საქმე № 340210016001337005
საქმე №ას-125-117-2017 24 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ბ.–ი, მ. ბ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. უ.–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. უ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ.–ისა და მ. ბ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სესხის სახით 11900 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს ასესხა თანხა სარგებლის დარიცხვით, თუმცა მათ თანხა არ დაუბრუნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11900 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს განემარტათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. აპელანტთა შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით.
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ და დაადგინა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ დასახელებულ მისამართზე და 2016 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-74-ე მუხლების დაცვით, ჩაბარდა ადრესატების რძალს. აღნიშნული დადასტურდა მიმღები პირის ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტებს განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებიათ. შესაბამისად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
9. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მათ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი და ვერ წარადგინეს აღმასრულებლის მიერ მათი ანგარიშების დაყადაღების ამსახველი დოკუმენტი. აღნიშნულის დასამტკიცებლად კერძო საჩივარს განმეორებით დაერთო შესაბამისი მტკიცებულებები – საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
10. მოპასუხეების მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ შეცდომაში შეიყვანა და თანხმობა გამოთქვა, გამოეტანა სარჩელი, თუ მოპასუხეები არ წარადგენდნენ შესაგებელს და თანხის გადახდა მოხდებოდა დროის განმავლობაში. ისინი დასთანხმდნენ და შესაგებელი სასამართლოში არ შეიტანეს, თუმცა მოსარჩელემ დანაპირები არ შეასრულა.
11. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ არასწორად გამოიყენა მათ მიმართ ვალის აღიარების ხელწერილი. ფაქტობრივად სესხი აღებულ იქნა მცირე თანხებით. მისი მოთხოვნით უსაფუძვლოდ დაედო ყადაღა მოპასუხეთა უძრავ ქონებას, რის შედეგად მხარე ვერ იღებს კრედიტს ბანკში და ვერ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 476 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
17. აპელანტებმა კვლავ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების, მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ, რის საფუძვლად მიუთითეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს ცნობაზე ერთ-ერთი მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების გაწილვადების შესახებ.
18. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების, მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად ვადა 7 დღით გაუგრძელდეთ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
19. საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილიდან და უკუგზავნილიდან ირკვევა და კერძო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მისამართზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით და 2016 წლის 10 დეკემბერს აპელანტისათვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს, – რძალს (ს.ფ. 121). სასამართლო გზავნილის ჩაბარება დადასტურებულ იქნა მიმღები პირის ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის პირადი ნომრის მითითებით.
20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
21. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
22. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი მესაკუთრე აპელანტის არყოფნისას ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტების მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2016 წლის 10 დეკემბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 11 დეკემბრიდან და ამოიწურა 19 დეკემბერს (17-18 დეკემბერი იყო დასვენების დღე).
23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ის არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
25. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით სსსკ-ით გათვალისწინებული შეღავათები აპელანტების მიმართ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 46-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
27. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა ამგვარი უტყუარი მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია. ზემოაღნიშნული კახეთის სააღსრულებო ბიუროს ცნობიდან, აგრეთვე, კერძო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან აპელანტების გადახდისუუნარობა სარწმუნოდ არ დასტურდება, შესაბამისად, კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობდა.
28. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა მოსარჩელის მოთხოვნით, რადგან ეს უკანასკნელი შეჰპირდა, სარჩელის გამოტანას და დავალიანების გადახდის განაწილვადებას.
29. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ამ და კერძო საჩივარში მოყვანილ დავის არსებით გარემოებებზე ვერ იმსჯელებს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ნდობის გამოვლენისა და აღნიშნულ საფუძველზე სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობისას, ამგვარი ქმედებისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის რისკი ამავე მხარეს ეკისრება.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ.–ისა და მ. ბ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე