Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-736-704-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „I“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „J“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს-ამ „J“ (შემდეგში: გამყიდველი, მოსარჩელე ან კრედიტორი), საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მიჰყიდა შპს-ას “I” (შემდეგში, მყიდველი, მოპასუხე, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) იოდიზირებული მარილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. საქმეში წარდგენილი ანგარიშფაქტურების: ელ-0068039165, ელ-0068038940, ელ-0068038683, ელ-0068038484, ელ-0068038281, ელ-0068038107, ელ-0068037862, ელ-0068037569 მიხედვით, მყიდველისათვის მიწოდებული იოდიზირებული მარილის ფასი შეადგენს 30 373,48 ლარს.

3. გამყიდველმა 2013 წლის 31 დეკემბერს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მიყიდული პროდუქციის ღირებულების დაკისრება (იხ. მე-2 პუნქტი).

4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მართალია, გამყიდველმა მას მიაწოდა პროდუქცია, თუმცა, მყიდველი საწარმოს დირექტორმა რვა ავტომანქანის მძღოლს, ტვირთის მიღებისთანავე გადაუხადა 9600 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის 15 840 ლარს შეადგენდა. ამდენად, ეს თანხა უნდა გამოკლებოდა სარჩელით მოთხოვნილ თანხას და მიღებული სხვაობა - 14 533 ლარს შეადგენდა, აქედან კი, თანხის ნაწილზე მოპასუხე საწარმოს გადაეცა გადახდის ქვითარი, ასევე, სხვა პირების მეშვეობით იქნა მოსარჩელისათვის თანხა გადახდილი (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 98-107, ასევე, ამ განჩინების მე-9 პუნქტი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 ლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს, გამყიდველის სასარგებლოდ, დაეკისრა 30 373,48 ლარის გადახდა.

6. საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობა სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე - ნასყიდობის ხელშეკრულება - შეაფასა და დავის მოსაწესრიგებლად, მითითებულ ნორმასთან ერთად, გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 373-ე,429-ე, 495-ე მუხლები.

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს – კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობა იყო, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული პირები იყვნენ. იგივე დანაწესი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სსკ-ის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ მყიდველსა და გამყიდველს გააჩნდათ.

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულება იყო, გადაეცა მყიდველისათვის შეძენილი ქონება, ხოლო მყიდველის – მიეღო ნაყიდი საქონელი და გამყიდველისათვის გადაეხადა შეთანხმებული ფასი.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით სადავო არ იყო, რომ გამყიდველმა მყიდველს 30 373.48 ლარის ღირებულების იოდიზირებული მარილი მიაწოდა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს წამოეშვა დასახელებული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე უთითებდა, რომ მას სრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, 9 600 აშშ დოლარი, რომელიც 15 840 ლარის ეკვივალენტური იყო, გადასცა მძღოლებს. 7 500 აშშ დოლარი, რომელიც 12 375 ლარის ეკვივალენტური იყო, მყიდველმა ხელზე გადასცა მოსარჩელეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა, ვინაიდან გამყიდველი საწარმოს დირექტორს თან არ ჰქონდა ბეჭედი, მან უკან გამოართვა ქვითარი მყიდველს და აღარ დაუბრუნებია. დასახელებულ ფაქტს, მოპასუხე მოწმეების განმარტებებით ადასტურებდა, ხოლო დარჩენილი 2 133 ლარი, მყიდველი საწარმოს დირექტორმა გადაუხადა პირადად მოსარჩელეს.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ მიჩნეულიყო, აუცილებელი იყო, მოვალეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე ზუსტად ისე შეესრულებინა, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2 მუხლი).

11. სასამართლომ იმსჯელა, წარმოადგენდა თუ არა ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 140-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება – მოწმეთა ჩვენება და შესრულდა თუ არა ვალდებულება უფლებამოსილი პირის წინაშე.

12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 477-ე მუხლის დანაწესზე: „1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა ადგენდა მყიდველის ვალდებულებას, ნაყიდი ნივთის სანაცვლოდ, გადაეხადა შეთანხმებული საზღაური. მართალია, დასახელებული მუხლი არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, მისი განმარტება მიზანშეწონილია სსკ-ის 429-ე მუხლით განსაზღვრულ კონტექსტში 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. 3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც“.

13. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატებოდა იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქოსამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი. თუ მხარეები არ შეთანხმებულან გადახდის წესზე და ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად, მოვალე ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია, კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, ეს უკანასკნელი ვალდებულია, გასცეს დასახელებული დოკუმენტი.

14. საქალაქო სასმაართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მოდავე მხარეები სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ, რომელთათვისაც სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში, კანონმდებელი წინდახედულების უფრო ფართო მასშტაბს აწესებს (სსკ-ის 495-ე მუხლი) და, სამართლებრივი ქმედების განხორციელებამდე, მათ სამოქალაქო რისკის გულმოდგინე და გონივრულ შეფასებას ავალდებულებს.

15. საქალაქო სასამართლომ ზემოხსენებული მსჯელობის საფუძველზე, დაასკვნა, რომ მყიდველს გამყიდველისათვის თანხის გადაცემის დროს, უნდა მოეთხოვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, მოპასუხეს სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულება უნდა წარედგინა, რაც ერთობლივად, მაღალი ალბათობით, დაადასტურებდა სადავო ფაქტს (თანხის გადაცემას).

16. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობაზეც, კერძოდ, საქმეში # 1363-1381-2011 (30.01.2012წ.), საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის დადასტურება შესაძლებელია დამყარებულიყო, ასევე, მოწმეთა ჩვენებაზეც, თუმცა, მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულების ნამდვილობა, არ იყო აბსოლუტური ხასიათის და მხოლოდ აღნიშნული უტყუარად არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული (მოწმე გადმოსცემს ამა თუ იმ ვითარებაში შეტყობილი ფაქტის მის მიერ ობიექტურად აღქმულ რეალობას). თავის მხრივ, მოწმის ჩვენების ნამდვილობა, მსგავსად მტკიცების ტვირთისა, შედავების შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა გამყარებული სხვა მტკიცებულებითაც, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო გარემოების უტყუარად მიჩნევის წინაპირობა. თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ დაემყაროს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული უნდა იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

17. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოვალე თანხის გადაცემის ყველა ეტაპზე მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში და წინდახედულების სტანდარტს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით არღვევდა, რაც, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, განპირობებული იყო მოსარჩელისადმი ნდობის არსებობით, ნდობისა, რომლის საფუძველიც საქმის მასალებით არ ირკვევოდა და არც კანონმდებელი განიხილავს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ ან შემამსუბუქებელ გარემოებად.

18.საქალაქო სასამართლომ, ასევე, იმსჯელა სსკ-ის 373-ე მუხლის დანაწესზეც, რომლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია, შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

19.სასამართლომ განმარტა, თუ თანხის გადაცემის დასადასტურებლად გაზიარებული იქნებოდა მოწმეთა ჩვენებები, შესრულება არც ამ შემთხვევაში იქნებოდა ვარგისი, ვინაიდან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულება მოსარჩელე საწარმოს უფლებამოსილ პირთან. სსკ-ის 373-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს, ერთი მხრივ, უფლებამოსილ პირებს, ვის მიმართაც, მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება, კერძოდ, ეს პირები იყვნენ უშუალოდ კრედიტორი, ასევე კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შესრულების მიღების უფლებამოსილი პირები, ხოლო, მეორე მხრივ, კანონი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი პირების მიერ ვალდებულების შესრულების მიღების წესებს, რა დროსაც ვალდებულება შესრულებულად ითვლება, კერძოდ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც არსებობს არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორის თანხმობა ან როდესაც კრედიტორი იღებს სარგებელს. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არც პირველ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

20.სასამართლომ, ასევე, იმსჯელა საქმეში წარდგენილ თანხის მიღების ხელწერილებზე, რომლითაც ირკვევოდა, რომ ა. ჯ-იმ, ფ. რ-იმ, ფ. ფ-იმ, მ. ქ-იმ და მ. ფ-იმ მოპასუხე (მყიდველი) საწარმოს დირექტორისაგან - მ. ნ-ი ქ-საგან მიიღეს ტრასპორტირების საფასური, თითოეულმა - 1200 აშშ დოლარი, რაც არ ადასტურებდა დასახელებული თანხის ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ანგარიშფაქტურებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში უფლებამოსილ პირებთან თანხის გადახდის ფაქტს.

21. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, მას უნდა ემტკიცებინა ნასყიდობის საგნის ღირებულების უფლებამოსილ პირთან, დადგენილი წესით, გადახდის ფაქტი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები (მაგალითად, თანხის გადახდის შემდეგ მისი მოთხოვნის საფუძველზე კრედიტორის მიერ გაცემული სავალო საბუთი /სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი/ ან კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი /სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მეორე ნაწილი/).

22.ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და სრულად დააკმაყოფილა გამყიდველის მოთხოვნა.

23. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

23.1.აპელანტისათვის გამყიდველს არ გადაუცია საბანკო ანგარიში, შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მისაღები იყო ნაღდი ანგარიშსწორება;

23.2. სასარჩელო განცხადებას არ ერთვოდა მტკიცებულება, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნასყიდობის თანხა მოპასუხეს უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე;

23.3.სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მყიდველს არ წაუყენებია ნივთის გადაცემიდან უახლოეს დღეებში და ეს გააკეთა საქონლის გაყიდვიდან მხოლოდ 6 (ექვსი) თვის შემდეგ, რაც სწორედ იმას ადასტურებდა, რომ მოპასუხემ შეასრულა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება;

23.4.აპელანტი დავობს მოწმეთა განმარტებებზე, რომლებიც არასაკმარისად მიიჩნია სასამართლომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად;

23.5.სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ აპელანტმა ტვირთის ჩამომტან რვა მძღოლს საბაჟო პუნქტშივე გადასცა 9600.00 აშშ დოლარი, თითოეულს 1200 აშშ დოლარი, რაზედაც მძღოლებმა მოაწერეს ხელი და დაადასტურეს ეს ფაქტი;

23.6.სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 113.1. მუხლი. ამასთან, არასწორად განმარტა სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გარემოებათა დასამტკიცებლად. სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია მოწმეთა ჩვენებები და ამ ჩვენებებიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები.

24.თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

25.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე 1(სსსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

26. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; 4.მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

27. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ ამიტომ ავალდებულებს მას კანონი სათანადო დოკუმენტის გაცემას.

28. კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სსკ-ის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში, კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას (იხ. სუსგ # ას -1541-1547-2011, 19.04.2012წ.).

29. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ნორმით განსაზღვრული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტს (თანხის გადახდას), საქმეში წარდგენილი არ არის. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის დადასტურება შესაძლებელია დაემყაროს ასევე მოწმეთა ჩვენებასაც, თუმცა, მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულების ნამდვილობა, არ არის აბსოლუტური ხასიათის და მხოლოდ აღნიშნული უტყუარად არ უნდა იქნეს გაზიარებული (იხ. მე-18 პუნქტი).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის მყიდველისათვის გადახდა.

31. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა სსკ-ის 373-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლის მიმართაც უნდა შესრულდეს ვალდებულება. ასეთად, პირველ რიგში, ითვლება უშუალოდ კრედიტორი. ამასთან, ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც შეიძლება შესრულდეს ვალდებულება. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს (მაგალითად, სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ პირი ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის მიიღონ სარგებელი. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კანონით მემკვიდრეები უფლებამოსილი ხდებიან, მიიღონ დაკარგული მოვალის მიერ შემოთავაზებული შესრულება).

32. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონდებლობაში ზოგადი წესებიდან დაშვებულია გამონაკლისი. მოვალის მიერ ვალდებულება შეიძლება ფაქტობრივად რომელიმე მესამე პირის მიმართაც შესრულდეს. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ე.წ. შესრულების ფაქტობრივი მიმღები პირი (ასეთივე მიდგომაა გერმანულ სამართალშიც დაწვრილებით იხ., Münchener Kommentar, Schuldrecht AT, 4 Auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 2377). თუმცა, მოვალის მიერ მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულებისას, ასევე, მხედველობაშია მისაღები კრედიტორის ნება-სურვილი. ამ შემთხვევაში, მოვალე საჭიროებს კრედიტორის თანხმობას. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს შესრულების განხორციელებამდე ან შესრულების განხორციელების შემდეგ (შესრულების მოწონება).

33. სასამართლომ განმარტა, რომ შესრულების მიღებაზე კრედიტორის მიერ უფლებამოსილებამინიჭებული პირები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა მათთვის უფლებამოსილების მინიჭება. კერძოდ, თუ პირს შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება კრედიტორისაგან მიენიჭა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განხორციელებამდე, მაშინ იგი უფლებამოსილი წარმომადგენელია წარმომადგენლობის სამართლებრივი გაგებით, ხოლო თუ ამ მესამე პირს არ ჰქონდა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისას კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული და ისე მიიღო მან შესრულება, მაშინ ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, თუ კრედიტორი მოიწონებს და დაეთანხმება შესრულების მიღებას ამ პირის მიერ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მინიჭებული უფლებამოსილება არ წარმოშობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მისი იურიდიული მნიშვნელობით.

34. კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა, მინდობილობა, სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან.

35. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ ეს არ ხდება კრედიტორის თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო, დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ # ას-570-541-2015, 11.11.2015წ.). სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ კრედიტორს გაცემული ჰქონდა სსკ-ის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება იმ პირებზე, რომლებმაც, მოპასუხის (აპელანტის) მითითებით, მიიღეს ნასყიდობის საფასური. კრედიტორი საწარმოს დირექტორი კატეგორიულად უარყოფს, როგორც ამ პირების უფლებამოსილებას, ისე, მათზე თანხმობის გაცემას მოპასუხისგან ნასყიდობის საფასურის მიღებაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ არაუფლებამოსილ პირებთან განხორციელებული შესრულებისგან კრედიტორმა მიიღო რაიმე სარგებელი. ამ პირობებში, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულება მითითებულ მესამე პირებთან შესრულებულად რომც ჩაითვალოს, აღნიშნულით არ წყდება მყიდველის ვალდებულება გამყიდველთან.

36. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ დაადასტურა კრედიტორის (მოსარჩელის) სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტი.

37. სასამართლომ, ასევე იმსჯელა საქმეში წარდგენილ ხელწერილებზე (იხ. ამ განჩინების 23-24 პუნქტები) და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულების შესრულების ფაქტი, ასევე, არ დასტურდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დეტექტივების განყოფილებიდან გამოთხოვილი მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ზეპირი გამოკითხვის ოქმებით. პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოკითხული პირები მიუთითებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც განსახილველ სამოქალაქო საქმეზე ქვემდგომ სასამართლოში დაკითხული მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც, თუ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, ვერ ჩაითვლება სადავო გარემოების (ფულადი ვალდებულების კრედიტორის სასარგებლოდ შესრულების) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის უფლებამოსილ პირთან დადგენილი წესით გადახდის ფაქტი.

38. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, იმსჯელა აპელანტის პრეტენზიაზე იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ანგარიშსწორების უნაღდო ფორმაზე და განმარტა, რომ აღნიშნულს სასამართლო იზიარებდა, თუმცა, ყურადღება გაამახვილა, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდებოდა სადავო ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი ანგარიშსწორების არცერთი ფორმით.

38.

39. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის იმ პრეტენზიასაც უპასუხა, რომელიც ეხებოდა მოსარჩელის (გამყიდველის) მიერ მოპასუხისათვის (მყიდველსათვის) ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენას პროდუქციის მიწოდებიდან ექვსი თვის შემდეგ. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ გარემოებად, რადგან ვალდებულების შეწყვეტის ასეთ წინაპირობას სამოქალაქო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს.

39.

40. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოცემულ საქმეზე სსკ-ის 113.1-ე მუხლის „თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს“ გამოყენების აუცილებლობაზე, რადგან ამ ნორმით დადგენილი ქცევის წესი არ შეესატყვისება ამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

41. მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასებულია სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის დაცვით და მათზე დამატებით სააპელაციო სასამართლომაც იმსჯელა.

42. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის იდენტურ არგუმენტებზე მიუთითა (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.161-169) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

43. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

44. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

46. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-1363-1381-2011, 31.01.2012წ.; # ას-1541-1547-2011, 19.04.2012წ. # ას-355-338-2013, 11.11.2013წ.;# ას-570-541-2015, 11.11.2015წ.).

47. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

49. განსახილველი დავის საგანია მყიდველის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რომლის შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, ქვემდგომმა სასამართლოებმა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვილიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები.

50. აღსანიშნავია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მხარეთა შორის მტკიცების განაწილების სტანდარტზე (იხ. ამ განჩინების 29-ე პუნქტი) და აპელანტის თითოეული პრეტენზიის განხილვისას მიუთითა კონკრეტულ სამართლის ნორმაზე, რომლის წინაპირობების შემოწმების შედეგად, შესაძლებელი გახდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ კრედიტორისადმი მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება ანგარიშწორების არცერთი ფორმით არ დასტურდებოდა (იხ. ამ განჩინების მე-40 პუნქტი).

51. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას დაედებოდა საფუძვლად. მის მიერ მითითებულ ერთ-ერთ არგუმენტზე მითითებული გამოძიების ეტაპზე დაკითხულ პირთა ჩვენებების თაობაზე, ასეცე ნამსჯელი აქვთ ქვემდგომ სასამართლოებს ისევე, როგორც სსკ-ის 113.1 მუხლის გამოყენების თაობაზე (იხ. 39-ე, 42-43 პუნქტები).

52.საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია 29-43 პუნქტებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა.

53. სსსკ-ის 401.4 მუხლის საფუძველზე, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „I“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „I“-ს (ს/კ 4..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე M. ს (0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1518.67 ლარის (საგადახდო დავალება N11353722, გადახდის თარიღი 2016 წლის 1 ოქტომბერი), 70% – 1063.07 (ათას სამოცდასამი ლარი და შვიდი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე