Facebook Twitter

№ას-379-363-2016 30 ივნისი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ე-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. ე-ა (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს უვადოდ დაინიშნა ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორად.

2. 2015 წლის 29 მაისს მოსარჩელეს ეცნობა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდგომში სშკ-ის, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. 2015 წლის 3 ივლისის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის №... ბრძანებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4. 2015 წლის 28 ივლისს მოსარჩელემ მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ფოთის მერის 2015 წლის 3 ივლისის №... ბრძანების ბათილად ცნობა; ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა; დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურება.

4.1. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და განმარტა, რომ 2015 წლის 6 ივლისს მან მიმართა ქალაქ ფოთის მერს, ეცნობებინათ დაკავებული თანამდებობიდან მისი განთავისუფლების კონკრეტული საფუძველი. 2015 წლის 21 ივლისს პასუხი მიიღო, თუმცა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი წერილში მითითებული არ იყო. ამით ფოთის მერმა დაარღვია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი, (დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი), რის გამოც მერის №... ბრძანება, მოსარჩელის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან ააიპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“დირექტორს, წესდების შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ისე, რომ არ ევალება განთავისუფლების საფუძვლების მითითება. გარდა ამისა, 2015 წლის 29 მაისს, ანუ ერთი თვით ადრე, მოსარჩელეს ეცნობა მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე, 2015 წლის 3 ივლისს, კანონის სრული დაცვით, გამოიცა ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მას მიეცა კომპენსაცია ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 ივლისის №... ბრძანება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და აღდგენამდე იძულებით გაცდენილი შრომის პერიოდის ანაზღაურება დაეკისრა.

6.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე, სშკ-ის 32-ე, 36-ე და 38-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 408-ე და 411-ე მუხლებით და განმარტა, რომ, შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ შეამოწმა, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელი გახდა ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. სადავო ბრძანებაში მოსარჩელის დათხოვნის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, მაგრამ არ არის მითითებული, ამ მუხლის რომელი კონკრეტული პუნქტით იქნა განთავისუფლებული მოსარჩელე. ვინაიდან ბრძანება გამოცემული იყო სშკ-ი 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო, მოსარჩელე ააიპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობაზე აღედგინა.

6.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ა(ა)იპ ”თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების” დირექტორს, წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. უფლებამოსილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გააჩნია მერს, არ გულისხმობდა, რომ მას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შეეძლო დასაქმებულის გათავისუფლება. სშკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებლისათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. იგი კონკრეტული საფუძვლებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მოცემულ შემთხვევაში, განთავისუფლების მართლზომიერების შემოწმება შეუძლებელია, რადგან, დამსაქმებელს სადავო ბრძანებაში დაკავებული დათხოვნის საფუძველი არ აქვს მითითებული.

7. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. ააიპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დამფუძნებლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არიან. შესაბამისად, დირექტორის, როგორც დამფუძნებლის წარმომადგენლის დანიშვნა, ან განთავისუფლების უფლებამოსილება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამდენად, ამ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

7.1. სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე, სკ-ის 35-ე, 709-723-ე, 411-ე მუხლებით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და განმარტა:

7.1. უდავოა, რომ მოსარჩელე არის ააიპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი, ანუ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ააიპ-სა და მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს შორის ფორმდება დავალების (ე.წ. სასამსახურო) ხელშეკრულება (სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლები). რწმუნებული, ამ შემთხვევაში ააიპ-ის დირექტორი მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედების მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე შესრულებაზე იყო ვალდებული (სსკ-ის 709-ე მუხლი), რისთვისაც იგი იღებდა გასამრჯელოს (სსკ-ის 710-ე მუხლი). ამასთან, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს (სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი), შესაბამისად, მარწმუნებელს არ ევალებოდა დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება.

7.2. სკ-ის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ააიპ-ის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-71 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით კი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის განთავისუფლების შესახებ. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელე თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილა ერთი თვის გასამრჯელოც აუნაზღაურა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან კანონიერად გათავისუფლდა (შეწყდა დავალების ხელშეკრულება), რის გამოც არ არსებობდა მისი თანამდებობაზე აღდგენისა და გაცდენილი დროისათვის გასამრჯელოს ანაზღაურების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:

8.1. არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობაზე გამწესება და განთავისუფლება რეგულირდება შრომის კოდექსით და არა მეწარმეთა შესახებ კანონით, სასამართლომ კი უგულებელყო შრომითი ურთიერთობის ფაქტი და იხელმძღვანელა არა შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე და სსკ-ის 54-ე და 408-ე მუხლებით, არამედ დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებითა და კანონით მეწარმეთა შესახებ, რაც არასწორია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპილის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე: „საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები“. იხ. იხ. სუსგ # ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.

13. მოცემულ შემთხვევაში, მერის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, დირექტორი. სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ამ ურთიერთობის ხასიათი და აქედან გამომდინარე, ის ნორმები, რომლებიც დავის მოწესრიგებას უნდა დასდებოდა საფუძვლად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ: ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. სსკ-ის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ააიპ-ის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, „ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე.“

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ-ის წესდების თანახმად, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების ფარგლებში უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. მაშასადამე, სადავო არაა ბრძანების გამომცემი პირის უფლებამოსილების ფარგლები.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნას, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს (მერს) და ააიპ-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (დირექტორს) შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება და დამატებით განმარტავს: დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (სსკ-ის 720-ე მუხლი).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებისა და სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონიერად, რის გამოც არ არსებობდა მისი თანამდებობაზე აღდგენისა და გაცდენილი დროისათვის ხელფასის (გასამრჯელოს) მოპასუხისათვის გადახდევინების საფუძვლები.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არსებითად სწორია.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან. (იხილეთ სუსგ ას-895-845-2015; 240-228-2016; ).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 7.2, 257.1, 264.3, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ე-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 14.04.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი