Facebook Twitter

№ას-284-270-2016 16 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი. ე-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ე-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი. ე-ია (შემდეგში: მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 1997 წლის 17 ივლისს და მარტვილის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო მასაში 3840.00 კვ/მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი შედიოდა (ს/კ ...) (შემდეგში: სადავო ქონება) (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1319 -ე და 1320-ე მუხლები).

2. მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან შვილები: ნ. ე-ია (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი მემკვიდრე) და ი. (გ.) ე-ია (შემდეგში: მოპასუხე, მეორე მემკვიდრე ან კასატორი). ისინი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ (სსკ-ის 1306-ე, 1336-ე, 1307-ე და 1421.2-ე მუხლები).

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მიწის სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება მთლიანად მოპასუხის (მეორე მემკვიდრის) სახელზე აღირიცხა (სსკ-ის 311.1-ე მუხლი).

4. 2015 წლის 20 მარტს პირველმა მემკვიდრემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სამკვიდრო ქონების ერთი მეორედის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით (სსკ-ის 1433-ე, 1421.2-ე და 1336-ე მუხლები).

5. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე ორივე მემკვიდრე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, თუმცა მთელი სამკვიდრო ქონება მხოლოდ მოპასუხის სახელზეა აღრიცხული და ამით, მისი, როგორც მემკვიდრის უფლება ილახება.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით მხოლოდ ის დაეუფლა. გარდა ამისა, სადავო ქონება, 2009 წლიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მის სახელზე. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, მოთხოვნა განხორციელებადი არ იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

7. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოსარჩელე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½-ის (ნახევრის) მესაკუთრედ იქნა ცნობილ

8. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1306-ე,1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე,1421-ე, 1324- ე, 1433-ე მუხლებით და განმარტა:

8.1. სსკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში,სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობი. 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე და როგორც წესი, უნდა გავრცელდეს 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, თუმცა სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მოცემულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას (სამკვიდრო ქონების მიღების წესი), მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძველისგან განსხვავებულად არ აწესრიგებს. ამასთან, მოპასუხე მხარე სარჩელზე წარდგენილ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც მიუთითებს 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე, რაც ცხადყოფს, რომ იგი დაეთანხმა დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გამოყენებას.

8.2. სასამართლომ დაადგინა, რომ სამკვიდრო ქონება მოპასუხესთან ერთად ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მის ძმასაც, ანუ მოსარჩელეს. შესაბამისად, ისინი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეები, სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეები არიან. სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა არცერთი გარემოება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის უარს სამკვიდროს მიღებაზე. პირიქით, მან საცხოვრებელ სახლს მიაშენა ოთახები, აწარმოებდა მთელ რიგ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მიწის ნაკვეთზე, პერიოდულად სტუმრობდა სოფელს და ა.შ. ამის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრში მთლიანი ქონების მხოლოდ მოპასუხის სახელზე აღრიცხვა, ადასტურებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობას.

8.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი მახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფი. ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მემკვიდრეს უფლება აქვს, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისგან ნებისმიერი დროს. ამდენად, ვინაიდან საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა და ეს უფლება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

9.1.სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტ მოწმეთა წერილობითი ჩვენებები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში არ დაუფლებია სამკვიდროს, რადგანაც სადავო ქონებას არც უვლიდა და არც პატრონობდა.

9.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქმე უნდა განხილულიყო 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით, რადგან მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობი. 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ანუ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. მოქმედი კოდექსით საქმის განხილვაზე კი, მოპასუხეს თანხმობა არ განუცხადებია.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა: დადგენი., რომ მოსარჩელე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) სამკვიდრო ქონების მესაკუთრე გახდა. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა, რომელიც დროში არ იზღუდება, შესაბამისად, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მემკვიდრეს უფლება აქვს, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

10.2. უსაფუძვლოა აპელანტის მითითება, რომ მას არ გამოუთქვამს თანხმობა 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზეც მიუთითა 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე, რაც ცხადყოფს, რომ იგი დაეთანხმა დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გამოყენებას.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხემ შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

11.1. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას დაადასტურებდა. სასამართლო ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ზოგადი და არაფრის მთქმელია. მოსარჩელეს მხოლოდ მოპასუხის (კასატორის) კეთილი ნების საფუძველზე მიეცა საშუალება, დასასვენებლად ჩასულიყო სადავო სახლში, რაც არ შეიძლება სამკვიდროს მიღების ფაქტად შეფასდეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით, სსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არსებითად სწორია.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან.

18. საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ მშობლების სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი, სარწმუნო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. კასატორის მოსაზრებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ზაფხულობით, როგორც აგარაკზე, სადავო სახლში ცხოვრება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას არ ნიშნავს.

კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ, სსკ-ის 1424-ე მუხლის მიხედვით მემკვიდრემ სამკვიდრო მისი გახსნიდან ექვში თვის ვადაში უნდა მიიღოს, ხოლო იმავე კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენი. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების წეს კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება შეიძლება გამოიხატოს მემკვიდრის ქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი, შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია, რომ მოსარჩელე სისტემატურად არ ცხოვრობდა მამკვიდრებლის სახლში, ხოლო სამკვიდრო სახლში მოპასუხის ნებართვით რჩებოდა - არ ადასტურებს, რომ მოსარჩელის ინტერესი არ იყო მიმართული სამკვიდროს მიღებისკენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და მას შესაბამისი იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ მემკვიდრე კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების გზით გამოხატავს ნამდვილ ნებას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღებას; ანუ მემკვიდრე ამ ქონებას უნდა განიხილავდეს თავის საკუთრებად. იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია, მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას. მოსარჩელის მიერ მშობლების სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს ადასტურებს არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ თავად მოპასუხის ჩვენება: ,,მოსარჩელე სადავო საცხოვრებელ სახლში პერიოდულად, ზაფხულობით, ხოლო ბოლო პერიოდში ზამთარშიც, როგორც აგარაკზე, ჩამოდიოდა და ისვენებდა, სადავო საკარმიდამო ნაკვეთზე გააჩნდა და ახლაც გააჩნია ბოსტანი, სარგებლობდა და სარგებლობს ეზოში არსებული ხილით, აქვს თხილის პლანტაცია.....”. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ კონკლუდენტური ქმედებებით არაერთგზის დაადასტურა ინტერესი სამკვიდრო ქონების მიღების მიმართ. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა სადავო მტკიცებულებები და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ნამდვილი ნება უტყუარად დადასტურებულია. ანალოგიურ საკითხთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენი. შესაბამისი პრაქტიკაც (იხილეთ სუსგ ას-1061-1001-2015; ას-692-658-2015; ას-844-794-2015).

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 264.3, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ე-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ი. ე-იას დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე თ. ე-ის (..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #7, გადახდის თარიღი 15.03.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი