Facebook Twitter

საქმე № 330210014573046

საქმე №ას-48-44-2017 1 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ჩ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ.-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე. ჩ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჩ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ყოფილი მეუღლის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი თანაცხოვრების პერიოდში მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად, ასევე, მის მიერ დაგროვილი თანხით საგრძნობლად გააუმჯობესა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დღეს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა აპელანტის ადვოკატმა და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 215-ე მუხლის პირველი ნაწილის, 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან ადვოკატისათვის გაცემული მინდობილობა ვადაგასულია, ამასთან, ამ უკანასკნელის განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ და, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო ახალი მინდობილობის გაცემა, არ წამოადგენს საპატიო მიზეზს. აპელანტს გონივრული ვადა და შესაძლებლობა ჰქონდა, მინდობილობა გაეცა ონლაინ რეჟიმში.

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული, არც მასზე დართული დოკუმენტები წარმოშობს სხდომის გადადების კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძველის, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია უწყება 2016 წლის 15 დეკემბერს, 14:00 საათზე სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის დაბარების შესახებ (მინდობილობა უწყების ჩაბარების მომენტისათვის ვადაში იყო), რომელიც ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს 2016 წლის 2 აგვისტოს. აღნიშნული დადასტურდა საქმეში არსებული უკუგზავნილით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს 2016 წლის 15 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ამის მიუხედავად, დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და, ავადმყოფობის გამო, ვერ ჩამოდის საქართველოში. იგი უმუშევარია, ცხოვრობს და მკურნალობს სახელმწიფო სახსრებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

15. მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას აპელანტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოქმედებისა და კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში მოცემული სააპელაციო საჩივარი არ განუხილავს. ამიტომ წარმომადგენელ პირებს დასჭირდათ აპელანტისათვის მიმართვა ახალი მინდობილობის გასაფორმებლად, თუმცა მოსარჩელე იმყოფებოდა გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ცენტრში, საიდანაც ტექნიკურად ნოტარიუსთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ამავდროულად, პროცესის დროისათვის აპელანტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მას ჩაუტარდა დამატებით ორი სტენტირება გულზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეშია წარმოდგენილი. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 368-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა აპელანტის შუამდგომლობა ახალი მინდობილობის გაფორმების მიზნით საქმის განხილვის გონივრული ვადით გადადების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

19. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 15 დეკემბერს, 14.00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყებით 2016 წლის 2 აგვისტოს ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ. 82). ამასთან, წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმეში არსებული მინდობილობით, რომელიც სასამართლო უწყების მიღების მომენტისათვის ძალაში იყო (ტომი 1, ს.ფ. 105). აღნიშნული ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

23. 2016 წლის 14 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს აპელანტის სახელით შუამდგომლობით მიმართა მისმა ყოფილმა წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ მის სახელზე გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა. აპელანტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო ახალი მინდობილობის გაფორმება და ვერც თავად ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, გონივრული ვადა მიეცეს მხარეს, რათა შეძლოს ახალი მინდობილობის გაფორმება. მანამდე კი, საქმის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

24. შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა ექიმის ოფიციალური დანიშნულება, რომლის თანახმად, აპელანტი ჰოსპიტალში იმყოფებოდა 2016 წლის 5-6 დეკემბერს. მას ჰქონდა გულის კათეტერიზაცია და აქვს ორი სტენტი.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

26. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში.

27. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის ყოფილი წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ ახალი მინდობილობის გაფორმების საჭიროების გამო, ვინაიდან მხარეს 2016 წლის 2 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე საკმარისზე მეტი ვადა ჰქონდა პროცესისათვის მოსამზადებლად და თუნდაც ახალი რწმუნებულების გასაფორმებლად. აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობა. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით საქმის განხილვის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას.

28. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაზე, რომელიც ხელს შეუშლიდა მხარეს, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და საკუთარი საპროცესო ვალდებულებების შესრულების გზით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს და გახდებოდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა.

30. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა და შესაბამისი მინდობილობა ვერ გასცა ავადმყოფობის გამო.

31. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

32. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

33. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია აპელანტის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა საქმის განხილვაზე გამოცხადებაში ან საკუთარი ინტერესების წარმომადგენლის მეშვეობით დაცვაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე