საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-774-741-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „3-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება, დოკუმენტაციის წარმოდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2010 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, შპს „ქ-ის“ 100 % წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობა (შემდეგში: ყოფილი პარტნიორი ან მთავრობა), რომელსაც, მთავრობის იმავე წლის 2 ივლისის #19.16.9121 დადგენილებით, შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს „#3-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან მედიცინის ცენტრი) - იხ. ქ. თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. # 06.23.233 დადგებილება და მედიცინის ცენტრის წესდება- ტ.1, ს.ფ.15-32.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: მერია, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), 2011 წლის 31 აგვისტოს, საპრივატიზაციოდ გაიტანა საწარმოს 100 % წილი და უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა შპს „მ-მა“ (შემდეგში: ახალი პარტნიორი) - იხ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი - ტ.1, ს.ფ. 182-187.
3. ახალმა პარტნიორმა მედიცინის ცენტრის 100%-იანი წილის შეძენის შედეგად, საკუთრების უფლება 2012 წლის 11 იანვარს, დაარეგისტრირა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (შემდეგში:მეწარმეთა რეესტრი).
4. მოპასუხის ყოფილ პარტნიორს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 2012 წლის 11 იანვრამდე (წილის ახალ პარტნიორზე რეგისტრაციის თარიღი) 2010-2011 წლების დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
5. ყოფილი პარტნიორის 2011 წლის 27 ივნისის # 16.49.692, 2012 წლის 2 ივლისის # 17.07.636, იმავე წლის 23 ოქტომბრის # 28.16.1029, 2013 წლის 14 ივნისის # 18.72.759 დადგენილებებით, მედიცინის ცენტრს, როგორც მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, დაევალა ადგილობრივ ბიუჯეტში, საწარმოს წლიური მოგებიდან, ყოფილი პარტნიორის კუთვნილი დივიდენდის ჩარიცხვა და 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულება (იხ. ტ.1, ს.ფ.33-34, 39; ს.ფ. 40-41, 44; ს.ფ. 55, 58; ს.ფ. 66-67, 70).
6. მერიამ, 2014 წლის 31 დეკემბერს, სარჩელი აღძრა მედიცინის ცენტრის წინააღმდეგ და მოითხოვა 2010 წელს მისაღების დივიდენდის - 1 (ერთი) ლარისა და 2011 წელს მისაღები დივიდენდის - 53 273 ლარის დაკისრება, ასევე 2012 წლის მოპასუხის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციისა და აუდიტორული დასკვნის მოსარჩელისათვის გადაცემა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარმოადგინა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის 100 % წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს ახალი პარტნიორი, რომელმაც აღნიშნული წილი შეიძინა აუქციონზე განსაზღვრული პირობებით, თუმცა არც აუქციონის და არც აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არ ითვალისწინებდა ყოფილი პარტნიორისათვის გასული პერიოდის დივიდენდის გადახდისა და ეკონომიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტების წინა მესაკუთრისათვის წარდგენის ვალდებულებას (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 198-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: მეწარმეთა კანონი) 44.1, 44.3, 3.10, 46.4, 51.51 პუნქტები.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
9.1. ახალი პარტნიორი მოპასუხის წილის 100 %-ის მესაკუთრე გახდა არა 2011 წლის 31 აგვისტოდან (აუქციონის ჩატარების დღე), არამედ, 2012 წლის 3 თებერვლიდან (საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან), შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე წილის მფლობელსა და დივიდენდის მიღებაზე უფლებამოსილ პირს წამოადგენდა ყოფილი პარტნიორი;
9.2. მოპასუხე ვალდებული იყო, წარედგინა 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია და აუდიტორული დასკვნა, როგორც ეს საზოგადოების წესდებით იყო დადგენილი;
10. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით, მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ყოფილმა პარტნიორმა გაასხვისა მისი 100%-იანი წილი 2011 წლის 31 აგვისტოს, შესაბამისად, მოცემული მომენტიდან, მან დაკარგა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ხოლო ყოფილი პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლების შენარჩუნება, სასამართლოს განმარტებით, საჭიროებდა მხარეთა შორის სპეციალურ შეთანხმებას (ან დათქმას) ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
10.2. სასამართლომ დადგინა და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ 2012 წლის 11 იანვრამდე (წილის საკუთრების რეგისტრაციამდე) პარტნიორთა გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე მიღებული არ ყოფილა;
10.3. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, ახალი პარტნიორის საკუთრების უფლება წილზე დარეგისტრირდა 2012 წლის 11 იანვარს, ხოლო ყოფილი პარტნიორის N17.07.636 და N28.16.1029 დადგენილებები დივიდენდის განაწილების შესახებ მიღებულია 2012 წლის 2 ივლისს და 23 ოქტომბერს (ანუ იმ დროს, როდესაც ყოფილი პარტნიორი აღარ სარგებლობდა პარტნიორის უფლებამოსილებით), ხსენებული დადგენილებები ვერ იქნებოდა განხილული უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად და, შესაბამისად, ვერ გამოდგებოდა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად. იმავე დასაბუთებით (როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება) სასამართლომ არ გაიზიარა ყოფილი პარტნიორის 2013 წლის 14 ივნისის N18.72.759 დადგენილებაც.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
11.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა;
11.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალ პარტნიორზე ქონების მართვის სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა 2012 წლის 10 იანვარს, რომლის შესაბამისადაც წილზე მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2012 წლის 3 თებერვალს, ამდენად, ახალი პარტნიორი მოპასუხის წილის 100 %-ის მესაკუთრე გახდა არა 2011 წლის 31 აგვისტოდან (აუქციონის ჩატარების დღე), არამედ, 2012 წლის 3 თებერვლიდან (საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან), შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე წილის მფლობელს, დივიდენდის მიღებაზე და 2012 წლის ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს წამოადგენდა ყოფილი პარტნიორი;
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელლოვანი ფაქტობრივი გარემოება, ასევე, მართებულია სამართლებრივი შეფასება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები, უკვე არსებულ სასამართლო პრაქტიკას ეყრდნობა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან“ (იხ.სუსგ №ას-1328-1170-2010, 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება).
15.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ მხარეთა შორის რაიმე დათქმა აუქციონით ქონების გასხვისების დროს დივიდენდის ან ეკონომიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნისა და მიღების თაობაზე არ ყოფილა, შესაბამისად კასატორის პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება (მეწარმეთა კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.სუსგ-ები: # ას-1328-1170-2010, 06.06. 2011 წ., # ას-863-813-2015, 17.12.2015 წ.).
17. ზემოხსენებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დივიდენდის განაწილების შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 11 იანვრამდე, მოპასუხის ყოფილი პარტნიორის გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ არსებობდა, ხოლო რაც შეეხება მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის და იმავე წლის 23 ოქტომბრის დადგენილებებს, ისინი არ წარმოადგენენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან მათი მიღების დროისათვის საზოგადოების პარტნიორს მთავრობა აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად, ის ვერ იმსჯელებდა მოპასუხე საწარმოს მოგების დივიდენდების განაწილებაზე. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე ქონების გასხვისებისას, აუქციონის პირობებში ასახული არ ყოფილა ის გარემოება, რომ საწარმოში გასანაწილებელი იყო წინა წლების გაუნაწილებელი დივიდენდები, რომლებზეც მოთხოვნის უფლებასაც ყოფილი პარტნიორი ინარჩუნებდა, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული საჭიროებდა მხარეთა შორის სპეციალურ შეთანხმებას (ან დათქმას), რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. ამ განჩინების 10.1 ქვეპუნქტი).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია.კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე