Facebook Twitter

საქმე №ას-831-797-2016 11 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“, შპს „ე-ლ“, ქ. შ-ი, ვ. შ-ი, ნ. შ-ი, გ. ბ-ი, ი. შ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაგირავებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა

დავის საგანი –დაგირავებული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს-სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, იპოთეკარი, აპელანტი, კრედიტორი ან კასატორი) და შპს „ე-ს“ (შემდეგში: პირველი საწარმო, მოპასუხე ან მოვალე) და შპს „ე-ს“ (შემდეგში: მეორე საწარმო, მოპასუხე ან მოვალე) შორის, 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ # GCL000001037 ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შემდეგ არსებით პირობებზე შეთანხმდნენ:

1.1. კრედიტის თანხა განისაზღვრა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარით;

1.2. კრედიტის ვადა - 240 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 1%-დან 36 %-მდე;

1.3. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წარმოშობილ ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებად;

1.4. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.2 ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულების საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 867-ე, 868-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 268.11 მუხლი).

2. პირველ პუნქტში დასახელებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 19 მარტს, ბანკსა და პირველ საწარმოს შორის გაფორმდა # GCL000001686 გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მთელი არსებული და სამომავლო ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დაგირავდა ბანკის სასარგებლოდ; ასევე, იგივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე და იმავე თარიღით გაფორმდა ხელშეკრულება ბანკსა და მეორე საწარმოს შორის, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელის მთელი არსებული და სამომავლო ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დაგირავდა ბანკის სასარგებლოდ (სსკ-ის 254-ე, 255-ე, 258-ე, 261-ე, 327-ე მუხლები; იხ. გირავნობის ხელშეკრულებები - ტ.1, ს.ფ. 267-283; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ. 287).

3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის 17 აგვისტოს, ბანკსა და ამხანაგობას „თ-ი“ (წარმომადგენელი ნ. კ-ა) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება # CAH000001051, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. # 7-7ა/ა-ი# 18 მიმდებარედ უძრავი ქონება (ს/კ #-). იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ამავე ხელშეკრულების 15.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (სსკ-ის 286-ე, 289-ე, 300.2-ე მუხლები; სსსკ-ის 268.11 მუხლი).

4. მე-3 პუნქტში მითითებული იპოთეკის საგანი ეკუთვნის ქეთევან შოშიაშვილს, რომლისთვისაც ცნობილი იყო იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, რაც მან წერილობით დაადასტურა.

5. ბანკსა და პირველ საწარმოს შორის, 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # GCLCA000010380857077, 1 828 000 აშშ დოლარის საკრედიტო თანხაზე, 72 თვით, წლიური 12 %-იანი სარგებლით და წლიური 24 % -იანი პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები).

6. ამ ხელშეკრულებაში 2012 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებით, მხარეებმა წლიური საპროცენტო სარგებელი სესხზე განსაზღვრეს 13 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 26 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოგვიანებით, 2012 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით, მხარეებმა კიდევ შეცვალეს საპროცენტო სარგებელი, რაც 14 %-ით განსაზღვრეს, ხოლო პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 28 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებმა მოილაპარაკეს კრედიტის დაფარვის გრაფიკზეც.

7. ბანკსა და მეორე საწარმოს შორის, 2011 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # GCLCA00001039-956944, 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო თანხაზე, 36 თვით, წლიური 12 %-იანი სარგებლით და წლიური 33 % -იანი პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები). კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკით.

8. ამ ხელშეკრულებაში 2012 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებით, მხარეებმა წლიური საპროცენტო სარგებელი სესხზე განსაზღვრეს 13 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 26 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოგვიანებით, 2012 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით, მხარეებმა კიდევ შეცვალეს საპროცენტო სარგებელი, რაც 14 %-ით განსაზღვრეს, ხოლო პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 28 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებმა მოილაპარაკეს კრედიტის დაფარვის ახალ გრაფიკზე.

9. ბანკსა და მეორე საწარმოს შორის, 2012 წლის 29 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # GCLCA000001924-1166906, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 420 000 აშშ დოლარი. კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 14 %, პირგასამტეხლო- ვადაგადაცილებული თანხის წლიური 28 %. მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის დაფარვის გრაფიკზე.

10. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში მხარეებმა, 2012 წლის 4 დეკემბრისა და 2013 წლის 31 იანვრის ცვლილებებით, გაზარდეს თანამსესხებლების წრე, რომელიც განისაზღვრა შემდეგი სახით: პირველი და მეორე საწარმოები, ვ. შ-ი, ნ. შ-ი, გ. ბ-ი, ქ. შ-ი და ი. შ-ი. დასახელებული ფიზიკურ პირები გახდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების კლიენტები- სოლიდარული მოვალეები/თანამსესხებლები (სსკ-ის 463-464 მუხლები).

11. მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, რაც კრედიტის დაფარვისა გრაფიკისა და სახელშეკრულებო ვადებისა და პირობების დარღვევაში გამოიხატა. 2014 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანებამ ბანკის წინაშე შეადგინა:

11.1. # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 466 251.80 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 391 999.68 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 32 815.96 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 41 436. 16 აშშ დოლარი;

11.2. #9569 44 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 203 457.17 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 182 865.57 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 979.30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 16 229.44 აშშ დოლარი.

12. სასარჩელო მოთხოვნა

12.1. ბანკმა 2013 წლის 11 სექტემბერს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე საწარმოების, ასევე, ამ განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებული თანამსესხებელების წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის 11.1 და 11.2 ქვეპუნქტებში მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ასევე, # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, ჯარიმის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 214.24 აშშ დოლარის გადახდა;

12.2. ბანკმა, ასევე, მოითხოვა:

12.3. მოპასუხეებს: პირველ და მეორე საწარმოებს, ამ განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებულ თანამსესხებელებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისროთ, 2011 წლის 16 აგვისტოს №957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, პროცენტის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 533.92 აშშ დოლარის გადახდა;

12.4. იმავე მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისროთ 2011 წლის 16 აგვისტოს №956944 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 203 457.17 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 182 865.57 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 979.3 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 15 612.3 აშშ დოლარი;

12.5. იმავე მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისროთ 2012 წლის 29 მაისის №1166906 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 460 122.78 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 388 531.80 აშშ დოლარი, სარგებელი - 55 361.54 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 16 229.44 აშშ დოლარი;

12.6. იმავე მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისროთ 2011 წლის 16 აგვისტოს №956944 და 2012 წლის 29 მაისის №1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 187.75 აშშ დოლარი;

12.7. იმავე მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისროთ 2011 წლის 16 აგვისტოს №956944 და 2012 წლის 29 მაისის №1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, პროცენტის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 219.17 აშშ დოლარი;

12.8. სარეალიზაციოდ მიექცეს პირველი და მეორე საწარმოების საკუთრებაში არსებული და, ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული, მოძრავი ქონება, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა, სამზარეულო და მაგიდის ჭურჭელი, მდებარე ქ. თ-ში შემდეგ მისამართებზე: კ-ი №112; ლ-ო, ი-ის №15; ც-ის ქ.№8, სავაჭრო ცენტრი „კ-ი“; ც-ის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის „კ-ი“ მიმდებარედ;

12.9. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ქეთევან შოშიაშვილის საკუთრებად რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თ-ში, ი.ჭ-ის გამზირი №7, სადარბაზო №2, ბინა №22, ფართი 198.67 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-;

12.10. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება ბანკის წინაშე მოპასუხეთა დავალიანება, აღსრულება მიექცეს მსესხებლების სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

12.11. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

13. მოპასუხეთა შესაგებელი

13.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მოითხოვა მისი შემცირება.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, პირველ და მეორე საწარმოებს, მე-10 პუნქტში მითითებულ თანამსესხებლებს დაეკისრათ:

14.2. 2011 წლის 16 აგვისტოს # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 433 102.87 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 391 999.68 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება - 32 815.96 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 8 287.23 აშშ დოლარი;

14.3. 2011 წლის 16 აგვისტოს # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 533.92 აშშ დოლარის გადახდა;

14.4. 2011 წლის 16 აგვისტოს # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 42.85 აშშ დოლარის გადახდა;

14.5. 2011 წლის 16 აგვისტოს # 956944 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 190 967.33 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 182 865.57 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 979.3 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 122.46 აშშ დოლარი;

14.6. 2012 წლის 29 მაისის # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 447 139.23 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 388 531.80 აშშ დოლარი, საპროცენტო დავალიანება - 55 361.54 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 245.89 აშშ დოლარი;

14.7. 2011 წლის 16 აგვისტოს # 956944 და 2012 წლის 29 მაისის # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებადმე, ყოველდღიურად 219.17 აშშ დოლარის გადახდა;

14.8. 2011 წლის 16 აგვისტოს # 956944 და 2012 წლის 29 მაისის # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 37.55 აშშ დოლარის გადახდა;

14.9. გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ამ განჩინების 13.7 ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონება. იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის წინაშე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეს პირველი და მეორე საწარმოების, ასევე, მე-10 პუნქტში მითითებული თანამსესხებლების სხვა ქონებაზე;

14.10. ბანკის სასარჩელო მოთხოვნის შემდეგი ნაწილი არ დაკმაყოფილდა:

14.11. 2011 წლის 16 აგვისტოს # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 33 148.93 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე;

14.12. 2011 წლის 16 აგვისტოს # 956944 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 12 489.84 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე;

14.13. 2012 წლის 29 მაისის # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 12 983. 55 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე;

14.14. პირველი და მეორე საწარმოების საკუთრებაში არსებული და ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული ქონების (იხ. ამ განჩინების 12.8. ქვეპუნქტი) სარეალიზაციოდ მიქცევაზე;

14.15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 268-ე მუხლი);

14.16. მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელისათვის, ამ უკანასკნელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 4 862.50 ლარი.

15. საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები

15.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 254-255-ე, 276-ე, 286-ე, 301-ე, 317-ე, 361-ე, 411-412-ე, 417-ე, 420-ე, 463-464-ე, 867-868-ე მუხლები.

15.2. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე უდავოდ იყო დადგენილი, რომ ბანკმა (მოსარჩელემ) საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად - მსესხებლებზე გასცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო ამ უკანასკნელებმა არ შეასრულეს ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 867-868-ე, 317-ე, 361-ე მუხლები). ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს, დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და, ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

15.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 16.08.2011წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ # GCLI000001037 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე (მისი შემადგენელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე) ყველა მოპასუხეს აქვს ნაკისრი სოლიდარული პასუხისმგებლობა (სსკ-ის 463-464-ე მუხლები), რაც უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს. ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე არსებული დავალიანების ძირითადი თანხისა და საპროცენტო დავალიანების კონკრეტული ოდენობები, კერძოდ:

15.4. # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 391 999.68 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 32 815.96 აშშ დოლარი;

15.5. # 956944 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხაა - 182 865.57 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4 979.3 აშშ დოლარი;

15.6. # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხაა - 388 531.80 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 55 361.54 აშშ დოლარი.

15.7. სსკ-ის 411-412-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა, ზიანის სახით, მიუღებელი შემოსავლის სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ კონტექსტში განმარტა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს მოვალისათვის არა დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ რა სახის და რა ოდენობის ზიანი შეიძლება მიადგეს კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არამედ ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

15.8. სასამართლომ იმსჯელა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის დაბრუნების თაობაზე არსებული შეთანხმება მოპასუხეებმა დაარღვიეს. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ კომერციული ბანკის საქმიანობა, რომელიც კრედიტის გაცემის სახით, შემოსავლის მიღებას უკავშირდება, მიმართულია სწორედ საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული თანხებიდან კონკრეტული სარგებლის მიღების ინტერესისაკენ. მოპასუხეები რაიმე ფორმით არ შედავებიან მოსარჩელის ამ პოზიციას, შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხეთათვის სავარაუდოდ და აღქმადად მიიჩნია, კრედიტორის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი.

15.9. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაბუთებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით, საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, 16.08.2011წ. # 956944 და 29.05.2012წ. # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2014 წლის 26 თებერვლიდან (დავალიანების წარმოშობის შესახებ ცნობა - იხ. მე-11 პუნქტი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 219.17 აშშ დოლარის, ასევე, # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 533.92 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე მოპასუხეთათვის.

15.10. სასამართლომ იმსჯელა, სსკ-ის 417-ე მუხლის მოწესრიგებაზე და აღნიშნა, რომ 2014 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა სამივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე დადგენილი იყო, კერძოდ: ა) # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 41 436.16 აშშ დოლარი; ბ) # 956944 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15 612.30 აშშ დოლარი; გ) # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16 229.44 აშშ დოლარი.

15.11. სასამართლომ, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირება და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამ განჩინების 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა შეემცირებინა 8 287.23 აშშ დოლარამდე; „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა - 3 122.46 აშშ დოლარამდე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა - 3 245.89 აშშ დოლარამდე.

15.12. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, ასევე უნდა შემცირებულიყო და, საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა: ა) 16.08.2011წ. # 957077 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველდღიურად - 42.85 აშშ დოლარის ოდენობით; ბ) 16.08.2011წ. # 956944 და 29.05.2012წ. # 1166906 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველდღიურად 37.55 აშშ დოლარის ოდენობით.

15.13. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 286.1-ე მუხლისა „უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)“ და 301- ე მუხლის „1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“ მოწესრიგებაზე მიუთითა და განმარტა, რომ უდავოდ იყო დადგენილი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც მოსარჩელეს (იპოთეკარს) წარმოუშობდა უფლებას, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. სასამართლომ, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან მიღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის შესახებ (იხ. ამ განჩინების 1.4 ქვეპუნქტი).

15.14. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნაზე, რომელიც ეხებოდა პირველი და მეორე საწარმოების საკუთრებაში და ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული მოძრავი ნივთების (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი, 12.8. ქვეპუნქტი) რეალიზაციაზე და სსკ-ის 254.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის დეფინიციით: „მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით: „მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად“.

15.15. სსკ-ის 254-ე მუხლი მხარეებს უფლებას აძლევს, ხელშეკრულების საგნად აქციონ სამომავლო ქონება, თუმცა, სსკ-ის 255-ე მუხლი ადგენს გირავნობის სახეებს: ა) მფლობელობითი და ბ) რეგისტრირებული გირავნობა. სასამართლომ მოხმობილ ნორმაზე დაყრდნობით, განმარტა, რომ შეძენილი სამომავლო ქონება მისი შეძენის მომენტიდანვე უნდა მოექცეს მითითებული სახეების სამართლებრივი რეგულირების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება, რომელიც ამ განჩინების 12.8. ქვეპუნქტში მითითებულ მისამართებზე არსებული ქონების რეალიზაციას ეხებოდა, თავისი შინაარსით იმდენად ფართო და აბსტრაქტული იყო, რომ გაურკვეველი ხდებოდა მისი დაკმაყოფილების და შემდგომ აღსრულების შესაძლებლობა. სასამართლომ, ასევე ბუნდოვნად მიიჩნია, თუ რომელი გირავნობის სახით (მფლობელობითი თუ რეგისტრირებული) მოიაზრებდა მოსარჩელე ხელშეკრულებაში მითითებულ ქონებას, რომელიც კონკრეტულ მისამართებზე ეგულებოდა.

15.16. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი გირავნობის ინსტიტუტი ფართო შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, იმოქმედონ და შეთანხმდნენ თუნდაც სამომავლოდ შეძენილ ქონებაზე და აქციონ იგი გირავნობის საგნებად, თუმცა, მხარეთა ასეთი შეთანხმება უნდა ექცეოდეს თავად გირავნობის ინსტიტუტის ჩარჩოებში და ნივთის (შეძენილი, გირავნობის საგნის) იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდეს. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პირველი და მეორე საწარმოების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, რომელიც ამ განჩინების 12.8. ქვეპუნქტში მითითებულ მისამართებზეა განთავსებული, როგორც გირავნობის საგნების რეალიზაციის თაობაზე არსებული სასარჩელო მოთხოვნა.

15.17. საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 268 11 მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიაქცია, რადგან ასეთი შეთანხმება პირდაპირ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით (იხ. 1.3. ქვეპუნქტი).

16. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთაგან მოსარჩელემ (ბანკმა) გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, რომელიც გირავნობის საგნის რეალიზაციას ეხება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

16.2. საქალაქო სასამართლოს განმარტების, რომელიც ამ განჩინების 30-ე პუნქტშია ასახული, საწინააღმდეგოდ, ბანკსა და ორივე მოპასუხე საწარმოს შორის 19.03.2012წ. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დაგირავდა ორივე საწარმოს მთელი არსებული და სამომავლო უძრავი ქონება, რაც აისახა სამეწარმეო რეესტრში, აქედან გამომდინარე, აპელანტმა რეგისტრირებულ გირავნობაზე მიუთითა;

16.3. მოპასუხე საწარმოთა საქმიანობაა უცხოეთიდან საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის, სამზარეულოსა და ჭურჭლის იმპორტირება და რეალიზაცია, რომლის განახლება ხდება ყოველდღიურად, ამიტომ, ბანკი დეტალურად ვერ აღწერდა შესაბამის მახასიათებლებს და ვერც რაოდენობას მიუთითებდა. სსკ-ის 258.2-ე მუხლი განმარტავს, რომ თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება. გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა სასამართლოსათვის გაურკვეველი კონკრეტული მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უსამართლოდ შეეზღუდა ხელშეკრულებითა და კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მსჯელობა და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბანკის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებაზე და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3- ემუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

17.3. სააპელაციო სასამართლომ გირავნობის ინსტიტუტზე მსჯელობისას, გაიზიარა საქალაქო სასმაართლოს მსჯელობა და დასკვნები, ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმისათვის, რომ სამომავლო ქონებამ შეიძინოს უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია, აუცილებელია ქონების შეძენა და შეძენილ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია იმდაგვარად, რომ გირავნობის საგნის იდენტიფიცირება მოხდეს.

17.4. ზემოხსენებული დასკვნა დაედო საფუძვლად აპელანტის პრეტენზიის უარყოფასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

18. აპელანტის საკასაციო პრეტენზიის საფუძვლები

18.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უარყოფილი სარჩელის ნაწილის (რომელიც უცვლელად დარჩა) დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იდენტურ პრეტენზიებზე მითითებით (იხ. ამ განჩინების 16.1- 16.3 ქვეპუნქტები).

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტებრის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

19.2. კასატორმა 2016 წლის 5 ოქტომბერს განცხადება წარმოადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა საკუთარ საკასაციო პრეტენზიაზე, მიუთითა გირავნობის ინსტიტუტის მომწესრიგებელ სამართლის ნორმებზე და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლის განვითარებისათვის, არამედ - ბიზნეს სეგმენტისა და, ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

24. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას დაედებოდა საფუძვლად.

25. კასატორის ძირითადი პრეტენზიები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 16.1-16.3 ქვეპუნქტებში, 18.1 პუნქტში, ეხება იმას, რომ სსკ-ის 258.2-ე მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები, რითაც კასატორს შეეზღუდა ხელშეკრულებითა და კანონით მინიჭებული უფლება, დაგირავებული ქონების ხარჯზე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

26. წინამდებარე განჩინების 17.1-17.4 პუნქტებში ასახული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას: „იმისათვის, რომ სამომავლო ქონებამ შეიძინოს უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია, აუცილებელია ქონების შეძენა და შეძენილ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია იმდაგვარად, რომ გირავნობის საგნის იდენტიფიცირება მოხდეს“.

27. გირავნობის, როგორც შეზღუდული სანივთო უფლების, მოწესრიგება სსკ-ის 255-ე მუხლით ამომწურავია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სამართლებრივად შეაფასოს, სახელშეკრულებო საფუძველზე წარმოიშვა თუ არა გირავნობა და თუ წარმოიშვა, მოხმობილი ნორმის მიხედვით, მის რომელ სახეზე შეთანხმდნენ მხარეები - მფლობელობითზე თუ რეგისტრირებულზე, რადგან ამგვარი კლასიფიკაცია, როგორც უკვე აღინიშნა, კანონით დადგენილია ე.წ. „numerous clausus” პრინციპით.

28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალების სახით, მოძრავ ნივთებზე მფლობელობითი გირავნობის წარმოსაშობად ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გადასცემოდა მოძრავი ნივთები (იხ. სსკ-ის 257.1-ე მუხლი), ხოლო თუკი გირავნობის რეგისტრირებულ სახეზე აპელირებს კასატორი, მაშინ უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მოძრავი ნივთების იდენტიფიცირებული სახით რეგისტრაცია, რაც გახდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შემდეგ მისი აღსრულების საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა ჰქონდა, რადგან მისი სახელშეკრულებო პირობა (იხ. მე-2 პუნქტი), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა ნების ავტონომიაზე (სსკ-ის 319-ე მუხლი) არ არის დამოკიდებული, არ შეესატყვისება სსკ-ის 255-ე მუხლით დადგენილი გირავნობის რომელიმე სახეს.

30. კასატორის მოსაზრების პასუხად, რომელიც ეხება სამოქალაქო კოდექსში 09.02.2011წ. განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზე, 254-ე მუხლს დაემატა 41 ნაწილი: „გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე“, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დანაწესით სამომავლო ქონებაზე გირავნობა წარმოიშობა ქონების წარმოშობისთანავე ან დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის მომენტიდან, თუმცა, კასატორის მოთხოვნას, რომ მას ხელშეკრულებები ჰქონდა რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგან რეგისტრირებულ გირავნობად, ანუ სანივთო უზრუნველყოფის შეზღუდვის სახით, განიხილება არა ზოგადად ხელშეკრულების რეგისტრაცია, არამედ სწორედ იმ ქონების, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია და მოთხოვნის უზრუნველყოფას ემსახურება.

31. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით დადგენილი წინაპირობის არარსებობის გამო, საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვება უარყოფილია საკასაციო სასამართლოს მიერ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს-ს“ (ს/კ -) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N90, გადახდის თარიღი 2016 წლის 08 აგვისტო), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე