საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-757-725-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ტ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - ე. შ-ე, ა. მ-ე, თ. პ-ი, მ. ხ-ი, მ. ლ-ი, ო. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ოდენობით კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისში, დ-ის ქ. # 32-ში მდებარე 476 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა (ს/კ 0..) წარმოადგენს ე. შ-ის, ა. მ-ის, თ. პ-ის, მ. ხ-ის, მ. ლ-ის და ო. ჯ-ის საზიარო საკუთრების საგანს (შემდეგში მესამე პირები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 953-ე მუხლი; იხ. ტ.1, ს.ფ. 34 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
2. ქ. ტ-ი (შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე, მოსარგებლე) წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მ. ი-ს ძე ფ-ის (პაპის) უფლებამონაცვლეს. მოსარჩელის პაპას, ჯერ კიდევ 1935 წლის 8 ივლისს თბილისის საბჭოს საბინაო მეურნეობის სამმართველოს ბინების გაცვლის ბიუროს მიერ გაცემული # 1537/851 ორდერის საფუძველზე, თავის ოთხსულიან ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გადაეცა ქ. თბილისში, გ–ის (ამჟამად გ. დ-ის) ქუჩა # 32 -ში მდებარე სახლის ერთი ოთახი - 26 კვმ.
3. მე-2 პუნქტში მითითებულ მოსარგებლეს („საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი, მიღებული 1998 წლის 25 ივნისს, 06/24/2016 N 5601 კანონის მიღებამდე რედაქციით, 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) დაკავებული სადგომი მიღებული აქვს ადმინისტრაციული აქტის - ორდერის საფუძველზე, კერძოდ, ქ. თბილისში, გ. დ-ის ქ. 3 32-ში მდებარე შენობა - ნაგებობიდან (ს/კ 0..) მას დაკავებული აქვს 33,56 კვმ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომი, რომელიც შედგება 21, 73 კვმ ოთახის, 10,58 კვმ და 1,25 კვმ დამხმარე ფართებისაგან (იხ. ტ.1, ს.ფ. 18).
4. მოსარგებლის მიერ დაკავებული 33,56 კვმ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 15 102 აშშ დოლარს, კერძოდ, 21,73 კვმ ოთახის ღირებულებაა - 10 350 აშშ დოლარი, 10,58 კვმ შუშაბანდისა და 1,25 კვმ საპირფარეშოს (ჯამში 11, 83 კვმ) – 4752 აშშ დოლარი (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.05.2015 # 002725015 დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 213-232).
5. დავის განხილვა-გადაწყვეტის დღისათვის აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით შეადგესნ 2.4 (1 აშშ დოლარი = 2,4 ლარს; იხ. საქალაქო სასამართლოს 11.12.2015წ. ოქმი).
6. რ. ტ-მა (შემდეგში მოსარჩელე) 2013 წლის 22 აპრილს სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, სამინისტრო, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30 000 ლარის ანაზღაურება მოპასუხისაგან.
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის განჩინებებით, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველზე, დავაში მესამე პირებად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაერთვნენ პირველ პუნქტში დასახელებული პირები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 89-ე, 90-ე მუხლები; იხ . განჩინებები - ტ.1, ს.ფ. 90-91, 117-123).
9. მოსარჩელის გარდაცვალების გამო, იგი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული მოსარგებლით (სსსკ-ის 92-ე მუხლი; იხ. საქალაქო სასმაართლოს 06.02.2015წ. განჩინება - ტ.1, ს.ფ. 177-180).
10. მოსარგებლემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა 2015 წლის 21 ოქტომბერს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 15 282 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 237-250).
11. მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნის პასუხად, სამინისტრომ საკუთარ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლი იყო, რადგან მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 1935 წლისათვის, ანუ ორდერის გაცემის მომენტისათვის, სახლი იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრებაში. მე-3 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 2.8 მუხლი ეხება მხოლოდ მესაკუთრეს, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება. მოპასუხემ, ასევე, სადავოდ გახადა საცხოვრებელი სადგომის ცნება, კერძოდ, მისი მტკიცებით, ადმინისტრაციული აქტით საცხოვრებელ სადგომზე მოპოვებული უფლება უნდა გავრცელდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ აქტში (ორდერში) მითითებულ სადგომზე და არა მისი გამოყენებისათვის აუცილებელ დამხმარე ფართზე. მოპასუხემ სადავო გახადა, ასევე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის ხარჯების მართლზომიერებაც (იხ. შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე - ტ.1, ს.ფ. 255 -264).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოსარგებლის სასარგებლოდ, სამინისტროს დაეკისრა 32 564, 23 ლარის გადახდა.
13. საქალაქო სასასამართლომ უდავოდ მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით შეაჯერა მესამე პირთა განმარტებები და დავის გადასაწყვეტად გამოიყენა მე-3 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონი. სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია: „მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით“, ხოლო ამავე კანონის მე- 2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად: „იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“.
14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფდნენ, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეს (მოსარგებლეს), ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მესამე პირების საზიარო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონებიდან, დაკავებული აქვს კონკრეტული ფართობი (იხ. მე-3 პუნქტი). მოსარჩელის უფლებამონაცვლის მფლობელობა განპირობებულია სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ადმინისტრაციული აქტით - ორდერით (იხ. მე-2 პუნქტი), შესაბამისად, მოსარჩელის უფლებამონაცვლე უფლებამოსილია, სახელმწიფოსაგან მიიღოს კომპენსაცია.
15. სასამართლომ, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ასევე, იმსჯელა იმაზეც, თუ რა უნდა იქნეს მიჩნეული საცხოვრებელ სადგომად. ამ საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის დანაწესზე: „ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით“. სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო მოსარგებლის მფლობელობის საგანზე - საცხოვრებელ სადგომზე მიშენების განხორციელება, რაც 3, 8178 კვმ-ს შეადგენდა, ასევე, დადგენილი იყო, რომ ორდერში მითითებული 26 კვმ-ის ნაცვლად, ბინის სტატიკური თვისობრიობის გათვალისწინებით, ორდერით გადაცემული ბინის რეალური ფართი შეადგენს 29, 7422 კვმ-ს, რაც 32 564, 23 ლარის საბაზრო ღირებულების იყო.
16. სასამართლომ, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით, დაასკვნა, რომ სახელმწიფოს, სამინისტროს, მეშვეობით, მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა 29, 7422 კვმ-ის საბაზრო ღირებულება - 32 564, 23 ლარი, ხოლო მიშენებული ფართის ღირებულების ანაზღაურებაზე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი.
17. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის - 500 ლარის, საექსპერტო კვლევისათვის - 236,34 ლარის და სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული - 217 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაც.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა იმავე პრეტენზიებზე დაყრდნობით, რაც შესაგებლში ჰქონდა მითითებული (იხ. ამ განჩინების მე11 პუნქტი) და მიუთითა სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საბინაო კოდექსის 52-ე მუხლზე, ახალი საბინაო კანონის 23-ე მუხლზე. აპელანტმა სადავო გახადა სასამართლო ხარჯების მისთვის დაკირების საკითხიც.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე (სსსკ-ის390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
21. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 15-16 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე იმსჯელა და აღნიშნა, რომ კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საქალაქო სასამართლო მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო, სამინისტროს მეშვეობით, ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა 29,7422 კვმ-ის საბაზრო ღირებულება - 32 564, 23 ლარი.
22. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა სსსკ-ის 37-ე, 44-ე, 53-ე მუხლებზე, საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი.
23. სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
24. კასატორის პრეტენზიები იმავე გარემოებებსა და არგუმენტებს მოიცავს, რაც მის შესაგებელში და სააპელაციო საჩივარშია ასახული (იხ. ამ განჩინების მე-11, მე-18 პუნქტები; იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ. 316-326 და საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.96-104).
25. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, სამინისტროს საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებლულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-533-507-2013, 30.10. 2013 წ.; # ას-1158-1069-2015, 29.01.2016წ).
29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
31. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად აქვს დაკავებული საცხოვრებელი სადგომი და ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად მოაქციეს განსახილველი დავა სპეციალური კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობათა ფარგლებში.
32. კასატორის პრეტენზია არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ქვემდგომმა სასამართლოებმა იმსჯელეს და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცეს მოსარგებლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საკომპენსაციოდ განსაზღვრულ თანხას სწორედ იმ ფართობის გათვალისწინებით, რაც სადგომს აქვს შემდგომში განხორცილებეული მიშენების გარეშე.
33. გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები არ არის გაბათილებული საკასაციო პრეტენზიით, ამდენად, არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არცერთი საფუძველი საკასაციო განაცხადის დასაშვებად მისაჩნევად. აღნიშნული მოპასუხის პრეტენზიის დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე