Facebook Twitter

საქმე №ას-430-402-2017 19 მაისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი_ სს „ტ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „შ-ი“, შპს „კ-ა“, ნ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა

დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „შ-მა“, შპს „კ-ამ“ და ნ. გ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ-ის“ (სს „ტ-ის“) მიმართ მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ნასყიდობის საგნის მოსარჩელეთა საკუთრებაში დაბრუნების, ასევე, მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებულად აღიარების მოთხოვნით (იხ. სარჩელი ტ. II, ს.ფ. 1-43), ამასთანავე, სარჩელის აღძვრამდე მათ მოითხოვეს სამომავლო სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა სადავო გარიგებების საგანზე (მოძრავ-უძრავი ქონებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების) ყადაღის დადების გზით (იხ. განცხადება ტ. I, ს.ფ. 1-33).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნაცვლად ყადაღის დადებისა, განცხადებით მოთხოვნილ ქონებაზე მოპასუხეს დაუდგინდა უფლებრივი შეზღუდვა _ აეკრძალა ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. საქალაქო სასამართლოს განჩინება ტ. I, ს.ფ. 348-356).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით სს „ტ-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. განცხადება ტ. II, ს.ფ. 349-412, განჩინება _ ტ. III, ს.ფ.83-86), ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით კვლავ არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე (იხ. განცხადება ტ. II, ს.ფ.211-2019, განჩინება _ ტ. III, ს.ფ. 222-225).

4. 2016 წლის 28 ივნისსა და 5 აგვისტოს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, რაც საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისისა და 8 აგვისტოს განჩინებებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამ განჩინებების თაობაზე წარდგენილი საჩივრები, დაუსაბუთებლობის მოტივით გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს (იხ. განცხადებები ტ. III, ს.ფ.153-203; 234-249; საჩივრები _ 226-228; 257-259; განჩინებები _ 204-207; 250-253; 277-281).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. სააპელაციო პალატის განჩინება ტ. III, ს.ფ.354-359).

6. საჩივრის განხილვის ეტაპზე ამავე სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ტ-მაც“, რომლითაც არ დაეთანხმა სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელეების მოთხოვნას და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეების დავალდებულება, 612 541,15 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე (იხ. განცხადება ტ. III, ს.ფ.284-353), რაც სააპელაციო პალატამ, 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით დატოვა განუხილველად (იხ. განჩინება ტ. III, ს.ფ. 360-362), ხოლო, 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სს „ტ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. საჩივარი ტ. III, ს.ფ. 367-372, განჩინებები (მათ შორის საკასაციო პალატის განჩინება) 386-390; 396-400).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობა, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ძალით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

3. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე (1) მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წილის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხის განცხადება იმ მოტივით იქნა განუხილველად დატოვებული, რომ სს „ტ-ი“, როგორც ამჟამინდელ, ისე _ ადრე წარდგენილ განცხადებებში მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა ერთსა და იმავე გარემოებებზე _ ქონების გაუსხვისებლობის ფაქტსა და მის შედეგად დამდგარ ზიანზე, კერძოდ, მოპასუხე სარჩელის უზრუნველყოფის გამო ვერ ახერხებდა ქონების გასხვისებას. განსხვავება წინამორბედ და ამჟამინდელ განცხადებებს შორის იყო მხოლოდ ზიანის ოდენობის გაანგარიშება, რაც, სააპელაციო პალატის დასკვნით, არსობრივად არ ცვლიდა მოთხოვნის საფუძველს, ფაქტს იმის თაობაზე, რომ აკრძალვის გამო ვერ ხდებოდა ქონების გასხვისება, რის შედეგადაც განმცხადებელს ადგებოდა ზიანი. სააპელაციო პალატამ განცხადების განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 14 მარტის განჩინებით, საჩივარი განსახილველად დაუბრუნა რა სააპელაციო პალატას, გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ ერთსა და მავე საგანზე, ერთი და იმავე საფუძვლით უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ განცხადების წარდგენისას სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა ზემოხსენებული საპროცესო ნორმით, შესაბამისად, საჩივარიც გასაჩივრებული განჩინების მიმღები სასამართლოს შესაფასებელი იყო, რომლის საფუძვლიანობის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში დაიშვებოდა ამავე კოდექსის 1971 მუხლის გამოყენება.

5. საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას სააპელაციო პალატამ 2017 წლის 20 მარტის განჩინებით სს „ტ-ის“ საჩივარი მიიღო წარმოებაში, ხოლო 2017 წლის 30 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი. სააპელაციო პალატა ამჯერადაც, მსგავსად 2017 წლის 16 იანვრის განჩინებისა, შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სს „ტ-ი“ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებას ითხოვდა იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით, რასაც იგი ადრე წარდგენილ განცხადებებში მიუთითებდა. სააპელაციო პალატის ამ დასკვნას ნაწილობრივ არ იზიარებს საკასაციო პალატა შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილი (რომლის გამოყენებაც განსახილველი საკითხის მიმართ დასაშვებადაა მიჩნეული საკასაციო პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით) უზრუნველყოფის გარანტის გამოყენების თვალსაზრისით ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს: სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს თუ რას წარმოადგენს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე განცხადების „საგანი“ და „საფუძველი“:

ა) განცხადების საგანი არის განმცხადებლის მატერიალურ-სამართლბრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად განცხადების საგანი არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი;

ბ) რაც შეეხება განცხადების საფუძველს, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.

6. არც ერთი საპროცესო ნორმა არ უკრძალავს მოპასუხეს სასამართლოსათვის უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მოთხოვნით განმეორებით მიმართვას, თუკი იგი მიუთითებს/დაამტკიცებს განსხვავებული საფუძვლის არსებობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მიიღოს და განიხილოს განცხადება.

7. პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 15 დეკემბრის განცხადებასა და მასზე დართულ მტკიცებულებებზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს „ტ-ი“ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებას, ძირითადად სამი საფუძვლით მოითხოვდა:

ა) საბანკო სფეროს მარეგულირებელი წესების თანახმად, მის ინტერესს არ წარმოადგენს ქონების შენარჩუნება, არამედ, ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ბრუნვაში ჩაშვება და პროცენტის სახით შემოსავლის მიღება, რასაც ვერ ახერხებს დადგენილი აკრძალვის გამო;

ბ) ქონების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი მყიდველი ბაზარზე არც თუ ბევრია, ხოლო ბანკი ვერ ახერხებს არსებულ რეალურ მსურველზე ამ ქონების გასხვისებას, რაც წარმოადგენს ზიანს;

გ) ქონების შენახვის გამო მოპასუხეს წარმოეშვება დამატებითი ხარჯები (ქონების გადასახადი). წარმოდგენილ განცხადებას ერთვის Accountant & business advisers-ის დასკვნა.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით მოპასუხე უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებას პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ითხოვდა, რაც შესაბასმისი განჩინებებით არ იქნა დაკმაყოფილებული. საქმის განხილვის ამ ეტაპზე ამ განჩინებათა საფუძვლიანობა სასამართლოს მსჯელობის საგანს აღარ წარმოადგენს. განსხვავებით მანამდე დაყენებული მოთხოვნებისაგან, მოცემულ შემთხვევაში სს „ტ-მა“ მხოლოდ ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი შეცვალა და შუამდგომლობა მტკიცებულებით გაამყარა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული ორი საფუძვლის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაფუძნებით გამართლებული იყო განცხადების განუხილველად დატოვება, ხოლო შემდგომ _ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგანაც მხოლოდ ახალი მტკიცებულების წარდგენა იმგვარად, რომ მხარეს არ შეუცვლია მოთხოვნის საფუძველი, განცხადების განხილვის შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს (ქონების შენახვით გამოწვეული ხარჯები), საკასაციო პალატის შეფასებით, იგი არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა და მისი საფუძვლიანობის შეფასება საკასაციო პალატის განხილვის ფარგლებს რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე სცილდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია:

ა) განმცხადებლის ამ არგუმენტის საფუძვლიანობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლთან მიმართებით;

ბ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის საგარანტიო თანხის ოდენობა გამომდინარეობს თუ არა განცხადებაზე დართული Accountant & business advisers-ის დასკვნაში მოცემული გაანგარიშებიდან.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრისა და 2017 წლის 30 მარტის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული სს „ტ-ის“ შუამდგომლობა/საჩივარი ქონების გაყიდვის აკრძალვის გამო ამ ქონების შენახვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველუოფის თაობაზე და ამ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ტ-ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრისა და 2017 წლის 30 მარტის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული სს „ტ-ის“ შუამდგომლობა/საჩივარი ქონების გაყიდვის აკრძალვის გამო ამ ქონების შენახვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველუოფის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრისა და 2017 წლის 30 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური