Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-გ-ად-19-კს-03 3 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 5 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. მ-ამ და მოითხოვა ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობა, 2002წ. 17 ივლისის კანონიერი სხდომის შედეგების ამსახველი დადგენილების გამოცემისა და მორალური ზარალის 501 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობს ქ. ფოთის მერის მოადგილედ,. 2002წ. 17 ივლისს ჩატარდა ქ. ფოთის საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით «ქ.ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”. მოსარჩელე დასახელებული იყო ერთ-ერთ კანდიდატად. სხდომაზე დადგინდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ფარული კენჭისყრით. ფარული კენჭისყრის ჩატარების შედეგები შეაჯამა ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ და შეადგინა ოქმი ¹.., რომელიც სხდომამ დაამტკიცა. აღნიშნულით ამოიწურა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და სხდომა დახურულად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკრებულომ წარმოდგენელი დადგენილების პროექტი მიიღო კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, ანუ მიიღო დადგენილება ¹3/10, რომლითაც ქ. ფოთის მერს მიეცა თანხმობა მთავრობის წევრად, კერძოდ მერის მოადგილედ მოსარჩელის დანიშვნაზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის განხილვისას განაცხადა, რომ სხდომა წარიმართებოდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის საფუძველზე და კენჭისყრაც ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა, მაგრამ სხდომის დახურვიდან 15 წუთში საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ხელახლა გახსნა, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ კანონის მოთხოვნებს. საკრებულომ ხელახალი კენჭისყრა ჩაატარა ქ. ფოთის საკრებულოს დებულების 52-ე მუხლის თანახმად, რაც მოსარჩელის აზრით, უკანონო იყო, რადგან ეს დებულება სხდომის ჩატარების დღისათვის არ იყო გამოქვეყნებული კანონმდებლობით დადგენილი წესით და იურდიული ძალა არ გააჩნდა. ხელახალი კენჭისყრის შედეგი მოსარჩელისთვის უარყოფითი აღმოჩნდა და ხმის დამთვლელი კომისიის ¹... ოქმის საფუძველზე დადგენილება ¹3/10 ისეთი სახით მიიღო საკრებულომ, რომ თითქოს მის კანდიდატურაზე უარი განაცხადა. მოსარჩელეს განმარტებით, საკრებულოს მიერ 2002წ. 17 ივლისს მიღებული დადგენილება უნდა შეესაბამებოდეს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის ¹.... სხდომის ოქმს. საკრებულომ მიიღო უკანონო დადგენილება, რითაც მას მიაყენეს სერიოზული მატერიალური და მორალური ზარალი.

მოპასუხემ, ქ. ფოთის საკრებულომ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მიუთითა, რომ საკრებულოს სადავო დადგენილება უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ან უფლებას და შესაბამისად ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა მოსარჩელეს მხრიდან ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნა არ არის დასაშვები. ამავე დროს პირველი ფარული კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს კენჭი არ უყრია დადგენილების პროექტისათვის «ქ.ფოთის მერისათვის მთავრობის წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, ე.ი. საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ მიუღია, შესაბამისად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ ამოწურულა და სხდომა არ დახურულა, არამედ შეწყდა 15 წუთით. საკრებულო უფლებამოსილი იყო გამოეკვლია ფრაქციათა კოალიცია «მ.” განცხადების საფუძველზე ეჭვები პირველი ფარული კენჭისყრის თაობაზე და ხელახლა მოეხდინა კენჭისყრა. ხელმეორე ფარულ კენჭისყრას ესწრებოდა საკრებულოს 13 წევრი, ე.ი. სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი და საკრებულო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება.

მოპასუხემ ასევე არ სცნო სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის _ 501000 ლარის ანაზღაურების შესახებ ამ მოტივით, რომ სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანი შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილება «ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ცნობილი იქნა ბათილად. 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2 ოქმის შესაბამისად მიცემულად ჩაითვალა ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობა ირ. მოწერელიას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე. ქ. ფოთის საკრებულოს დაევალა 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2 ოქმის შესაბამისად ახალი დადგენილების გამოცემა ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის 501 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

ქ. ფოთის საკრებულომ 2003წ. 13 იანვარს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს დადგენილების ფორმის განცხადებით მიმართა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სსკ-ს 262-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ ქ. ფოთის საკრებულომ განმარტება ითხოვა შემდეგ საკითხებზე:

ა) ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების «ქ.ფოთის მერისთვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ბათილად ცნობა ნიშნავს თუ არა ქ. ფოთის მთავრობის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტის გაუქმებას;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქ. ფოთის საკრებულომ გამოსცეს დადგენილება საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2-ე ოქმის შესაბამისად ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღნიშნულ საკითხზე ქ. ფოთის საკრებულომ საკრებულოს სხდომაზე მიიღოს დადგენილება კენჭისყრის გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 20 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქ. ფოთის საკრებულოს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, კერძოდ ქ. ფოთის საკრებულოს განემარტა, რომ 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლი კომისიის ¹2 ოქმის საფუძველზე ქ. ფოთის საკრებულომ მისი დებულების 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად უნდა მოამზადოს და გამოსცეს დადგენილება ქ. ფოთის მერისთვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ კენჭისყრის ჩატარების გარეშე. მეორე საკითხზე _ ადმინისტრაციული აქტების ბათილობის განმარტებაზე ქ. ფოთის საკრებულოს ეთქვა უარი.

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლომ გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ 2003წ. 17 ივლისის ფარული კენჭისყრა ჩატარდა კანონიერად და შესაბამისად კანონიერია ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2-ე ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი დადგენილება უნდა გამოსცეს კენჭისყრის გარეშე.

მეორე საკითხთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობა, სხვა ადმინისტრაციული აქტები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა და განმარტება მათი ბათილობის თაობაზე გამოიწვევს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მხარეებს, თუ ისინი სადავოდ გახდიან 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების საფუძველზე გამოცემულ აქტებს, უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებული წესებით მოითხოვონ მათი ბათილობა.

სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა ქ. ფოთის საკრებულომ და მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული პუნქტების განმარტება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება კერძო საჩივართან დაკავშირებით უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები _ ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობის, 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2 ოქმის შესაბამისად ირ. მოწერილიას ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნაზე ქ. ფოთის საკრებულოს თანხმობის მიცემულად ჩათვლისა და 2002წ. 17 ივლისის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2-ე ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დადგენილების გამოცემის დავალდებულების ნაწილში და მოსარჩელე ი. მოწერელიას სარჩელი ქ. ფოთის საკრებულოს 2002წ. 17 ივლისის 3/10 დადგენილების ბათილად ცნობისა და 2002წ. 17 ივნისის კანონიერი სხდომის კენჭისყრის შედეგების _ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ¹2-ე ოქმის შესაბამისად ქ. ფოთის საკრებულოს ახალი დაადგენილების გამოცემის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ანუ ის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვდა კერძო საჩივრის ავტორი, გაუქმებულია და შესაბამისად აღარ არსებობს კერძო საჩივრის დავის საგანი, რის გამოც მოცემულ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება ქ. ფოთის საკრებულოს კერძო საჩივარზე;

2. განჩინება მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესის შესაბამისად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.