საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-972-936-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრების ავტორები – მ. ბ-ი, თ. მ–ე, ზ. თ-ი, ი. კ-ე, ფ. კ-ი, ა. ჭ-ი, გ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება
საჩივრების ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის (შემდეგში მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ამ უკანასკნელსა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობას „თ-ი 88“ (შემდეგში: ამხანაგობა) შორის 2006 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული # 315 ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოპასუხეებისათვის, რომელთა შორის არიან ზ. თ-ი და ფ. კ-ი (შემდეგში: საჩივრების ავტორები) 123 820 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე მოპასუხეებს (სხვებთან ერთად) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2008 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 123 820 აშშ დოლარის წლიური 10 %-ის ანაზღაურება.
2. სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან მ. ბ-ი, თ. მ–ე, ა. ჭ-ი, ი. კ-ე, გ. თ-ე (შემდეგში: პირველ პუნქტში დასახელებულ პირებთან ერთად მოიხსენიებიან, როგორც საჩივრების ავტორები).
3. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და, ახალი გადაწყვეტიულებით, მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.6, ს.ფ. 316-329).
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლაატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით (იხ. განჩინება - ტ.7, ს.ფ. 18-21). აპელანტმა 2016 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. ტ.7, ს.ფ. 330-336).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხეთა შემდეგ უძრავ ქონებას:
5.1. ზ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.2. ფ. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.3. ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.4. გ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.5. თ. მ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.6. ა. ჭ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
5.7. მ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 11 ა, 16, 18, 19; საკადასტრო კოდი 0-;
6. იმავე განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 196-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა. აღნიშნული საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სსსკ-ის 268-ე მუხლი; იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი - ტ.7, ს.ფ.374-382).
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივრები წარადგინეს წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში დასახელებულმა მოპასუხეებმა (იხ.ტ.7 - მ. ბ-ის 07.03.2016წ. საჩივარი - ს.ფ.476-479, ზ. თ-ის,ფ. კ-ის, ა. ჭ-ისა და ი. კ-ის 02.03.2016წ. საჩივარი - ს.ფ. 497-499; ტ.8 - თ. მ–ის 28.03.2016წ. საჩივარი - ს.ფ. 54-58, გ. თ-ის 06.04.2016წ. საჩივარი - ს.ფ.87-89).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივრები ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე და ისინი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 -მუხლის მე-2 ნაწილი).
10. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა წარდგენილი საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მოპასუხეთა საჩივრების უარყოფის დასაბუთებისას მიუთითა:
10.1. სსკ-ის 191.1 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც უნდა მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობა სასამართლოს საფუძველს აძლევს, გამოიტანოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. ასეთი ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებეზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე;
10.2. სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვნად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე. მარტოოდენ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადება იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით, დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზურნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ;
10.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის სამართლიანი ბალანსის მნიშვნელობა, ამასთან, იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება;
10.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის;
10.5. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებისას, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულია განსახილველად. მოსარჩელის (აპელანტის) მოწინააღმდეგე მხარეებს, სხვებთან ერთად, წარმოადგენენ წინამდებარე განჩინებაში მითითებული საჩივრების ავტორები, რომლებიც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხეთა სტატუსით მონაწილეობდნენ.
10.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობა არსებითად განხილვის საგანს წარმოადგენს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე მხოლოდ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა მოწმდებოდა. ასევე, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ფულადი მოთხოვნის არსებობისას, ქონების ღირებულება ფულად მოთხოვნას უნდა აღემატებოდეს, რადგან სწორედ აუქციონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონება აუქციონზე დაბალ ფასში, კერძოდ, კი განახევრებულ, გამეოთხედებულ ან ნულოვანი შეთავაზების პირობებში გადის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიების არსებული სახით შენარჩუნება. სასამართლომ ასევე განმარტა სსსკ-ის 196-ე მუხლის დანაწესი.
10.7. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით დადგენილი სახით სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება ნაკლები საფრთხის შემცველია მოპასუხეებისათვის, ვიდრე მისი გამოუყენებლობა მოსარჩელისათვის.
11. საკასაციო სასამართლოში მოპასუხეთა საჩივრები საქმის მასალებთან ერთად რეგისტრირებულია 2016 წლის 19 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა საჩივრების დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივრები უსაფუძვლოა და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ შემდეგ არგუმენტებზე მითითებით;
13.1. მოსარჩელეს სააპელაციო წესით აქვს გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა გამგეობის რამდენიმე წევრის გარდა, ამხანაგობის სხვა წევრებისათვის თანხების დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე ამ დავაში არის ათეულობით, უფრო სწორად, ასზე მეტი ადამიანი, რაც ფაქტიურად გამორიცხავს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. გაუგებარია სასამართლოს როგორ წარმოუდგენია ასეულობით ადამიანისაგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 123 820 აშშ დოლარისა და წლიური 10 %-ის თანხების ამოღება (ამ განჩინების 5.1 – 5.6 ქვეპუნქტებში მითითებული მოპასუხეების საჩივრების მოტივები);
13.2. სასამართლომ მოპასუხეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა სასარჩელო მოთხოვნასთან არაადეკვატური, შეუსაბამოდ მაღალი, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით (ამ განჩინების 5.1 – 5.6 ქვეპუნქტებში მითითებული მოპასუხეების საჩივრების მოტივები);
13.3. მოსარჩელე დაზარალებულად არის ცნობილი # 0004620745 სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებული არიან სამშენებლო კომპანია „ც-ის“ წარმომადგენელები, და მას, როგორც დაზარალებულს, ჩვენება აქვს მიცემული სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მიუთითა რომ სწორედ ამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთა ქმედებით დაზარალდა და არაფერ შუაშია ამხანაგობა, მისი წევრები ან/და თავმჯდომარე, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს აპელანტის მიერ რაიმე მოთხოვნის წაყენებას ამხანაგობის, მით უმეტეს, მისი წევრების ან თავმჯდომარის წინააღმდეგ (ამ განჩინების 5.1 - 5.6 ქვეპუნქტებში მითითებული მოპასუხეების საჩივრების მოტივები);
13.4. ამხანაგობის წევრთა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას შანტაჟის ხასიათი აქვს, რასაც ფაქტობრივად შეუწყო ხელი სააპელაციო სასამართლომ. ერთ-ერთმა პიროვნებამ - გ. ზ-იშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მის საცხოვრებელ ბინაზე მოსარჩელის მიერ ყადაღის დადების გამო (ამ განჩინების 5.1 - 6.6 ქვეპუნქტებში მითითებული მოპასუხეების საჩივრების მოტივები).
13.5. წინამდებარე განჩინების 5.7. ქვეპუნქტში დასახელებულ მოპასუხეს 13.1-13.4 ქვეპუნქტებში ასახული გარემოებების იდენტური პრეტენზიები აქვს მითითებული და დამატებით არგუმენტად ასახელებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე არც კი გააფრთხილა სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თაობაზე, კერძოდ, თუკი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოსარჩელე ვალდებულია, აუნაზღაუროს მოპასუხეს მიყენებული ზიანი. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მოსარჩელის მხარეზე გამოვიდა და დაუსაბუთებელი, არაადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს (იხ. საჩივრის მოტივები- ტ.7, ს.ფ. 478).
14. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრისა და იმავე წლის 17 ოქტომბრის განჩინებების მსჯელობასა და დასკვნებს სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მოსარჩელისა და მოპასუხეთა უფლებების (ინტერესების) სამართლიანი ბალანსისა და თავად სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის, არსსა და დანიშნულებაზე.
15. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრების ავტორთა მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უკანონო და ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაში ვრცლად არის ასახული ის მოტივები, რაც მოსარჩელის (აპელანტის) განცხადების დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად, კერძოდ:
15.1. სსსკ-ის 191.2-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სწორედ იმ მოპასუხეთა საკუთრებად ირიცხებოდა ის უძრავი ქონება, რომლებსაც, სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო;
15.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ფულადი მოთხოვნის არსებობისას, ქონების ღირებულება უნდა აღემატებოდეს ფულად მოთხოვნას, რათა არიდებული იქნეს უზურნველყოფის ღონისძიების მიმართ ფორმალური მიდგომა. სააუქციონო წესების გათვალისწინებით, როდესაც ქონება აუქციონზე დაბალ ფასში, კერძოდ, განახევრებულ, გამეოთხედებულ ან ნულოვანი შეთავაზების პირობებში გადის, მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადეკვატური და პროპორციული ღონისძიება იქნეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახით;
15.3. სააპელაციო სასამართლომ განჩინებითვე განმარტა სსსკ-ის 196-ე მუხლის გამოყენების წესი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრების ავტორთა არც ერთი არგუმენტი არ არის დასაბუთებული, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლიანობაში. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იქნეს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (შდრ. სუსგ # 302-366-2016, 16.06.2016წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი უფლება-მოვალეობანი მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის შენარჩუნებასა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება, მათ შორისაა ისეთი უმნიშვნელოვანესი საპროცესო ინსტიტუტი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება და რომლის გამოყენებითაც სასამართლო თითოეული მხარის უფლების (მოვალეობის) მართლზომიერად განხორციელებას უწყობს ხელს. „სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და, მეორე მხრივ, ამ ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული ბალანსი მხარეთა თანასწორობისა. სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე“ (იხ. სუსგ # ას-75-72-206, 11. 03.2016წ.).
18. საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივრებს, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინების, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის, თ. მ-ის, ზ. თ-ის, ი. კ-ის, ფ. კ-ის, ა. ჭ-ისა და გ. თ-ის საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე