Facebook Twitter

საქმე № 330210115714134

საქმე №ას-74-70-2017 1 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ნ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ნ.-ისა (შემდგომში – მოპასუხე ფიზიკური პირი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებით.

მოპასუხეების პოზიცია:

3. მოპასუხე ფიზიკურმა პირმა სარჩელი ცნო, ხოლო პოლიციის განყოფილებას შესაგებელი არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა, ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი, რაც სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში პოლიციის განყოფილებამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია 170 ლარი (სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი – 50 ლარი), შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის გაყოფილების სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველმა განყოფილებამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა არარსებული სუბიექტის – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ნაცვლად. 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

10. მხარის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. სადავო მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს №4/2795-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შესაბამისად, პოლიციის პირველი განყოფილება წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. ამდენად, სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე პოლიცია ცნობილ უნდა იქნეს არასათანადო მხარედ.

11. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მისი ღირებულებიდან გამომდინარე, თუმცა არაფერი მიუთითა დავის საგნის საერთო ღირებულებაზე და არასათანადო მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებაზე. ფაქტობრივად, აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სადავო ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მოპასუხეებს, მათ შორის კერძო საჩივრის ავტორს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 120 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველმა განყოფილებამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტს (ტომი 1, ს.ფ. 111). განსხვავებული მოსაზრება არ გამომდინარეობდა არც სააპელაციო საჩივრის საფუძვლებიდან.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 170 ლარს, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე საგრძნობლად ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

20. ფაქტობრივ დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი ამგვარ მოთხოვნას არ შეიცავდა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ნაწილის მიმართ წარდგენილი პრეტენზიით, რომელიც სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას ეხებოდა.

21. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ პოლიცია მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების კანონიერების ფარგლებს სცდება. დასახელებულ არგუმენტზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარს სცნობდა დასაშვებად.

22. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა არარსებული სუბიექტის – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ნაცვლად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და აღნიშნულ უზუსტობას უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე