საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-930-895-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ 2006 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მხარეები არიან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, მეიჯარე, აპელანტი ან კასატორი) და ზ. ფ-ე (შემდეგში: მოპასუხე ან მოიჯარე; იხ. ს.ფ. 14-21; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე მუხლი; „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი)
2. პირველ პუნქტში დასახელებული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, ზემოხსენებულ მხარეთა შორის 2006 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა (იხ. ბრძანება -ს.ფ. 31-32). ამ ხელშეკრულებაზე მოიჯარეს ხელი არ მოუწერია.
3. საქმეში განთავსებული 2016 წლის 11 მარტის N 001288616 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა მოიჯარის სახელით, განლაგებული, იჯარის ხელშეკრულებაზე, 31.08.06 წლის თარიღით, ბოლო გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში: "მოიჯარე", შესრულებული არის არა ამ უკანასკნელის, არამედ სხვა პირის მიერ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ. 80-86) .
4. მოსარჩელეს არ წარუდგენია და არც საქმეში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებლება, რომ მოიჯარემ გამოხატა ხელშეკრულების დადების ნება ან შეასრულა რაიმე მოქმედება, რაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მიუთითებდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 103-ე მუხლის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლი).
5. სააგენტომ 2015 წლის 12 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის იჯარის თანხის - 9496,67 ლარის გადახდის დაკისრება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი არსებითი შესაგებელი წარადგინა, რომელშიც მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან არ შესულა სახელშეკრულებო ურთიერთბაში, შესაბამისად, არ გამოუხატავს ნება უძრავი ქონების იჯარით აღების თაობაზე (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 41-49).
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
7. 1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააგენტოს სარჩელი.
7.2. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 317.1-ე და 327.1-ე მუხლები.
7.3.რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არის ნების გამოვლენის დამადასტურებელი ერთ-ერთი გარემოება, რომლითაც ხელმომწერი მხარე ადასტურებს, რომ მხარეები, სსკ-ის 327.1-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისას, შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.
7.4. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც უარყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი და განმარტა, რომ მოსარჩელისადმი ვალდებულება არ უკისრია და მხარეთა შორის არც მოლაპარაკება გამართულა ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.
7.5. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოპასუხეს არ გამოუხატავს ნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის გამო, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, რის გამოც სააგენტოს სარჩელი უარყოფილი იქნა.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.2. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ 31.08.2016 წლის ხელშეკრულება დადებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს-ოზურგეთის რაიონული გამგეობას (შემდგომში ”მეიჯარე”) და მოიჯარეს შორის. ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უშუალოდ მოიჯარის 31.08.2006 წლის განცხადების საფუძველზე მოხდა, რასაც ახლავს მოიჯარის მიერვე საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 01.09.2006 წელს გადახდილი თანხის სალაროს შემოსავლის ორდერი;
8.3. 31.08.2006 წლის განაცხადზე იკითხება შემდეგი: ”04.09.2006 წელს ზ. ფ-ემ წავიღე ამონაწერი და საკადასტრო რუკა”, რაც ასევე ადასტურებს, რომ იჯარის ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონეა და მოპასუხემ აღნიშნულზე ნება გამოხატა;
8.4. ”უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით (მუხ.36.1.ა”)) 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად (2006 წლის 31 აგვისტოსთვის მოქმედი რედ.), რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა განცხადების სარეგისტრაციო წიგნში რეგისტრაციის დღე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიკვლია იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარემოებები, რის შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება;
8.5. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს შეეძლო საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის და საიჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ობიექტური ანალიზის საფუძველზე, რაც არ განახორციელა;
8.6. სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით. მოცემული საქმის განხილვისას, სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც დაკმაყოფილდება სააგენტოს მოთხოვნა;
8.7. საყურადღებოა, რომ 31.08.2006 წლის საიჯარო ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის ბათილად ცნობილი, მოპასუხეს არ დაუყენებია აღნიშნული საკითხი. მარტოოდენ ახსნა-განმარტება და ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება საიჯარო ხელშეკრულების არარსებობის დადგენის საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
9.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, 31.08.06 წლის იჯარის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ოზურგეთის რაიონის გამგეობის №186 დადგენილების თანახმად, მოპასუხე არის 2006 წლის 26 ივლისს ჩატარებული აუქციონის კონკურსში გამარჯვებული.
9.4. სააპელაციო საჩივარში მითითებული იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია უშუალოდ განხორციელდა მოპასუხის 31.08.2006 წლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ერთვოდა მის მიერვე, საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 01.09.2006 წელს გადახდილი თანხის სალაროს შემოსავლის ორდერი, წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, საქმეში არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებული აუქციონის მასალები, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც აპელანტს, როგორც ოზურგეთის რაიონული გამგეობის უფლებამონაცვლეს, გააჩნდა.
9.5. მითითებული გარემოებების ერთობლიობით გაანალიზების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
9.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 581-ე, 588-ე მუხლებიდან.
9.7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ კვალიფიციური შესაგებელი წარადგინა, სადაც მიუთითა, რომ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, ასეთი ნება არ გამოუხატავს, რაც გამორიცხავს საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების თაობაზე სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9.8. მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უნდა გარკვეულიყო იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო თუ არა მხარეთა შორის. ამ კონტექსტში, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის დასადასტურებლად, წარადგინა მოპასუხის სახელით ხელმოწერილი იჯარის ხელშეკრულება. ამ უკანასკნელმა კი, მოსარჩელის მტკიცების გასაქარწყლებლად - ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნა.
9.9. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოპასუხეს არ გამოუხატავს ნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე მითითებით (იხ. 8.1 – 8.7. ქვეპუნქტები).
10.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააგენტოს საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: ას-1534-1437-2012, 01.02.2013წ.; ას-868-826-2013, 06.02.2015წ.; ას-423-400-2014, 11.052015წ.; ას-402-379-2014, 25.05.2015.; ას- 824-790-2016, 23.12, 2016წ.).
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია და სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების ტვირთის აღიარებული სტანდარტის საფუძველზე იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმაზე. ამ სტადიაზე სააგენტოს მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებულობის დადგენის შემდეგ, სასამართლომ, მოპასუხის სტადიაზე, მართებულად მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელმა კვალიფიციური შედავების პირობებში, დასძლია და გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არ იყო იჯარის ხელშეკრულების ხელმომწერი და, შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო არარსებული სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე, მეიჯარის მიერ წაყენებული მოთხოვნა.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და სამართლებრივ დასკვნებს, შესაბამისად, მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის სსსკ-ით დადგენილი არცერთი წანამძღვარი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე