაციით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნდნენ სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებას გაუქმების საფუძველი.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ.12.1-12.3 ქვეპუნქტები). კასატორი იმაზეც უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ შეისწავლა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავს დავებზე. ნოტარიუსი ვალდებულია, ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვის შესახებ მიუთითოს დასამოწმებელ გარიგებაში და თუკი მხარეები ვერ თანხმდებიან გარიგების პირობებზე, უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, რაც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, იდავონ სასამართლოში (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 82-92).

22. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდგი არგუმენტაციით:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-182-171-2014, 16.06.2014წ.; #ას1117-1051-2015, 20.01.2016წ.; ას-634-605-2016, 03.10.2016წ.).

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

29. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოტყუებით არის დადებული სადავო ხელშეკრულებები, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით (იხ. ამ განჩინების 15-19 პუნქტები), აღსანიშნავია, რომ კასატორმა არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი პრეტენზია წარმოადგინა, რომელიც ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

30. ზემოხსენებული მოტივაციისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობისათვის არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

31. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან- ტ.2, ს.ფ. 107).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე