საქმე № 330210015001161699
საქმე №ას-38-34-2017 1 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. დ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჯ. . დ.-იმ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ.-ის (შემდგომში – აპელანტი მოპასუხე), ქ. შ.-ისა და გ. კ.-ის (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მის სახელზე ირიცხება უძრავი ნივთი, რომელსაც უკანონოდ ფლობენ და არ ათავისუფლებენ მოპასუხეები.
3. მხარემ აღნიშნა, რომ გონივრული ვადა მისცა მოპასუხეებს ბინის დასაცლელად, თუმცა სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში წარმოედგინათ სააპელაციო საჩივარი იმაზე მითითებით, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად რას მოითხოვდნენ აპელანტები, რომელი გარემოებები და მტკიცებულებები ადასტურებდნენ მხარის მოთხოვნას. მათვე დაევალათ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, ხოლო აპელანტ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის წარდგენა, რომ იგი იღებს საარსებო შემწეობას. აპელანტებს კანონით დადგენილი წესით განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
8. 2016 წლის 9 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინეს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 59 070. ამასთან, წარმოდგენილ იქნა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერია.
9. 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას აპელანტი მოპასუხისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 10 დღით და დაევალათ ამობეჭდილი და ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის, ხოლო აპელანტ მოპასუხეს – შესაბამისი დოკუმენტის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
10. აპელანტებმა კვლავ განცხადებით მიმართეს სასამართლოს, წარადგინეს სააპელაციო საჩივარი და აპელანტი მოპასუხისათვის დადგენილი ხარვეზის ნაწილში მიუთითეს, რომ სათანადო ორგანო არ გასცემს ინფორმაციას საარსებო თანხის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის ასეთი ცნობის წარდგენის საჭიროებას არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომში – სსსკ) არ ითვალისწინებს.
11. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ მოპასუხეს დაევალა 7 დღეში წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, სახელმწიფოსაგან იღებდა შემწეობას (რაც გახდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი), წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით დანარჩენ მოპასუხეთა ნაწილში სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
12. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა აპელანტმა მოპასუხემ და მიუთითა, რომ შემწეობის მიღების თაობაზე ცნობას შესაბამისი დაწესებულება არ იძლეოდა.
13. სააპელაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, იღებდა თუ არა აპელანტის ოჯახი საარსებო შემწეობას.
14. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის მიმართვით ირკვევა, რომ აპელანტის ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილების შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა 59070 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში იყო შესული 2013 წლის 24 მაისიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღემატება საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულას და ოჯახს არ ერიცხებოდა ფულადი სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა. ამასთან, ამჟამად აპელანტის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ არის (ტ.II, ს.ფ.54).
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე, მეშვიდე ნაწილებით, 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ იღებს საარსებო შემწეობას (რაც გახდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი), ამასთან, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოუდგენია და არც უშუამდგომლია ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
16. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა დანარჩენი მოპასუხეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანუ დადგენილი აქვთ შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი მკვეთრად გამოხატული, უვადოდ. აღნიშნული საფუძვლით კანონი სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ კონკრეტულ პირს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და არა მისი ოჯახის წევრს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
18. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე მაშინ, როდესაც ერთი ოჯახის წევრ დანარჩენ აპელანტებზე შეღავათი გაავრცელა. სამივე აპელანტი ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს დაერთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
22. მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტ მოპასუხეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის წარდგენა, რომ იგი იღებს საარსებო შემწეობას. აღნიშნული ვადა აპელანტს არაერთხელ უშედეგოდ გაუგრძელდა.
23. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა აპელანტმა მოპასუხემ და მიუთითა, რომ შემწეობის მიღების თაობაზე ცნობას შესაბამისი დაწესებულება არ იძლეოდა.
24. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, იღებდა თუ არა აპელანტის ოჯახი საარსებო შემწეობას.
25. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის მიმართვით დადასტურდა, რომ აპელანტის ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილების შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა 59070 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში იყო შესული 2013 წლის 24 მაისიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღემატება საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულას და ოჯახს არ ერიცხება ფულადი სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა. ამასთან, ამჟამად აპელანტის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ არის (ტ.II, ს.ფ.54).
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
27. ამდენად, მოცემული ნორმის დათქმა კუმულაციური ხასიათისაა და სასამართლო ხარჯების გადახდისას შეღავათის გავრცელებას ითვალისწინებს თუ არსებობს ორი პირობა: 1. მხარე დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მხარე იღებს საარსებო შემწეობას.
28. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ აპელანტი მოპასუხე ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შესაბამისად, დასახელებული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, რადგან სააპელაციო პალატის მიერ პირველი ხარვეზი დადგენილ იქნა 2016 წლის 29 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2016 წლის 30 ნოემბერს. მითითებულ ვადაში აპელანტ მოპასუხეს ხარვეზის განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
31. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.
32. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სადავო საპროცესო ვადას აპელანტს ვერ გაუგრძელებდა.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე