Facebook Twitter

საქმე № 330210014664193

საქმე №ას-103-96-2017 31 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. (ნ.) გ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ.-ე, ე. ქ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ქ.-ემ (შემდგომში – პირველი მოსარჩელე) და ე. ქ.-ემ (შემდგომში – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. (ნ.) გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს, აღიკვეთოს მოპასუხის მხრიდან კუთვნილი ბინით სარგებლობის ხელშეშლა, დაევალოს მოპასუხეს გადასცეს მოსარჩელეებს ბინაში შესასვლელი კარის გასაღები და აეკრძალოს ყველა მოქმედების განხორციელება, რომლითაც მოსარჩელებს შეეზღუდებათ ბინით სარგებლობა და ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, წარმოადგენენ სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეებს. მოპასუხე ხელს უშლით კუთვნილი ბინით სარგებლობაში.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინის ¼ წილი ეკუთვნის მას და მის დას, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის ამზადებენ დოკუმენტებს. თავად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2006 წლიდან მამკვიდრებლის (დედის) თხოვნით, რომელსაც უვლიდა გარდაცვალებამდე, ასევე, 1973 წლიდან ცხოვრობდა ამავე ბინაში და მითითებული იყო ბინის ორდერში, მეორე მოსარჩელეს 20 წელი არ უცხოვრია სადავო ბინაში, ხოლო პირველი მოსარჩელე 2012 წლის 23 აგვისტოს გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა კონკრეტულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად და აპელანტი მხოლოდ ზოგადი სახის კრიტიკით შემოიფარგლა.

7. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ის ფაქტები, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თითოეული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია სადავო ბინის (120.03 კვ.მ) 3/8 ნაწილი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2012 წლის 26 ივნისსა და 2012 წლის 8 ოქტომბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობები.

8. 2012 წლის 26 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდროს ნაწილის მემკვიდრედ მემკვიდრეობითი ტრანსმისიის უფლებით ცნობილი იქნა მამკვიდრებლის შვილიშვილი – პირველი მოსარჩელე.

9. 2012 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ სამკვიდროს ნაწილის ანდერძისმიერ მემკვიდრედ პირველი რიგის წრიდან ცნობილი იქნა შვილი – მეორე მოსარჩელე.

10. დაბადების მოწმობების და გვარის შეცვლის მოწმობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის მშობლები იყვნენ მამკვიდრებელი და მისი მეუღლე. სადავო ბინას ფლობს მოპასუხე, რომელიც ხელს უშლის მოსარჩელეებს საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში.

11. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმათველოს პირველი სახაზო-საპატრულო სამმართველოს ვაკის მიმართულების პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორის მიერ 2013 წლის 17 ივნისს შედგენილი ოქმით, სადაც მითითებულია, რომ სადავო ბინაში მისვლისას დახვდათ პირველი მოსარჩელე, რომელმაც განაცხადა, რომ მის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც არ უღებს ბინის კარებს და ედავება ქონებაში.

12. მითითებული გარემოება ასევე დასტურდება, თავად მოპასუხის შესაგებლის შინაარსიდანაც, სადაც მოპასუხე ადასტურებს სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს და საუბრობს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები დასახელებულ ბინაში ვერ იცხოვრებენ, რიგი მიზეზების გამო. ამ თვალსაზრისით ნიშნადობლივია თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის განმარტება, რომ, კონფლიქტური სიტუაციის გამო, მოპასუხეებმა თავი უნდა შეიკავონ ბინაში შესვლისგან და იქ ცხოვრებისგან, ვინაიდან მათი ერთად ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მართებულად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.

14. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის, 172-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო პალატამ განამარტა, რომ ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა) სადავო სამართლებრივ სიკეთესთან მიმართებით, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრებას.

15. ამდენად, ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. მოცემული სარჩელი სწორედ ნეგატორული ხასიათისაა. დასახელებული ტიპის ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი ეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში.

16. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ბინის 3/8 ნაწილი რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელის საკუთრებად, ხოლო 3/8 ნაწილი მეორე მოსარჩელის საკუთრებად, რომლებსაც, მოპასუხის ქმედების გამო, ხელი ეშლებათ უძრავი ნივთის სარგებლობაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოთხოვნა მათ სახელზე რიცხული უძრავი ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

17. მოპასუხე მხარის ის პოზიცია, რომ მასაც გააჩნია საკუთრების უფლება დასახელებული ბინის 1/8 ნაწილზე, რაც მოსარჩელეების მიერ სადავოდ არ ხდება, არ ამართლებს დასახელებულ ბინით სარგებლობაში მოსარჩელეებისათვის ხელშეშლას.

18. სსკ-ის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებშიც, როდესაც სადავო არ ხდება მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობა დასახელებული ბინის 1/8 ნაწილზე, მოსარჩელეები ზემოთ მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უფლებამოსილნი არიან, მოპასუხის მიმართ მოითხოვონ ხელშეშლის აღკვეთა, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მათ როგორც ბინის თანამესაკუთრეებს მოპასუხის მხრიდან არ ეძლევათ დასახელებული ბინით სარგებლობის უფლება. აღნიშნული კი, წარმოადგენს მოპასუხის მიერ საზიარო საგანზე სარგებლობის იმგვარ განხორციელებას, რომლითაც ზიანი ადგება მოსარჩელეების, როგორც ამ ბინის თანამესაკუთრეების სარგებლობის უფლებას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას მიუთითა სსკ-ის 170-ე მუხლზე, მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორი წარმოადგენს პოტენციურ მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით. მოპასუხე აღიზარდა და ამჟამადაც ცხოვრობს სადავო ბინაში. მხარეთა თანაცხოვრების შეუძლებლობის გამო, მან შესთავაზა მოწინააღმდეგე მხარეს ბინის რეალიზაცია, მანამდე კი, ფართში ცხოვრებისაგან თავის შეკავება.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თითოეული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია სადავო ბინის (120.03 კვ.მ) 3/8 ნაწილი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2012 წლის 26 ივნისსა და 2012 წლის 8 ოქტომბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობები.

24. 2012 წლის 26 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდროს ნაწილის მემკვიდრედ მემკვიდრეობითი ტრანსმისიის უფლებით ცნობილი იქნა მამკვიდრებლის შვილიშვილი – პირველი მოსარჩელე.

25. 2012 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ სამკვიდროს ნაწილის ანდერძისმიერ მემკვიდრედ პირველი რიგის წრიდან ცნობილი იქნა შვილი – მეორე მოსარჩელე.

26. დაბადების მოწმობების და გვარის შეცვლის მოწმობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის მშობლები იყვნენ მამკვიდრებელი და მისი მეუღლე. სადავო ბინას ფლობს მოპასუხე, რომელიც ხელს უშლის მოსარჩელეებს საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში.

27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი უთითებს, რომ წარმოადგენს იმ ფართის პოტენციურ მესაკუთრეს, რომლის ნაწილის სარგებლობაში ხელშეშლაც აღეკვეთა მოსარჩელეების სასარგებლოდ.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება).

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, რომ მოსარჩელეები სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან და მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობდნენ უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

33. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ იგი სადავო ფართის ნაწილის პოტენციური მესაკუთრეა, ვინაიდან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად დაასაბუთა, აღნიშნული ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ბინით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთაზე.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 26.10.2016წ. №ას-843-809-2016) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. (ნ.) გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური