Facebook Twitter

№ას-1136-1092-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შ. ს-ის (შემდეგში მოსარჩელის) განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ვ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის ან საჩივრის ავტორის) საკუთრებაში არსებულ, გორის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე უძრავ ქონებას.

2. 17.04.2015 წელს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა:

- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

- ნასყიდობის საგნის - გორის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

4. სასამართლომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნია, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა, შემძენზე ნივთის ფაქტობრივად გადაცემა, არ შესრულებულა და არც „შემძენს“ (მოპასუხეს) აღნიშნული „დარღვეული უფლების“ აღდგენის მიზნით არაფერი გაუკეთებია. თავად მოპასუხემ, ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მისი გასესხებული თანხის გარანტი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ რეალურად მხარეებს შორის არც კი წარმოშობილა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი კლასიკური გაგებით. გარდა ამისა, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დაადგინა, რომ მოსარჩელეს არა თავისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, არამედ მხოლოდ თანხის სესხება სურდა, რადგან იმ პერიოდში მეუღლე ჰყავდა ავად.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქემება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

7. 2016 წლის 2 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა მოსარჩელის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონება აღმასრულებელს იძულებითი მართვის სახით. 2016 წლის 13 აგვისტოს მოპასუხემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მან მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა და მისი ჩანაცვლება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მისი კუთვნილი უძრავი ქონებით, რითაც ირღვევა მისი უფლებები.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართავს მოსარჩელე, რომლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს წარმოადგენდა მოსარჩელე და არა მოპასუხე. პალატამ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უძრავი ქონების აღმასრულებლისათვის იძულებით სამართავად გადაცემას მოპასუხე მოითხოვდა, რაც ეწინააღმდეგებოდა სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესს.

10. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით ირკვევა, რომ იგი მოითხოვს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმებას და მის ჩანაცვლებას სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით.

14. მოპასუხის ზემოაღნიშნული მოთხოვნა, ფორმალურად, შესაძლებელია მივიჩნიოთ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნად, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 196-ე მუხლით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამ საპროცესო ღონისძიების გამოყენების წინაპირობები არ არსებობს.

15. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მსგავსად, მოპასუხესაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით, მაგრამ მოპასუხის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის სხვა (მეორე) ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: საქმე #ას-1165-1095-2015, 25.11.2015წ.; საქმე #ას-454-438-2016, 19.07.2016წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, შესაბამისად, მისი ინტერესია, რომ ეს ქონება დავის დასრულებამდე დაცული იყოს გასხვისებისგან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს სწორედ სადავო ქონებაზე დადებული ყადაღა და არა ის საპროცესო ღონისძიება, რომელსაც მოპასუხე სთავაზობს სასამართლოს. ამასთან, მოპასუხის საჩივარი საერთოდ არ შეიცავს იმის დასაბუთებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შემთხვევაში, მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება.

17. ზემოაღნიშნულის გარდა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია როგორც ცალკე აღებული უზრუნველყოფის სახით, ასევე - მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) შეცვლის მიზნით, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწესს, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მოპასუხეს შეიძლება დაევალოს მის მფლობელობაში არსებული ნივთის აღმასრულებლისათვის გადაცემა ამ ქონების იძულებითი მართვის სახით. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოხსენებული ნორმის დანაწესის საწინააღმდეგოდ, საჩივრის ავტორი მოითხოვს მოსარჩელის დავალდებულებას, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონება აღმასრულებელს იძულებითი მართვის სახით, რაც დაუშვებელია.

18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს ფაქტობრივად სურს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რაც, შესაძლებელია, განხორციელდეს ვინდიკაციური სარჩელით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლი) და არა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, მით უფრო, რომ, სსსკ-ის 191.1 მუხლის მიხედვით, მოპასუხე ვერ მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუ მას, თავისი უფლების დასაცავად,სარჩელი არა აქვს აღძრული.

19. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი